რუსული ტელეკომპანია „НТВ" გერმანიის ფიურერის ადოლფ ჰიტლერის შესახებ სენსაციურ აღმოჩენას ახმაურებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჰიტლერის საიდუმლო ორეულად ცნობილი პირის საფლავი თავად ჰიტლერს ეკუთვნის.
„არსებობდა პირი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ერთი-ერთში ჰგავდა. ჰიტლერის საიდუმლო ორეულის სახელით ცნობილი პირი ევროპელი იყო. იგი თითქმის 40 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში იმალებოდა, ასევე იცვლიდა გარეგნობას და სახელებს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო განსაცვიფრებელი საიდუმლოს გახსნა, რამაც შესაძლოა მსოფლიო შეძრას. ჩრდილოეთ ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუში მდებარე ფიურერის ორეულის საფლავი ორმა ადგილობრივმა გლეხმა ნიჩბებით გათხარა. შესაძლოა გაირკვეს გლობალური სენსაცია, რაც მსოფლიო საზოგადოების გაოცებას გამოიწვევს", - იუწყება ტელეკომპანია.
მათივე ინფორმაციით, ჰიტლერის ნეშტი ბრაზილიაშია დაკრძალული და არაა გამორიცხული ბრაზილიაში ნაპოვნი საფლავი არა ჰიტლერის ორეულს, არამედ თავად ფიურერს ეკუთვნოდეს. დღემდე არავინ იცის რა მოხდა ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების დღედ ცნობილ 1945 წლის 30 აპრილს. ვარაუდობენ, რომ ჰიტლერი გაცილებით გვიან გარდაიცვალა.
2012 წელს ფრანგულმა პრესამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა: მათი მტკიცებულებების თანახმად, მესამე რაიხის ლიდერს მემკვიდრე ჰყავდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ადოლფ ჰიტლერსა და ახალგაზრდა ფრანგ ქალს ქორწინების გარეშე შვილი პირველი მსოფლიო ომის დროს შეეძინათ. განცხადება იმის შესახებ, რომ ჰიტლერის შთამომავალია, ფრანგმა ჟან-მარი ლორემ ჯერ კიდევ 1981 წელს გააკეთა; გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით „მამაშენს ჰიტლერი ერქვა". ჟან მარი ლორე 1918 წელს დაიბადა, ისე გაიზარდა მამის შესახებ არაფერი იცოდა. დედამ, შარლოტა ლუბჟუამ, შორეული ნათესავის გვარი მისცა. 1950-იანი წლების დასაწყისში, სიკვდილის წინ, ვაჟს გამოუტყდა, რომ 16 წლის ასაკში რომანი ჰქონდა ახალგაზრდა გერმანელ ჯარისკაცთან, რომლისგანაც 1917 წელს დაორსულდა. გამოცემის თანახმად, ჰიტლერმა უკანონო ვაჟი არ აღიარა, თუმცა, შარლოტას მატერიალურად ეხმარებოდა. ლუბჟუას სახლში ინახებოდა სურათები, რომლებზეც ჰიტლერის ხელმოწერებია აღმოჩენილი.
თავისი წარმომავლობის დასადგენად, ლორემ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორიკოსებსა და გენეტიკოსებს მიმართა. „ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ ჟან-მარი ლორე ადოლფ ჰიტლერის ვაჟია" - იუწყებოდა „Le Point".
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)