reportiori.ge - სად და რატომ წავიდა სამუშაოდ არჩილ კბილაშვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
ინტერვიუ
სად და რატომ წავიდა სამუშაოდ არჩილ კბილაშვილი?
08 აპრილი, 2014. 15:25

არჩილ კბილაშვილი ერთადერთი მთავარი პროკურორია, რომლის გაცნობის შესაძლებლობა თავის დროზე მომეცა. აი, გენერალურ პროკურორებთან, პრაქტიკულად, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ჩემი პროფესიის წყალობით.



არჩილ კბილაშვილის გადადგომა ყველას ახსოვს. მაგრამ სად წავიდა სამუშაოდ და რატომ, ბევრისთვის უცნობია.

ეს პუბლიკაცია ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა.

მაშ, ასე - სად და რატომ?


მოკლე პასუხი ასეთია: ბატონი არჩილი დაბრუნდა იურიდიულ ფირმაში, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა დავით ძიძიგურმა, ირაკლი მგალობლიშვილმა, ვიქტორ ყიფიანმა და ვახტანგ შევარდნაძემ 1996 წლის პირველ ნოემბერს დააფუძნეს.

ფირმის ოფიციალური სახელწოდებაა: შპს მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური.


აქვე შეიძლებოდა წერტილის დასმაც. მაგრამ ის, რაც დამფუძნებლებისგან ამ ფირმის რაობის, საქმიანობისა და მიზნების შესახებ მოვისმინე, ჩვენი მკითხველებისთვის, მგონი, საინტერესო უნდა იყოს.

ძალიან საინტერესოც კი.

ამიტომ გთავაზობთ.


ჩემი რესპოდენტები არიან: არჩილ კბილაშვილი, დავით ძიძიგური და ვიქტორ ყიფიანი.


*    *    *

 

როცა ერთნაირად მოაზროვნე, ერთ საქმეს შეჭიდებულ სუპერპროფესიონალებს ერთ თემაზე ესაუბრები, პასუხები ერთგვარ კოლექტიურ ინტერვიუდ ყალიბდება, ერთ ძაფზე აკინძულ მძივად, რომლის გვარ-სახელებად დაშლა-დანაწევრება - ამან ეს თქვა, იმან - ის, წყვეტს ერთიან მუხტს და ისე იფანტება, როგორც დაბნეული მარცვლები, რომლებსაც პირველსახესთან საერთო აღარაფერი აქვთ.

ოქმს ემსგავსება პუბლიკაცია.

ვცადოთ ამის თავიდან არიდება.


ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს - 1989 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე თანაკურსელები გახდნენ. წარჩინებით სწავლობდნენ, წითელ დიპლომზე დაამთავრეს უმაღლესი.

ერთი პერიოდი მათი გზები გაიყარა, თუმცა ერთმანეთი არ დაუკარგავთ, მეგობრებად რჩებოდნენ, და სავსებით ლოგიკური იყო, რომ 1996 წელს იურიდიული ფირმა, რომელიც მაშინ უცხო ხილი იყო, ერთად დააარსეს. მოღვაწეობა ,,მრავალპროფილური" ,,პირიმზის" შენობის მეექვსე სართულზე, საკუჭნაოს გვერდით, ერთ ოთახში დაიწყეს - ნათხოვარი სკამ-მაგიდით და ერთი კომპიუტერით, რომელიც ირაკლის სანადირო თოფის გაყიდვით მიღებული ფულით შეიძინეს.

კერძო პრაქტიკას საკუთარი ძალებით, სხვების დაუხმარებლად შეუდგნენ. სრული დამოუკიდებლობა ამით მოიპოვეს.


- ამ დროს არსებითია, კანონიერების, სინდისისა და ქვეყნის ინტერესების პატიოსან მსახურად დარჩე, - ასე მიაჩნიათ, და როგორც თვითონ ამბობენ, მათი ხელწერა ამ პრინციპის ერთგულების ასპროცენტიანი მაგალითი თუ არა, განხორციელების მცდელობა მაინც იყო.

