reportiori.ge - მეტროსადგურ "სამგორთან" ჩაცხრილული ბიჭების ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მეტროსადგურ "სამგორთან" ჩაცხრილული ბიჭების ისტორია
ავტორი:
05 აპრილი, 2014. 19:27

იუსტიციის სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შესულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდობით, ქეთევან წამებულის გამზირზე, მეტროსადგურ სამგორთან, ექვსმა სპეცრაზმელმა 87 ტყვია ესროლა სამ ახალგაზრდას. მათ შორის ორს საკონტროლო ტყვიები ჰქონდა დახლილი.



2006 წლის 12 იანვარს, მეტროს სადგურ "სამგორთან" ჩატარებული სპეცოპერაცია ძალიან ჰგავს ამ ხელისუფლების დროს მომხდარ გახმაურებულ და გამოუძიებელ საქმეებს, რაზეც ქვემოთ დეტალურად მოგითხრობთ.

ამ შედარებით გაუხმაურებელი სპეცოპერაციით ორგანიზაცია "დაიცავი სიცოცხლე!"-ს დამფუძნებლები: სპეცრაზმის მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი; პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და ასევე პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე დაინტერესდნენ და აჭარაში, მოკლულების ოჯახებს ესტუმრნენ.

როგორც თავად განმარტავენ, მათი მიზანია, ცოცხლად დარჩენილი ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად, იმ ოჯახების გარშემო საზოგადოების გაერთიანება, ვისაც უდანაშაულო შვილები, ძმები, მამები ჩაუხოცეს.

პრესა.გე შვილმოკლული მამების ნაკვალევს გაჰყვა და მოკლულთა ოჯახების წევრებს აჭარაში შეხვდა და ესაუბრა. ამ მასალაში წაიკითხავთ ელენე თევდორაძის კომენტარს (რომელიც იმჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო), თუ როგორ ევედრებოდნენ დაჩოქილი ახალგაზრდები ნიღბიანებს, ნუ დაგვხოცავთ, დაგვაპატიმრეთო. პრესა.გე ასევე შეხვდა და ესაუბრა ა/ო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატს ლაშა ჭინჭარაულს, რომელიც სურმანიძეებისა და ართმელაძეების ინტერესებს იცავს.

ოფიციალური ვერსიით, ავტომატით შეიარაღებული 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე, პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, ციხეზე თავდასხმას გეგმავდნენ, იმისთვის, რომ პატიმრობიდან გორგაძის უფროსი ძმა, რუსთავის №1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძე გაეთავისუფლებინათ და ეს "კალაშნიკოვის" ტიპის 3 ავტომატით უნდა გაეკეთებინათ - ღობის იქით ავტომატები უნდა გადაეგდოთ, პატიმრები აიღებდნენ, "ვიშკიორს" შეაშინებდნენ, მერე მავთულხლართებით შემოვლებულ, 3-4-მეტრი სიმაღლის ღობეზე (რომელშიც სიგნალიზაცია გადის) აძვრებოდნენ და თუ გაუმართლებდათ, მიიმალებოდნენ.

"სამგორთან" დახოცილთაგან, არც ერთი წარსულში ნასამართლევი და რაიმე დანაშაულში შემჩნეული არ ყოფილა. სამივენი ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ; სარფის საბაჟოდან თურქეთში დროდადრო გადადიოდნენ და ფიზიკურად შრომობდნენ. პარალელურად, ორი მათგანი - ართმელაძე და სურმანიძე ბათუმში, მემედ აბაშიძის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიურზე სწავლობდნენ. მათ შორის ყველაზე პატარა - 17 წლის მურად გორგაძე, დაოჯახებული, მცირეწლოვანი შვილის მამა იყო.

იუსტიციიდან კუდ-ში შესული ოპერატიული ინფორმაციისა და სპეცოპერაციის მეორე დღეს დაკითხული ერთ-ერთი პატიმრის, დავით ლექვთაძის ჩვენების გარდა, სისხლის სამართლის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რამაც წინასწარი გამოძიების ვერსია შეიძლება გაამყაროს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩატარებული სპეცოპერაცია გაამართლოს.

