reportiori.ge - რუსთაველი მანიაკის ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:56
სხვადასხვა
რუსთაველი მანიაკის ისტორია
ავტორი:
06 აპრილი, 2014. 19:14



გაზეთი „კვირის პალიტრა“ არქივიდან 2001 წლის სტატიას აქვეყნებს, სადაც რუსთაველი მანიაკის შესახებ არის მოთხრობილი.

 

რუსთავში განხორციელებულ გახმაურებულ მკვლელობებს ადგილობრივი პროკურატურა გახსნილად აცხადებს. „რუსთაველი მანიაკის მოღვაწეობა დასრულდა“, - ამბობენ გახარებული სამართალდამცველები. თუმცა ამ სიხარულს მიღმა დარჩა ექვსამდე მოხრჩობილი და გაუპატიურებული მცირეწლოვანი თუ სრულწლოვანი ქალი, და კიდევ, თავის დროზე „რუსთაველ მანიაკად“ შერაცხული, ციხეში შეურაცხყოფილი და ყურჩამოთლილი პაატა სხირტლაძე, რომელმაც თავის დროზე ასევე აღიარა გოგონების მკვლელობა.

 

ამჯერად „რუსთაველ მანიაკად“ გამოძიება ასახელებს ფრიდონ პირტახიას, რომელიც გასულ კვირას, 12 ნოემბერს, მარტვილის რაიონში დააკავეს. პირტახიამ ექვსი გაუხსნელი მკვლელობა აღიარა, მაგრამ თბილისში, #5 საგამოძიებო იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, შაბათ დილას თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამართალდამცველთა თქმით, მან „ბრიტვით“ ვენები გადაიჭრა.

 

ძნელი სათქმელია, რამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდება „ახალი რუსთაველი მანიაკი“, თუმცა რუსთავის პროკურორის თანაშემწე ნუგზარ კანდელაკი გადაჭრით აცხადებს, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობები გახსნილია. ფრიდონ პირტახიამ რუსთავში მომხდარი ექვსივე მკვლელობა აღიარა:

 

1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე, რომლის გვამი გადამალა „აზოტის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.

 

1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს, რუსუდან ვაჩიბერიძე-კიკალიშვილს.

 

2000 წლის 2 ივლისს პირტახიამ გარდაბნის რაიონში, ზოოვეტინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებულ საინკუბატორო საამქროს სპეციალურ საცავში გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 21 წლის სოფო კუბლაშვილი.

 

2000 წლის 29 მაისს რუსთავში, მე-2 მიკრორაიონში მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულზე მან გააუპატიურა და შემდგომ დანით მოკლა 28 წლის მარინა გრიდნევა.

 

2000 წლის 29 ივლისს რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, მოკლა 35 წლის მარინა იმერლიშვილი. გვამი დააგდო იქვე, მინდორში მდებარე სანაგვესთან.

 

2000 წლის 15 ივლისს პირტახიამ რუსთავში, თავის ბინაში, დანით მოკლა 43 წლის მზია ხუციშვილი.

 

მკვლელი ერთნაირი ხელწერით მოქმედებდა. ბრეგვაძე მავთულითა და ხალათის ქამრით მოახრჩო, მანაშვილი - „კოლგოტის“ ჩამონახევითა და თოკით. ხუციშვილს დანა დაარტყა, თუმცა შემდეგ ბიუსტჰალტერის სარტყლით მოახრჩო...

 

გარკვეული დროის განმავლობაში მანიაკი აღარ ჩანდა. იგი კვლავ გამოჩნდა აპრილში დაბა მარტვილში, სადაც ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა მცირეწლოვანი ბავშვი და შეეცადა სექსუალურ ძალადობას. ამჯერად შემთხვევით შესწრებულმა დაუდგენელმა პიროვნებამ კივილი ატეხა და მანიაკმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.

 

11 ნოემბერს, მანიაკი ისევ გამოჩნდა. ის სკოლიდან გამოსულ 13-14 წლის და-ძმას „დაესხა“ თავს. პირველად ვინაობა გამოჰკითხა. შემდეგ მუქარით აიძულა, ტყის მასივისკენ გაჰყოლოდნენ. შეშინებული ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ მოძალადეს. მორიგი მსხვერპლით კმაყოფილ პირტახიას ძმისთვის უთქვამს: „ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებო“. პატარების თქმით, მანიაკი რაღაც მომენტში წაიქცა და მათ გაქცევა მოახერხეს. ბავშვებმა ისიც უთხრეს გამოძიებას, რომ მოძალადეს მარცხენა მტევანზე ოთხი თითი არ ჰქონდა.

 

ოპერატიული გამოძიების შედეგად, მარტვილში, დანაშულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს რამდენჯერმე ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობისთვის, გაგრიდან იძულებით გადაადგილებული, რუსთავში, მე-9 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მცხოვრები ფრიდონ პირტახია. გამოძიების თქმით, პირტახია დაკავების მომენტში უარყოფდა ჩადენილს, მაგრამ როდესაც და-ძმა დაუპირისპირეს, ამის შემდეგ მან მარტვილში ჩადენილი ორი ფაქტიც აღიარა.

 

ელგუჯა ჯამბურია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი. ხელმძღვანელობდა დაკავების ოპერაციას): „ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი ახსოვს. რომელი მსხვერპლი საიდან წამოიყვანა, რა ეცვა... ფეხსაცმელიც კი ახსოვს! ფაქტობრივად, აღიარა 6 მკვლელობა. ექვსივე - ქალია. მისი თქმით, მათ შორის 5 გააუპატიურა“.

 

როდესაც გამომძიებელმა პირტახიას ჰკითხა, რატომ აკეთებდი ამასო, უპასუხა: „როცა ფხიზელი ვარ, ნორმალურად ვარ, როცა სასმელს დავლევ, სისხლი მწყურიაო...“

 

ფრიდონ პირტახია 1987 წელს გაგრაში ქურდობისთვის დაიჭირეს. სასჯელს იხდიდა ქალაქ ულან-უდეში. გათავისუფლების შემდეგ ფოსტაში კლავს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ტელეფონზე დასარეკად არ შეუშვა. ამის შემდეგ იგი 1998 წლამდე ციხეშია. 1998 წელს ჩამოდის რუსთავში, ყიდულობს ბინას და ცხოვრობს მარტო. ბოლო პერიოდში ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. გაყრილია მეუღლესთან და ჰყავს 14 წლის გოგონა...

 

„რუსთაველი მანიაკი“ დღეს მკვდარია. მიუხედავად იმისა, რომ აღიარების შემდეგ აცხადებდა, თავს მოვიკლავო, სამართალდამცველებმა მაინც ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება და პრაქტიკულად, ბევრი დეტალი გამოძიებისთვის მაინც გამოუცნობი დარჩა“, - წერდა გამოცემა.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016