და არის.


- დღევანდელი ჩვენი ყოფა ჩვენი მეოთხე ოდისეაა. ბუნებრივად ვვითარდებოდით, ხელოვნური ნახტომები არ გვქონია, რადგან ან ვინმესგან დახმარების მიღება, ან ვინმესთან ალიანსში შესვლა ჩვენს პრინციპებს არ ესადაგება.

- ჩვენი ფირმა შემდგარია, თავისი რეპუტაციით ქვეყნის შიგნითაც აქვს საკუთარი ადგილი მოპოვებული, და ქვეყანასაც ღირსეულად წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე - ურთიერთობა გვაქვს ხუთივე კონტინენტთან, არა მარტო ჩვენი პროფესიის კუთხით, არამედ მის მიღმა მოღვაწე საინტერესო ადამიანებთანაც. ეს უფრო მეტს გვავალებს და უფრო საინტერესოს ხდის იმ ამოცანებს, რომლებიც სადღეისოდ და სახვალიოდ დგას ჩვენს წინაშე და რომლებიც გვინდა, საკუთარი მხრებით ვზიდოთ.


- რას ნიშნავს ხუთივე კონტინენტთან ურთიერთობა?

- ბიზნესს, რომელსაც ინტერესი აქვს, რაღაც ქმედება განახორციელოს საქართველოში, აუცილებლად სჭირდება ინფორმაცია, იმის ცოდნა, თუ როგორი სისტემაა საქართველოში და როგორ მუშაობს იგი. ამ თვალსაზრისით ჩვენ მათთვის ერთ-ერთი სანდო წყარო ვართ. ეს ნიშნავს, რომ იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ უცხოურ ბიზნესს, უცხოურ კომპანიებს, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში მათ მომავალ საქმიანობას შეეხება. ჩვენ ვაცნობთ მათ საგადასახო, საივესტიციო, საკანონმდებლო რეჟიმს და ისინიც ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს.


- გამოდის, რომ თქვენი მიზანი უცხოელებისთვის დახმარების გაწევაა. ამით ჩვენ რა?

- თუ ინვესტიციების ნაკადი დიდი იქნება, დასაქმების ადგილების რაოდენობაც გაიზრდება. უმუშევრობასაც ეშველება, ეკონომიკაც მომძლავრდება, კულტურის განვითარებასაც ხელი შეეწყობა და ა.შ. ჩვენი ამოცანაც ეს არის.


- შედარებით ნაკლებად ვიკვლევდით სისხლის სამართლის საქმეებს. ამას თავისი მიზეზები აქვს. ბოლო პერიოდში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში სისხლის სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ წყდებოდა ჩვენთან სამართალი - საპროცესო შეთანხმებებით და ასე შემდეგ. ადვოკატის როლი საერთოდ უგულებელყოფილი იყო, და იშვიათ შემთხვევაში გვიწევდა ჩართვა. ამიტომ ძირითადი ორიენტაცია აღებული გვქონდა უცხოური ინვესტიციების მომსახურებაზე. აქ დავიმკვიდრეთ ჩვენი ნიშა. ბევრ საკმაოდ გავლენიან უცხოურ კომპანიას, მათ შორის, ტრანსნაციონალურს, მოვემსახურეთ გასული 16 წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთი მაგალითი: როცა ამერიკის საელჩო თბილისში მიწის შეძენას აპირებდა, სადაც დღესაა განთავსებული, მაშინ აშშ მთავრობას ჩვენი ფირმა წარმოადგენდა, კონკრეტულად, - ვიქტორ ყიფიანი. ასეთი რამ არაერთგზის ყოფილა.


- ამბობენ, რომ სახალხო ამბოხის ისეთი ამაღლებული გამოვლენის, როგორიც რევოლუციაა, ნერვი არის ფული. თქვენი საქმიანობაც წარმოუდგენელია ასეთი ნერვის არსებობის გარეშე. გაქვთ კი იმდენი შემოსავალი, რომ იარსებოთ ასეთ დონეზე და ასეთი მასშტაბით?