ოფიციალურ ვერსიას მოკლულების მშობლები კატეგორიულად არ იზიარებენ; ისინი მიიჩნევენ, რომ მათი უდანაშაულო, შრომისგან ხელებდაკოჟრილი შვილები, სხვების დასაშინებლად, ციხეზე შემდგომი ზეწოლის მიზნით ჩაცხრილეს. მათი აზრით, სანამ ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ახალაიები იქნებიან, სიმართლე არ გაირკვევა, რადგან ამ ქვეყანაში კანონი მორყეულია და სამართალი არ არის.

- "ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც გამოძიება ამბობს, მაშინ მთელ ოჯახს დაგვაპატიმრებდნენ. ელემენტარულად, სახლის გასაჩხრეკად არ მოსულან. იქნებ, სახლში რას ინახავდა ჩემი შვილი?! მაგრამ საბაბი არ ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ვერაფერს ნახავდნენ და არ მოვიდნენ", - ამბობს რომან სურმანიძის დედა, ფატი ბერიძე.

რომან სურმანიძემ, მარად ართმელაძემ და მურად გორგაძემ სარფის საბაჟო უკანასკნელად 2005 წლის 21 დეკემბერს გადმოკვეთეს. "თურქეთში ჩემთან ერთად დადიოდნენ. ყველანაირ საქმეს ვაკეთებდით - მშენებლობაზეც ვმუშაობდით, ჩაისაც ვკრეფდით და ტყესაც ვჩეხავდით. ეს სამი ბავშვი რომ ჩახოცეს, ხელზე დიდი კოჟრები ჰქონდათ. ჩემი შვილი სწავლის პარალელურად ბათუმში, ხის ხელოსნის დამხმარედ მუშაობდა. მე და ჩემს მეუღლესაც გვეხმარებოდა ხოლმე, ბაზარში ერთად ვიდექით და ვვაჭრობდით", - ამბობს რომან სურმანიძის მამა ოთარ სურმანიძე.

ახალ წელს რომანი, მურადი და მარადი ციხისძირში, სურმანიძეებთან შეხვდნენ. "სუფრაზე გადაწყვიტეს, რომ ძველით ახალ წელი მარად ართმელაძის ოჯახში აღგვეღნიშნა, ოღონდ მანამდე წალკაში, ბავშვების მოსანათლად უნდა ჩავსულიყავით. მარადი მუსულმანური წესით ბავშვებს ნათლავდა. ბიჭებს ფული აღარ ჰქონდათ. თქვეს ორ კაპიკს გავაკეთებთ და მერე ხულოში, მარადთან ვიქეიფოთო. წალკაში მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ აგრონომიული ტექნიკუმიდან დამირეკეს, პირველი სემესტრის გამოცდა მქონდა გადასაბარებელი და წალკაში ვეღარ წავედი. ჩემი ძმა და მისი მეგობრები 9 იანვარს გავაცილე", - იხსენებს რომანის უფროსი ძმა, როინ სურმანიძე.

ბავშვების მუსულმანური წესით მონათვლა (წინადაცვეთა) მარადს ბაბუამ, ზუხდი ართმელაძემ ასწავლა. მარადი პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებში ჩადიოდა, თითო ნათლობაში 20-30 ლარს უხდიდნენ. ამ საქმიანობით მოგროვებულ თანხას, ისევე, როგორც თურქეთიდან ჩამოტანილ დანაზოგს მამას, მიხეილ ართმელაძეს აბარებდა:

- "სკოლა წარჩინებით დაამთავრა და გამოგვიცხადა, სტომატოლოგობა უნდა ვისწავლოო. წინ ვეღარ დავუდექი. სწავლობდა და თან ბაბუამისისგან ნასწავლი ხელობით ირჩენდა თავს და ოჯახსაც ბევრ რამეში ხელს უწყობდა. მითხრა, წალკაში მურად ართმელაძის სიმამრის ოჯახში ჩავალთ, იქ რამდენიმე ბავშვი ჩვენებურადაა მოსანათლი, ორ კაპიკს გავაკეთებო. თან დიპლომატი წაიღო, რომელიც ნათლობის დროს სულ თან დაჰქონდა; მასში ერთ მხარეს თეთრი ხალათი ედო, მეორე მხარეს - წამლები და სანათლავი ინსტრუმენტი. ჩემს შვილს 12 იანვარს ტელეფონით, რომ ველაპარაკე, წალკიდან წამოვედით, ახლა თბილისში შემოვდივართ და დილით ბათუმში ვიქნებითო, - მითხრა. ლამაზ ხასიათზე იყო. აღარ შევხმიანებივარ, მშვიდად ვიყავი".


