1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში ვიტალი დარასელიას მიერ გატანილმა გამარჯვების გოლმა და თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა!
ხოხობთან ერთად დაბადებული თბილისელი არ ვარ, მაგრამ ათეულ წელზე მეტია, ამ დალოცვილ ქალაქში ვსახლობ და თუ ვინმე მეტყვის, დაასახელე რამდენიმე თანამედროვე პიროვნება, რომლებთანაც შენთვის თბილისი ასოცირდებაო, ერთ-ერთ პირველს აუცილებლად ვიტყვი დემიკო ლოლაძეს – ცნობილ ჟურნალისტს, ფოტოგრაფს, ქართული ფეხურთის მემატიანეს. დემიკო ლოლაძე დიდი კაცია. ჩუმი მოღვაწეა. აი, ისეთი, ზედმეტი აფიშირებისა და თავგაბეზრების გარეშე რომ აკეთებს თავის საკეთებელს. დემიკო ლოლაძე ჩემთვის ეტალონია – ქალაქელობის, კაცობის, თავმდაბლობის, სინდისიერების ეტალონი. დემიკო ლოლაძეს უკვე დაბევებული აქვს თავისი ღირსშესანიშნავი ადგილი საქართველოს ისტორიაში, რადგან ბედმა და გარემოებამ მას ერთადერთს არგუნა უდიდესი მისია – ფირზე აღებეჭდა ქართული ფეხურთის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამარჯვება – 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფი, როცა თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა და თასების მფლობელთა თასს ჩვენს დედაქალაქში დაუდო ბინა. 13 მაისი დღესასწაულია არა მარტო ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის, არამედ სრულიად ქართველი ერისთვის, დემიკო ლოლაძე კი ამ დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა. მას სულ რამდენიმე დღეში, 2014 წლის 3 აპრილს, 70 წელი შეუსრულდება. დღეს კი დემიკო ლოლაძე „ასავალ-დასავალის სტუმარია.
– ბატონო დემიკო, უპირველეს ყოვლისა, „ასავალ-დასავალის“ მთელი რედაქციის სახელით გილოცავთ 70 წლის იუბილეს...
– დიდი მადლობა, ჩემო ჯაბა, დიდი მადლობა მთელ თქვენს კოლექტივს, პირველ რიგში, ლაშა ნადარეიშვილს! მადლობა,რომ სულ გახსოვართ და არც ჩემი 70 წლის იუბილე დაგავიწყდათ. როგორც უმცროს ძმებს,ისე გიყურებთ და ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიყვარს „ასავალ-დასავალი“,რომლითაც ჩემი ყოველი ორშაბათი იწყება.
– გაიხარეთ...
– ნამდვილად არ მეგონა, 70 წლამდე თუ მივაღწევდი, მაგრამ დღეს ისეთივე განწყობა მაქვს, როგორიც 20-30 წლის წინათ. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში ვიტალი დარასელიას მიერ გატანილმა გამარჯვების გოლმა და თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა!
წარმოიდგინეთ, მთელი საბჭოთა კავშირიდან არცერთი ფოტოკორესპონდენტი არ იყო წარგზავნილი დიუსელდორფში და მე აღმოვჩნდი ერთადერთი, რომელმაც მოყვარულის დონეზე გადავიღე ეს ისტორიული მატჩი.
– ისე, საინტერესოა, ერთი ფოტოგრაფი მაინც რატომ არ გაუშვეს?
– რუსებს იმედი არ ჰქონდათ,რომ თბილისის „დინამო“ გაიმარჯვებდა და თავი არ შეიწუხეს...
ჩემი გადაღებული კადრები რომ ჩამოვიტანე, ფოტოგრაფმა ბონდო დადვაძემ, ღმერთმა აცხონოს, მითხრა, კარგი ფოტოებია და ხალხთა მეგობრობის მუზეუმს ჩააბარეო, მაგრამ მაგის ჩამბარებელი ვიყავი?!