- ჩვენს ფირმაში 25 ადამიანი მუშაობს. საქართველოს მასშტაბით ამ რაოდენობის თანამშრომლების მქონე იურიდიული ფირმა დიდად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ მომსახურების ხარისხი და ინტენსივობა ისეთი დონის უნდა იყოს, რომ ადამიანებს აქ მუშაობის სურვილი ჰქონდეთ.


- ე.ი. გაქვთ მომსახურების მაღალი ხარისხისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის შესატყვისი ანაზღაურება?

- განვითარებას ყველა ვესწრაფვით და, რასაკვირველია, ვიზიარებთ ჩვენი ქვეყნის ბედს წარმატებებსა და წარუმატებლობაში. თანაზიარნი ვართ. მაგრამ დღესდღეობით საწუწუნო ნამდვილად არაფერი გვაქვს. ჩვენთან ყოფითი თემების მოგვარებაზე საუბარი არ არის: უზრუნველვყოფთ ცხოვრების საკითხების უცილობელ დაკმაყოფილებას საკმაოდ ღირსეულად.

არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ როცა მას მთავარი პროკურორის თანამდებობა შესთავაზეს, ფირმის არცერთი თანამშრომელი არ დათანხმდა პროკურატურაში გადასვლას.


- აქ ერჩივნათ?

- ორი მიზეზის გამო არ წამომყვნენ. პირველი იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების პრაქტიკული საქმიანობა, როგორც ითქვა, ბიზნეს-სამართალს უკავშირდებოდა და მათ ჩათვალეს, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილი ადამიანები უნდა დასაქმებულიყვნენ. მეორე, ადვილი არ იყო აწყობილ-დალაგებული მოქმედი კომერციული სტრუქტურის მიტოვება. მე რაღაც გამონაკლისი დავუშვი (თუ გამომივიდა), როცა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკაში წავედი და შემდეგ - შემოთავაზებულ პოზიციაზე გადასვლას დავთანხმდი. თუმცა ესეც საერთო გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩვენ აქ ერთი ოჯახივით ვართ და თითოეული ადამიანის გასვლა-გამოკლება გვაღარიბებს. მაშინ ჩავთვალეთ, რომ უმძიმესი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანაში ყველას თავისი წვლილი უნდა შეეტანა, ყველა წესიერი ადამიანი უნდა დამდგარიყო იქ, სადაც ივანიშვილმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ახლა, როცა ვითარება შეიცვალა, სიამოვნებით დავუბრუნდი ჩემს საქმეს.


-  მონაწილეობთ თუ არა იმ სასამართლო დავებში, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას, ან წარმოიქმნება კიდეც ჩვენს ქვეყანაში ინვესტორების მოღვაწეობის პერიოდში?

- ჩვენთან ადვოკატურის ფუნქცია უმეტესად არასწორადაა გაგებული. ადვოკატურა არის შემადგენელი ნაწილი ერთი დიდი სფეროსი, რომელსაც იურიდიული კონსალტინგი და მომსახურება, იურიდიული დახმარება ჰქვია.


- გაგვარკვიეთ.

- იურიდიული დახმარების ორი მიმართულება არსებობს. ერთია ის, რომელიც დავას არ უკავშირდება, მეორე - ის, რომელიც დავაში გამოიხატება. ეს უკანასკნელი სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობით ხორციელდება, ანუ იქ, სადაც დავა გაირჩევა. პირველი თემა შედარებით უფრო ბუნდოვანია აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რადგან სადავო ელემენტს არ შეიცავს. ეს არის გარიგების სტრუქტურიზება, სამართლებრივი რისკების შესამცირებლად რჩევის გამომუშავება და მიცემა, საპროექტო ან გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, თანხლება, ბოლომდე მიყვანა, დასრულება და გზის დალოცვა.