მშვიდად იყვნენ რომან სურმანიძისა და მურად გორგაძის ოჯახებიც. 12 იანვრის სპეცოპერაციის შესახებ მათ 13-ში საღამოს, ძველით ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელევიზიით შეიტყვეს. ამ დროს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, რომანის ოჯახში სუფრა იყო გაშლილი, რომლის გარშემო ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლებიც ისხდნენ. მურადის დედა, ჩაძინებული ნარგიზ გორგაძე რძალმა გააღვიძა და საშინელი ამბავი შეატყობინა - "მურკა აღარ არისო". ართმელააძეები ტელევიზორთან ისხდნენ და საახალწლო გადაცემებს უყურებდნენ, ოღონდ არა იმ არხზე, რომელზეც მეტროსადგურ სამგორთან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გადმოსცეს. ისინი მეზობლებმა და ნათესავებმა ბათუმში (და იქიდან, მიცვალებულის გადმოსასვენებლად თბილისში) მოტყუებით ჩაიყვანეს.

მოგვიანებით მიხეილ ართმელაძემ საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკაში" გასული ელენე თევდორაძის კომენტარიდან შეიტყო, რომ მისი შვილი, მეგობრებთან ერთად დაჩოქილი იყო და ნიღბიან სპეცრაზმელებს ევედრებოდა ნუ მოგვკლავთო. ელენე თევდორაძე პრესა.გე-სთან საუბრისას, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის თვითმხილველის მონაყოლს ასე იხსენებს:

"იმ პერიოდში ჩემთან მიღებაზე ძალიან ბევრი მოდიოდა". "ალბათ უნდა მიხაროდეს, რომ დააპატიმრეს და არ მოკლესო", - მითხრა ერთ-ერთმა მოსულმა, ვისი შვილიც დაპატიმრებული იყო და ეს ამბავი მოაყოლა: "როცა სპეცრაზმელები მათთან მივიდნენ, ბიჭებმა დაიჩოქეს და ეხვეწებოდნენ - დაგვაპატიმრეთ, ნუ გვესვრითო". ამ ადამიანის ვინაობა მაშინ შეიძლება ვიცოდი, მაგრამ როცა მიღებაზე დღეში 40-50 ადამიანი მოდის, მერე დაიმახსოვრებ, ვინ იყო და რა იყო?!"

სს საქმის მასალების მიხედვით, რომელიც პრესა.გე-ს ადვოკატმა ლაშა ჭინჭარაულმა გააცნო, შემთხვევის ადგილიდან 92 მასრა და ერთი ტყვიაა ამოღებული და აქედან მხოლოდ ხუთია იდენტიფიცირებული - 4 იმ ავტომატიდან, რომელიც მურად გორგაძის ცხედრის გვერდით იდო და ერთი ნასროლია რომან სურმანიძის ცხედრის გვერდით აღმოჩენილი ავტომატიდან (მასრა თავად ავტომატის მექანიზმში იყო გაჭედილი).

ადვოკატის თქმით, მარად ართმელაძის ცხედრის გვერდით დადებული ავტომატიდან გასროლილი საერთოდ არ არის. ამასთან, დანარჩენი 87 მასრის იდენტიფიკაცია არ მომხდარა და საქმეში არ ჩანს სპეცრაზმელებიდან ვის რა იარაღი ეწერა, რა ნომრით და ვინ რამდენი ისროლა. მხოლოდ ისაა მითითებული, რომ ექვსნი იყვნენ, ერთს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილს, "ჩეზეს" ტიპის იარაღი ჰქონდა, ხოლო დანარჩენებს "კალაშნიკოვები" ეჭირათ.

სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები, ფსევდონიმებით: "დათო", "შაქრო", "ჯონი", "გოგა", "ოლეგი" და "გუჯა" მომხდარიდან წელიწადნახევრის შემდეგ დაიკითხნენ. სს საქმის მასალებში "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატმა ვერ იპოვა იუსტიციის სამინისტროდან კუდ-ში შესული ის ოპერატიული წერილი, რომლის საფუძველზეც სპეცოპერაცია ჩატარდა:

"ამასთან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში წერია: გვამი №1, გვამი №2, გვამი №3. ანუ გვარები არ იცოდნენ. სპეცრაზმელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ დახოცეს. საბუთები სამიდან ერთს, რომან სურმანიძეს ჰქონდა".

