ტრაგიკული 90-იანი წლებიდან, სახიფათო პოლიტიკურ თამაშებამდე
ყოველთვის ამბიციური, პოლიტიურად არასაიმედო, მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული და, უბრალოდ, სახიფათო – ასე შეიძლება მოკლედ ირაკლი ალასანიას დახასიათება. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკანდალია.
90-იან წლებში პოპულარული რომ ყოფილიყავი, ხელში იარაღი უნდა გჭეროდა, ჯიბეში „მხედრიონის“ ბილეთი გდებოდა და კრიმინალურ გარჩევებშიც უნდა მიგეღო მონაწილეობა. ანუ აგრესიული, დაუნდობელი და სასტიკიც უნდა ყოფილიყავი. „მხედრიონის“ რიგები ასეთი „პოპულარული“ ბიჭებით სავსე იყო. სწორედ მაშინ იწყება ირაკლი ალასანიას პოპულარობაც.
„კულინართა საძმოს“ წევრობა, სამწუხაროდ, მის ანგარიშზე ყველა იმ შემზარავ კრიმინალურ ისტორიას აგროვებს, რომელიც ამ საძმოს უკავშირდება. და უკვე სულერთი ხდება, რომელიმე კრიმინალში – ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობა – მონაწილეობდა თუ არა ის უშუალოდ. ამ დაჯგუფების წევრობით ალასანიამ ეს პასუხისმგებლობა მთლიანად გაიზიარა. თუმცა მისი მისამართით კონკრეტული ბრალდებაც დღემდე ისმის. ალასანიას ღიად ადანაშაულებენ კუტუზოვის ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის – რეხვიაშვილის მკვლელობაში. მოკლულის დედა ირწმუნება, რომ ამ მკვლელობის თვითმხილველები არიან.
90-იანი წლების პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მაშინ ეს საქმე იგორ გიორგაძემ ჩაფარცხა და ახალგაზრდა ბიჭს ბიოგრაფია „გაუსუფთავა“, შემდეგ კი თავისთანაც წაიყვანა შეიარაღებულ ფორმირება „დელტაში“.
პირველად ალასანიას კონტრაბანდასთან მაშინ ექნებოდა შეხება. მაშინ ყველამ იცოდა, რომ უშიშროება სიგარეტისა და ნავთობის ბიზნესს კრიშავდა. შეიარაღებული „დელტა“ და „ომეგა“ კი ამ ტვირთების დაცვისთვისა და კონკურენტების ჩამოშორებისთვის სჭირდებოდა.
ალასანიამ სერიოზული გამოცდილება მიიღო „კულინარებში“, სადაც მას კრიმინალთან ჰქონდა შეხება და შემდეგ უკვე უშიშროებაში, სადაც ის კონტრაბანდასთან ურთიერთობას აითვისებდა.
და არავინ იცის, სად გადაუხვევდა ირაკლი ალასანია, მისი მამის ტრაგიკული სიკვდილი რომ არა. ახლობლებმა ტრაგიკულად დაღუპული მეგობრის ხსოვნას პატივი სცეს და ალასანია ჯერ საჯაიას უწყებაში გადაიყვანეს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ის უკვე უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მოადგილედ ინიშნება.
ეს შევარდნაძის პერიოდია. ალაანია პუტინის ფავორიტი მინისტრის მოადგილე ხდება. კრიმინალიც გავლილი აქვს და კონტრაბანდაც ნანახი. ალბათ, ამიტომაც, მას ვითარებასთან შეგუება არ უჭირს, არც პროტესტის გრძნობა აქვს და არც ვითარების შეცვლის სურათი.
მაშინდელი მედია აქტიურად წერდა, პანკისის ხეობასა და იქ განვითარებულ პროცესებზე. ეს პროცესები კი ყველას გვახსოვს – იარაღით უკანონო ვაჭრობა, ნარკოტრასა, ხალხის გატაცებები ფულის გამოძალვის გამო... მაშინ მედია წერდა, რომ ამ კრიმინალურ საქმეებში სწორედ ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ, ამიტომაც არც მაშინდელი შსს და არც უშიშროება ვითარების შესაცვლელად არაფერს აკეთებდა. ბევრ სხვა გვართან ერთად, ასახელებდნენ ვინმე გია დგებუაძეს, იგივე „მასტერას“, რომელიც ალასანიას დავალებებს უშუალოდ ასრულებდა.