ზოგადი დახასიათება ასეთია, თორემ ვიწრო მიმართულებით ეს არის საბანკო-საფინანსო, სამეწარმეო, ფისკალური, სახელშეკრულებო, უძრავ ქონებასთან, ინფრასტრუქტურებთან და ა.შ. დაკავშირებული თემები.

- საქართველოში რაც კი მსხვილი პროექტები განხორციელებულა, ყველაში მიგვიღია მონაწილეობა.


- მაგალითად?

- მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენი. ჩვენ რჩევას ვაძლევდით საფინანსო ინსტიტუტებს, ანუ იმათ, ვინც ამ თემას აფინანსებდა. ეს პროექტი 6-7 მილიარდს მოიცავდა. ამას სამხრეთ კავკასიის გაზსადენი მოჰყვა. ვმონაწილეობთ მრავალ საკითხში, რომლებიც ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის, საბანკო-საფინანსო სფეროს განვითარებას შეეხება.

ამჟამად ჩვენი ფირმა ჩართულია ერთ-ერთი მსხვილი ქართული კომერციული ბანკის აქციების განთავსების პროცესში ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ყურადღებით ვაკვირდებით ,,ნაბუქოს" პროექტს.

მოკლედ, ესაა საკითხები, რომლებიც ქვეყნის განვითარების არასაკმარისი დონის გამო ჯერ ფართოდ პოპულარიზებული არ არის. იურიდიული სერვისის ამ მხარეზე, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვრცელი ინფორმაცია არ არსებობს.

ფირმას ნაწარმოები აქვს უმსხვილესი საარბიტრაჟო დავები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაწყებული მსოფლიო ბანკთან არსებული საარბიტრაჟო-საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრით, გაგრძელებული ლონდონის, სტოკჰოლმის არბიტრაჟებით და ა.შ. და ა.შ.


- ე.ი. თქვენ ყიდით თქვენს ინტელექტს, უხეშად რომ ვთქვათ, ამით ,,აკეთებთ ფულს". საქართველოში ყველა, ვინც ბიზნესში იყო ჩართული, ანუ პატიოსნად ,,აკეთებდა ფულს", ხელისუფლების არნახული წნეხის ქვეშ ექცეოდა, სახელმწიფო რეკეტის საცეცები ყველას ყელზე ჰქონდა შემოხვეული. თქვენ გადაურჩით?

- ჩვენი ბიზნესი ინტელექტუალური აქტივობაა. ჭკუასა და გონებას ვერ წაგვართმევდნენ...


- ძნელად წასართმევია. მოგეხსენებათ, ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების" და ,,მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი".

- ასეთ ვითარებაში არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი რისკები. არაპირდაპირი რისკი და საფრთხე არის პოლიტიკური გარემო. ის მაინც გემუქრება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უშუალო შემხებლობაში არ იყოს შენთან. არაპირდაპირი რისკი და საფრთხე არის არაჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო. როცა სისტემა არაჯანსაღია, ყოველდღიურად ერევა შენს საქმიანობაში, გართმევს, გთელავს და გაფერხებს. ამ თვალსაზრისით, იმის თქმა, რომ ჩვენ სტერილურ გარემოში ვიმყოფებოდით, არასწორი იქნება. პირიქით, ეს იყო შემაწუხებელი, შემაფერხებელი და რისკის შემცველი.


მეორე საკითხია პირდაპირი რისკი. ინტელექტს ვერ წაგართმევენ, მაგრამ შეიძლება ,,შემოგთავაზონ", ან გაიძულონ, რომ ეს ინტელექტი მოახმარო არასწორ მიზნებსა და ამოცანებს. ინტელექტი, რა თქმა უნდა, უხილავია, მაგრამ ინტელექტის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეიძლება, უფრო მეტი საფრთხის მატარებელი იყოს. ინტელექტის დონეზე დაბეჩავებული და უკეთურთა სამსახურში მოქცეული ხალხი, ან ხალხის გარკვეული ნაწილი, შეიძლება უფრო მეტი რისკის მატარებელი იყოს, ვიდრე ქონებაჩამორთმეული და საკუთრების უფლებააყრილი ადამიანები.