- "რომელ ავტომატზე მელაპარაკებით?! ან როგორ, რა ფულით უნდა ეყიდათ ავტომატები? სამივე პატიოსანი ბაღანა იყო. ჩემი შვილი ღამით გარეთ ვერ გადიოდა და ციხეზე თავდასხმას როგორ გაბედავდა?! რაც წამოიზარდა, მას შემდეგ ჩვენთან ერთად შრომობდა - ბაზარში იდგა და ხილ-ბოსტნეულს ყიდდა. მურადი რომ მომიკლეს, ბათუმში მთელი ღორჯომი ჩამოვიდა - დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. 6 კლასის განათლება მურადიმ ღორჯომში მიიღო და ყველა, როგორც წესიერ, შრომისმოყვარე ბავშვს, ისე იცნობდა", - გვითხრა მურად გორგაძის დედამ, ნარგიზ გორგაძემ.

- "ჩვენი შვილების ასე უმოწყალოდ ჩახოცვა სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ახალაიებმა ციხეზე (სადაც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ბუნტი მოეწყო) ზეწოლისთვის გამოიყენეს და თან ხალხი დააშინეს. სხვას ვერაფერს ვფიქრობ", - აცხადებს რომან სურმანიძის მამა. იგივე პოზიცია აქვს მარად ართმელაძის მამას.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტყვიების ტრაექტორია ზემოდან ქვემოთ მიდის, მაშინ, როცა "დათო", "შაქრო", "ჯონი", "გოგა", "ოლეგი" და "გუჯა" ჩვენებაში წერენ, რომ დაწოლილები ისროდნენ, რადგან ცეცხლი პირველად თავად არ გაუხსნიათ.

- "მე ზედა ბეღლეთში მხარზე ავტომატი, რომ გადავიკიდო, ხულოდან იმ წუთში ამოვლენ, გამკოჭავენ და ხელბორკილს დამადებენ. ისმება კითხვა - რაფერ გეიარა ჩემმა შვილმა თბილისში ავტომატით შეიარაღებულმა?" - ამბობს მარად ართმელაძის მამა.

ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მარად ართმელაძეს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი - 2 მარჯვენა ყურის ქვეშ, 3 მარცხენა მუხლში, უკნიდან. რომან სურმანიძის ცხედარი 20-30 მეტრის მოშორებით იყო. საქმის მასალებზე დაყრდნობით, ადვოკატი ამბობს, რომ დაჭრილმა გაქცევა სცადა, მაგრამ ტყვიები დაეწია. სურმანიძეს 5 ტყვია მოხვდა. აქედან 2 თავში, 1 ბარძაყში, 1 მარჯვენა მკლავში და 1 მარჯვენა იღლიასთან, ბეჭში. მურად გორგაძეს 1 ტყვია თავში, უკნიდან მოხვდა, 1 კისერში, 1 ბარძაყში, 2 ტანში, 5 მარჯვენა ხელში.

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (შეიარაღებული წინააღმდეგობა) იმავე დღეს დაიწყო. სს საქმეში "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ჩართვის შემდეგ, 2007 წლის 18 ივნისს ცალკე წარმოებად გამოიყო სს საქმე, კუდ-ის თანამშრომლების მიერ "დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე", მაგრამ ეს საქმე ზუსტად ერთ კვირაში შეწყდა, რადგან დაადგინეს, რომ "დათოს", "შაქროს", "ჯონის", "გოგას", "ოლეგს" და "გუჯას" აუცილებელი ზომებისთვის არ გადაუცილებიათ.


საქართველოში შესაბამისი სასამართლო ინსტანციების გავლის შემდეგ, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" სარჩელი ევროსასამართლოში გაგზავნა, სადაც საქმე წარმოებაში 2008 წლის 13 მარტს მიიღეს და შესაბამისი ნომერი მიანიჭეს. ამ საქმეზე მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერაით" აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთშია.



 (ნინო მიქიაშვილი, 2009 წლის 23 სექტემბერს გამოქვეყნებული მოკვლევა)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016