შევარდნაძისდროინდელი მინისტრების მთავარი ფოკუსი გახლავთ ის, რომ მათი ხელფასი ხშირად 45 ლარსაც ვერ აღწევდა, სამაგიეროდ, ისინი ხელგაშლილად ცხოვრობდნენ, საუკეთესო მანქანები ჰყავდათ, კომფორტულ ფეშენებელურ სახლებს იშენებდნენ და საზღვარგარეთ შოპინგობდნენ.
პოლიტიკური კრიზისიც ამ ფონზე იჩენს თავს და ირაკლი ალასანია ხვდება, რომ მან შეიძლება დაკარგოს ყველაფერი. ამიტომაც, შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილისგან განსხვავებით, შევარდნაძეს ღალატობს და რევოლუციას უერთდება.
ერთხელ ის იგორ გიორგაძემ გადაარჩინა, მეორედ მამის მეგობრებმა, ასე რომ მას საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ იცოდეს, სად დადგეს, რომ გადარჩეს. ან იცის, ანდა იმდენად დამოკიდებული ხდება კომფორტზე, რომ მზად არის, მის შესანარჩუნებლად ყველა და ყველაფერი „გაყიდოს“.
ამიტომაც, შევარდნაძეს უშიშროება ღალატობს. და ახლა არა აქვს მნიშვნელობა, როგორიიყო შევარდნაძე, მთავარი ის რაის, რომ არც ხაბურძანიას და არც ალასანიას რევოლუციამდე არანაირი დისკომფორტი არ უგრძნიათ, როგორც კი მათ პირად კომფორტს დაემუქრა პოლიტიკური პროცესი, მაშინვე შეუერთდნენ მას და გადარჩნენ.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილი მეამიტი არასოდეს ყოფილა. ის კარგად ხვდებოდა, რა დროს და რა ინტერესების გამო გადაბარგდნენ მის გარემოცვაში ხაბურძანია და ალასანია. ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთიც გააგდო სამსახურიდან და მეორეც.
ამბობენ, რომ მაშინ ალასანია ნინო ბურჯანაძემ გადაარჩინა. მაშინ მას ჯერ კიდევ ჰქონდა გავლენები, ამიტომაც ალასანია დიპლომატიის ხაზით გაააქტიურა. სააკაშვილი მას ყოველთვის უნდობლობას უცხადებდა. მას ღალატი შეუძლია და ჩვენც კრიზისულ ვითარებაში გვიღალატებსო, ამბობდა. ამიტომაც, ირაკლი ოქრუაშვილს მწვანე შუქრი ჰქონდა ანთებული და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ალასანიასთვის არ დაერტყა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ოქრუაშვილმა „გააძევა“ ის საქართველოდან, ანუ ალასანია იძულებული გახდა, დიპლომატიური სამსახური საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.
ღალატის გარდა, ნაციონალები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ალასანია რუსებთან კონტაქტს ინარჩუნებდა. ალბათ, ასეც იყო. ირაკლი ოქრუაშვილისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირება, ეს მხოლოდ პიროვნული ხასიათის არ იყო. ის იგივე აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით სწორედ იმ სამშვიდობო გეგმას ლობირებდა, რომელიც კრემლის ინტერესებში შედიოდა.
ალბათ, ეს ლოგიკურიც იყო. ირაკლის არასოდეს ჰქონია ურთიერთობა პროდასავლურ ძალებთან. ჯერ იგორ გიორგაძე იყო, შემდეგ ნუგზარ საჯაია, მერე უკვე პუტინის „ფავორიტი“ და ეს პუტინის ეპითეტია.
