ზაფხული ახლოვდება და რუჯის თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ზოგი სოლარიუმს მიმართავს, ზოგი ავტორუჯს, ზოგი მზეს ეფიცხება. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს: კანმა მიიღოს მუქი ფერი. თუმცა არსებობენ რუჯის მიყვარულები, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან ნამზეურის ფერით და აქვთ პათოლოგიური დამოკიდებულება გარუჯვის მიმართ.
ტანორექსია - ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული "სიყვარული". ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიდრეკლების ერთერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევს ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონის, იგივე ბუნებრივი "ნარკოტიკის") გამომუშავებას.
ტანორექსიის სიმპტომები ადვილადაა ამოსაცნობი: თუ თქვენ კვირაში 3-ზე მეტჯერ ირუჯებით და ფიქრობთ, რომ თქვენი კანის ფერი არ არის საკმარისად მუქი, ხშირად განიცდით ფრუსტრაციას კანის ფერის გამო, ფიქრობთ, რომ გარუჯული უფრო მიმზიდველი ხართ, დიდი შანსია ტანორექსიკი იყოთ. ტანორექსია ზრდის კანის კიბოს საშიშროებას. განსაკუთრებით სარისკოა რუჯით გატაცება თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც მზეზე ადვილად იწვებიან და წითლდებიან (ხშირ შემთხვევაში ქერები, წითურები). ულტრაიისფერი სხივები ასევე იწვევს კანის ნაადრევ დაბერებასა და გამოშრობას, აზიანებს მხედველობას.
ტანორექსიკებმა უნდა გააცნობიერონ:
1. რომ ზედმეტი რუჯი სულაც არ უხდებათ და ამით უფრო მიმზიდველები არ ხდებიან,
2. ის საშიშროებები, რომლებსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევს.
თუ გარუჯვაზე უარს მაინც ვერ ამბობთ, სოლარიუმისა და მზეზე წოლის ნაცვლად, უმსჯობესია მიმართოთ ავტორუჯს. ასევე აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების შემდეგი ნორმები: მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით დამცავი კრემი, სოლარიუმში კი აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე. მზეზე გასარუჯად აირჩიეთ დილა ან საღამო.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)