– ბატონო დემიკო, ქართული ფეხბურთის ისტორიასა და დიდ ქართველ ფეხბურთელებს არაერთი წიგნი მიუძღვენით..
– დიახ, 48-ე წიგნი გამოვუშვი ახლახან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ წიგნების ავტორი გავხდებოდი, ვიქნებოდი მწერალთა კავშირის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, მხატვართა კავშირის წევრი, დავით აღმაშენებლის, იაკობ გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის, ნიკო ნიკოლაძისა და სერგი მესხის პრემიების ლაურეატი. რაღაც მაინც გავაკეთე ცხოვრებაში, ჩვენს დიდ ფეხბურთელებს ძეგლი დავუდგი.
– როგორ ფიქრობთ, 1981 წლის 13 მაისის მსგავს დიდ გამარჯვებას როდისმე მიაღწევს ქართული ფეხბურთი?
– მსგავს გამარჯვებას მე რომ ვერ მოვესწრები, ეს ვიცი, მაგრამ ღმერთმა ქნას, ჩემი შვილები და შვილიშვილები მაინც მოესწრონ!
ძალიან ცუდად ვხდები, როცა ქართული გუნდების თამაშზე ცარიელ სტადიონს, უკაცრიელ ტრიბუნებს ვუყურებ!
მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასადმი. ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ უკვე მესამე წიგნი გამომიცა, პირდაპირ მითხრა, თქვენ ქართულ საქმეს აკეთებთ და ყოველთვის მზად ვარ, გვერდით დავუდგე ნებისმიერ ქართულ საქმესო. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს ეს კაცი ქართული ფეხბურთისათვის.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ფიფადან და უეფადან გამოყოფილი ფული სახლში არ მიაქვს და ქართულ ფეხბურთს ახმარს!
მინდა, ისევ მოვესწრო სავსე სტადიონს, მინდა, ფეხბურთის მატჩებზე ბილეთი არ იშოვებოდეს! ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული!
– ბატონო დემიკო, გარდა იმისა, რომ თქვენს საყვარელ საქმეს ემსახურებოდით, მოქალაქეობრივ პოზიციასაც აქტიურად გამოხატავდით და პირადად ვარ მომსწრე, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული თითქმის არცერთი საპროტესტო აქცია არ გამოგიტოვებიათ. დღეს პოსტსააკაშვილისეულ საქართველოში როგორ გრძნობთ თავს?
– მადლობის მეტი რა მეთქმის ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც ეს ჭირი მოაშორა საქართველოს, მაგრამ, გულახდილი უნდა ვიყო, უკმარისობის გრძნობა მაქვს და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს.
არც ის მომწონს, რომ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები გაბერილები და გაბღენძილები დადიან. „უნახავმა რა ნახა“ დაემართათ! მხოლოდ მერაბიშვილი და ახალაია სხედან ციხეში, არადა, 50 კაცი მაინც არის დასაჭერი ნაციონალებიდან! ნერვები მეშლება, როცა ეს დამნაშავეები კიდევ აქეთ დაგვცინიან, ბარამიძეები, მაჭავარიანები, გოგორიშვილები ჭკუას რომ გვარიგებენ, ეს მაგიჟებს!
ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულობის იმედი მაქვს! სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებამ ხალხს იმედის ნაპერწკალი დაუბრუნა, რომ სამართლიანობა აღდგება!
P. S. ძვირფასო მკითხველო, კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ დემიკო ლოლაძეს 70 წლის იუბილეს და თქვენი სახელითაც ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ მოღვაწეობას. და კიდევ, შვილის 70 წლის უბილეს ვულოცავ ბატონი დემიკოს დედას, 90 წელს გადაცილებულ საოცარ ქალბატონს, არისტოკრატ და უსათნოეს ქართველ ქალს თინათინ კანდელაკს, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ერთგული მკითხველია და რომლისგანაც პირადად მე უდიდეს სითბოს ვიღებ!
ღმერთმა მრავალ ბედნიერ დღეს მოგასწროთ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
31. 03. 2014 წ.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“