და თითქოს მოგვიანებით უკვე დიპლომატიური ხაზით ის შეეცადა პროდასავლელის იმიჯის მორგებას. თეთრი სახლის წინაც რამდენჯერმე დადგა განცხადების გასაკეთებლად, თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მან მრჩევლად დანიშნა ხაბურძანიას ყოფილი მოადგილე, რუსების სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი, დავით ბაზღაძე. ეს უკანასკნელი ბურჯანაძის ახლო გარემოცვის წევრია და ადრე ბურჯანაძესთან პარტიაშიც იყო.
თბილისში ალასანია მაშინ ჩნდება, როცა პოლიტიკური კრიზისი მწვავე ფაზაშია. როცა 2007 წლის მიტინგი დარბეული და დიპლომატი ლევან მიქელაძე გადამდგარია. დიპლომატიურ და საექსპერტო წრეებში მიქელაძე დიდი ავტორიტეტით გამოირჩეოდა. ოპოზიციაში პატარკაციშვილის შემდეგ ახალი ლიდერის დაბადების მოლოდინი გაჩნდა. სწორედ ლევან მიქელაძემ ჩაუყარა საფუძველი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ შექმნას.
თბილისში ახალი მოძრაობა იწყება და მაშინ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ალასანია გაეროდან პროტესტის ნიშნად მოდის და ქართულ პროცესში ერთვება.
ირაკლი ალასანიას მაშინდელი თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ეს სააკაშვილის თამაში იყო, ალასანიას დიდი ფული გადაუხადეს იმისთვის, რომ ჩამოსულიყო და პოლიტიური პროცესები ხელში ჩაეგდო. ალასანიას ხელში მოხვედრილი ოპოზიციური პროცესის გაკონტროლებას კი სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მარტივად მოახერხებდა. და ასეც მოხდა.
ირაკლი ალასანია „მართული ქაოსის“ უპრობა ლიდერი ხდება. უპირობო, რადგანაც საეჭვო ვითარებაში კვდება ლევან მიქელაძე:
ლევან მიქელაძის ბინა იქურდება, თუმცა ბინიდან არაფერი მიაქვთ. რამდენიმე დღეში კი საკუთარ სახლში საეჭვო ვითარებაში ლევან მიქელაძეს გარდაცვლილს პოულობენ. ბინის ქურდს აკავებენ. თუმცა, ის უკვე ციხეში კვდება.
მისი გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ინფარქტი იყო. თუმცა არაოფიციალურად ექსპერტები ამ დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებდნენ. მიზეზი – გულის კუნთი იყო სისხლისგან დაცლილი. მათი აზრით, სიკვდილი შეიძლება დამდგარიყო სპეციალური პრეპარატების გამოყენებით.
ასეა თუ ისე, მიქელაძე გარდაცვლილია, ალასანია კი მისი პოლიტიკური მემკვირე ხდება. ჯერ ალიანსი იქმნება და შემდეგ მოულოდნელად იშლება.
ირაკლი ალასანიას ამბიციებზე დიდხანს ეწყობოდნენ „ალიანსის“ სუბიექტური პარტიები – ახლები და რესპუბლიკელები. პირად საუბრებში ისინი ადასტურებენ, რომ ალასანიამ მათ უღალატა და რომ ალიანსი სრულიად უსაფუძვლოდ დაიშალა ისე, რომ რეალური მიზეზი დიდხანს ვერ გაიგეს.
შემდეგ კი გაუჩნდათ ეჭვი და ამის შესახებ ახლები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ის ხელისუფლებასთან, ანუ სააკაშვილთან თანამშრომლობდა. მიიღო დიდი ფული, „ალიანსის“ პროექტი ჯერ შექმნა და ნაციონალებს ადგილობრივ არჩევნებში დაუპირისპირდა, შემდეგ კი დაშალა.
რატომ აირჩია სააკაშვილის ხელისუფლებამ მაინცდამაინც ალასანია? კონფრონტაცია მასთან თავიდანვე არსებობდა და ამიტომაც მისი ოპოზიციაში გადასვლა დიდად არც არავის გაუკვირდებოდა, თანაც, იცოდნენ, რომ ფულის გულისთვის ის ყველაფერს გააკეთებდა. ეს ყველაფერი კი, როგორც ისინი ამბობენ, ერთ მილიონად შეფასდა.
