"არავინ იცოდა, რას ემყარებოდა "გონივრული ეჭვი". ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრინციპის - განსაზღვრულობის პრინციპის წინააღმდეგ, რაც თვითნებური მოქმედების ფართო არეალს იძლეოდა.“-ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, შსს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის წარდგენისას გააკეთა. "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების უფლება "პირის გამოკითხვის" უფლებით იცვლება. ლევან იზორიას თქმით, ახალ პროექტში ყველა საპოლიციო ფუნქცია დეტალურად რეგლამენტირებულია და პოლიციელს ეცოდინება, რისთვის აჩერებს მოქალაქეს და რატომ უნდა გამოკითხოს ის. „ერთადერთი ეს ხდება იმისთვის, რომ მისი პიროვნება დაადგინოს.“-განმარტავს იზორია. პიროვნების დადგენის საფუძვლების მიხედვით, პოლიციას შეეძლება შეაჩეროს ადამიანი, თუ მას ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული მახასიათებლები ექნება, ან თუ ვარაუდობს, რომ პირმა ჩაიდინა, ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. „იმისათვის, რომ "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის" ისეთივე აბსტრაქტული ცნება არ იყოს, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", ჩვენ ტერმინთა განმარტებაში განვსაზღვრეთ, რომ ეს ნიშნავს ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დასკვნის გასაკეთებლად, გარემოებათა გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს - მესამე პირს დააკმაყოფილებდა", - განმარტა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. პროექტის თანახმად, "პირის გამოკითხვის" კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუ მას აქვს იარაღი და პოლიციელი მივა მის გამოსაკითხად, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევაშიც, როცა პირი დანაშაულის, საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილას იმყოფება.