"რუსული დერეფანი" - ამ სახელწოდების ფილმი 7 მაისიდან თბილისის კინოთეატრებში გავა.
სრულმეტრაჟიან ფილმში, რომელიც „თავისუფალმა სტუდიამ“ გადაიღო, ასახულია საქართველოს უახლოესი ისტორია - 2008 წლის აგვისტოს ომში 17 დაღუპული გმირის ამბავი.
„რუსული დერეფანი“ მოგვითხრობს 11 აგვისტოს გორის რაიონ, სოფელ შინდისში ჩასაფრებაში მოყოლილი 17 ქართველი გმირის ისტორიას. მათ ერთი საათის განმავლობში წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ ბატალიონს. ტყვია-წამლის დამთავრების შემდეგ, მტერს ტყვედ რომ არ ჩაბარებოდნენ, თავი აიფეთქეს.
ფილმის ავტორი და რეჟისორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი გახლავთ. მუსიკის ავტორი - გია ყანჩელი. ფილმის კონსულტანტი კი რეზო ჩხეიძეა.
პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობა და ჩვიდმეტი დაღუპული გმირის ოჯახის წევრები დაესწრებიან.