ლევან გაჩეჩილაძემ, როგორც პირად საუბრებში მაშინდელი „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები ამბობენ, 2008 წელს მიტინგი დაშალა და საკაშვილისგან ერთი მილიონი აიღო. მაშინდელი „ალიანსის“ წევრებს ეჭვი აქვთ, რომ უკვე ალიანსის პროექტში ალასანიას ერთი მილიონი გადაუხადეს.
შემდეგ ალასანიამ „რვიანი“ ჩაშალა. ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, ახლა პარლამენტში ოპოზიცია ქრისტიან-დემოკრატები და ალასანიას პარტია იქნებოდნენ, 10-10 ადგილი უნდა რგებოდა თითოეულს. თუმცა, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოდის და პოლიტიკური პროცესები რადიკალურად იცვლება.
იწყება ახალი ციკლი ალასანიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. ის ხვდება, რომ მილიარდერის გვერდით შეიძლება მოწყოს კომფორტიც და დაიკმაყოფლოს ამბიციებიც. ამიტომაც, ის სრულად ერთვება ნაციონალების წინააღმდეგ კამპანიაში.
როგორც ჩანს, მას უკვე აღარც ბიძინა ივანიშვილი ენდობა. ყველანაირად ცდილობს მისი ამბიციების მოთოკვას და მაქსიმალურად დისტანცირებას უკეთებს მთავარი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაძლოა პრემიერი ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ალასანიას მისი კოალიციის დაშლაც შეეძლო შიგნიდან.
ალასანია არც სიფრთხილეს იჩენს და ბიზნესის გაკონტროლებას ღიად ცდილობს. ამ მიზნით ფინანსური პოლიციის უფროსად მისი ბავშვის ნათლიას, გიგა ახვლედიანს ნიშნავს. თუმცა, მას მალევე თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ღარიბაშვილი კი ფინანსურ პოლიციაში დიდ წმენდას ატარებს – ალასანიას ბიზნესის გაკონტროლების საშუალება არ მისცეს.
ალასანიას არ ენდობიან. ამიტომაც, ჯერ ვიცე-პრემიერობიდან გადააყენეს, შემდეგ არც პრემიერის პორტფელი ჩააბარეს და მოგვიანებით არც პრეზიდენტის არჩევნებში დაუჭირეს მხარი.
მით უფრო, რომ ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანია საიდუმლოდ ხვდება საზღვარგარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს – ბოკერიასა და უგულვას. ამის შესახებ ივანიშვილმა ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროს ისაუბრა.
საიდუმლო შეხვედრები თითქმის ყოველთვის ასოცირდება ხოლმე შეთქმულებასთან, ხელისუფლების შეცვლის მცდელობასთან ან რაიმე მშვიდობიან გეგმასთან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას. სწორედ ასეთი ეჭვები გაჩნდა უკვე მის წინააღმდეგაც. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ალასანია ცდილობს, მაქსიმ ალურად გაიფართოოს გავლენები. მის ამ მცდელობას ზოგი მისივე უზომო ამბიციას მიაწერდა და ზოგიც მზაკვრულ გეგმას, შიგნიდან გაეხლიჩა კოალიცია.
საინტერესოა, რომ მედიაში ამ თემაზე ხშირად იწერებოდა. ისიც ითქვა, რომ ალასანია დემარშის მოწყობასაც აპირებდა, თუმცა, ვერ შეძლო, რადგანაც პარტია ვერ აიყოლია. ისინი კოალიციის დატოვებას არ დაეთანხმნენ. ალასანიამ მაშინ დემარშის მოწყობა ვერ გაბედა. არ გარისკა.
ახლა, როგორც მიანიშნებენ, ის შესაძლოა მარტო არ იყოს. მის „კამანდაში“ უკვე რესპუბლიკელებსა და პრეზიდენტ მარგველაშვილსაც მოიაზრებენ. რა გეგმით, რთული სათქმელია. თუმცა, ფაქტია, რომ ექსპერტები დაძაბულობაზე მიანიშნებენ. და ეს დაძაბულბა მმართველ კოალციაში ჯერ მხოლოდ თვალხილულია.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი“
07. 04. 2014 წ.