შეიძლება, ჩვენთვის უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი ემსხვერპლა მათ ინტელექტზე მიტანილიერიშს, როცა მათ, ნებით თუ უნებლიედ, იკისრეს ისეთი ფუნქცია, რომელიც თავსებადი არ იყო პროფესიასთან, ეთიკასთან, ღირებულებებთან და ა.შ.


ჩვენც იგივე საფრთხე გვემუქრებოდა, მაგრამ მოვახერხეთ და თავიდან ავირიდეთ.


მინდა გითხრათ, რომ  ეს მარადიული თუ არა, მუდმივი პრობლემაა და მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე, ან ერთი მთავრობის მეორეთი შეცვლამდე არ იჩენს თავს. იგი ჯანსაღ საზოგადოებრივ მიდგომას უკავშირდება, რაც მთავრობის შეფერილობას არ უკავშირდება. ეს არის დაპირისპირება ჯანსაღსა და არაჯანსაღს შორის, რის გარეშეც საზოგადოების განვითარება შეუძლებელია.


- ჯანსაღი და არაჯანსაღი. წესიერი და უწესო. მოარული დებულებით, არ არსებობს კანონი, რომელსაც გვერდი არ შემოევლება? აქ რომელ პრინციპზე დგახართ?

- კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიზანია, გაუიოლოს ბიზნესს ცხოვრება ნაკლები ადმინისტრირების ხარჯზე, ნაკლები დანახარჯების საფუძველზე. სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის პირობების შექმნა ჩვენი მომსახურების ეფექტიანობის ერთგვარი საზომიარის.

ამიტომ თუ საუბარი არის კანონიერების დაცვის პრინციპით კანონის მოხერხებულ გამოყენებაზე, ეს მისაღებია, მისასალმებელია და არის სწორი ბიზნესმიდგომა. მაგრამ, თუ კანონის გვერდის ავლა ხდება კანონიერების დარღვევით - დაფარული გადასახადი იქნება, უკანონო შემოსავალი თუ კანონსაწინააღმდეგო გადახდები, - ეს უკვე კატეგორიულად მიუღებელია.


- როგორც ვხედავ, ამ შემთხვევაში, გარკვეული თვალსაზრისით, ქვეყნის განვითარება-დეგრადირების საკითხი დგას. თუ მეჩვენება?

- სფერო, რომელშიც ჩვენ ვსაქმიანობთ, დაკავშირებულია გამოწვევასთან, რომლის მიხედვით, სამყაროში, რომელშიც ჩართული ვართ, საქართველო წარმოდგენილი უნდა იყოს პატიოსანი შრომის სახით. საკმარისია, ერთხელ მოიტყუო, მეორედ მოიტყუო, ან არასწორი რჩევა მისცე დამკვეთს, რომ არა მარტო შენ გაგიტყდეს სახელი, არამედ იმიჯი შეურყიო ქვეყანას. ზიანი, რომელიც ამით სახელმწიფოს ადგება, შეიძლება ახლო დისტანციიდან მაინც და მაინც გამოკვეთილად არ ჩანდეს, როგორც ზოგჯერ ექიმის შეცდომის დროს ხდება, მაგრამ შორეული დისტანციიდან და დროის გასვლის შემდეგ შეიძლება დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. წესიერება და პროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, მათ შორის, მომსახურების ამ სეგმენტშიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. მორალი, ზნეობრივი საწყისი წარმატების ქვაკუთხედი და წინაპირობაა. შემდეგ მოდის პროფესიონალიზმი. ანუ: უნდა იყო ზნეობრივი, უნდა გქონდეს საკმარისი ცოდნა და უნარი ურთიერთობის დამყარების. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ, ამ კომპონენტების ერთობლიობით მივაღწიეთ.

ღმერთს ამისთვის ვმადლობთ!     

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016