ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ აძვის მოსახლეობა სალოცავების გარეშე დარჩა. საოკუპაციო რეჟიმმა აძვში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები დაამონტჟა, რომლის შედეგად სოფლის მოსახლეობას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მისვლა ეკრძალება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირობითი საზღვრის იქით წმინდა გიორგის ეკლესიაც მოჰყვა.
სოფლის მცხოვრებლები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სოფელში არ არის სკოლის შენობა, გაზიფიცირება, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, სასმელი და სარწყავი წყალი. ადგილობრივები ხელიუსფლებისგან დროულ ყურადღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანის გადაკეტვით იმუქრებიან:
„ყოველდღიურად შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. რუსული ვერტმფრენები ჩვენი სოფლის თავზე დაფრინავენ. ამ ყველაფერთან ერთად სალოცავები დავკარგეთ. იმ შემთხვევაში თუ მივალთ ჩვენი სოფლის სალოცავებამდე, რუსები ჩასაფრებულები არიან და ცხინვალის ციხეში წაგვიყვანენ. ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება ჩვენს მიმართ უყურადღებობას იჩენს. უპატრონოდ ვართ მიტოვებული. მოვითხოვთ ამ პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანს გადავკეტავთ“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები მაყვალა ბალამწარაშვილი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)