შსს-ს განცხადებას „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ. „შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე ვაქვეყნებ პირველად შედეგებს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარეულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე კისრის არეში დაზიანებების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოხატულია გვამური ლაქები. გარდა ამისა, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, თბილისის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტის ხუთი ჯარისკაცი და მათი მეთაური. ასევე ის ექიმ-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება და დაქტიოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს. ასევე დაკითხულია მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მის მეუღლე. გამოძიების პროცესში, მოწმის სახით და ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს თავად იყო მოწმის სახით დაკითხული. მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მას ეკუთვნოდა. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო. გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევ დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლის მხრიდან მისი, ანუ მამუკა მიქაუტაძის მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძეს დაკითვხის პროცესში, ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლის მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ამის გარდა, გამოძიების პროცესში შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებულია ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია 2013 წლის 5 ივლისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მამუკა მიქაუტაძის შეყვანისა და გამოყვანის დრო და გარემოებები. ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა ფიზიკური დაზიანება, იგი თავისუფლად გადაადგილდება. ტექნიკური პრობლემების გამო, მიქაუტაძე საგუშაგოსთან, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. საგუშაგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან მიღებულია მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტომასალა. ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება. ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", – განმარტა გიორგობიანმა. მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით შსს გენერალური ინსპექცია გამოძიებას აგრძელებს.