reportiori.ge - მედლის მეორე მხარე, ანუ მაიდნის გაკვეთილები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მედლის მეორე მხარე, ანუ მაიდნის გაკვეთილები!
11 აპრილი, 2014. 21:16

კიევის მაიდანს, როგორც მედალს, როგორც ხურდა ფულს, მეორე მხარეც აქვს.

მაიდნის მონეტა აგდებულია.

რომელზე დაჯდება – „არიოლსა“ თუ „რეშკაზე“?

რომელი აქვს ნათქვამი ამგდებსა და რომელი მიმლოდინეს, ანუ ხალხს, რომელმაც უკანასკნელ ათ წელიწადში მეორედ მოაწყო მაიდანი?

თუ მოაწყობინეს?

„ზალეჟნი მაიდანი.“

ევროპის მაიდანი.

პირველად არ გაუმართლა, როცა განარინჯისფერდა, მაშინ.

ახლა სისხლის ფერად შეიღება.


უკრაინის ბედი სასწორზეა შეგდებული, რომლის ერთ პინაზე მაიდანი დევს, მეორეზე – ანტიმაიდანი. მედლის მეორე მხარე.

რომლის დილა გათენდება ხვალ და ზეგ?


მოლოდინის დროის ამ ცარიელ მონაკვეთს ანალიტიკოსების მარჩიელობა ავსებს, რომელიც უმეტესად მედლის მეორე მხარეს იგნორირებს, რადგან მედია ოლიგარქიული ჯგუფების ხელშია და საინფორმაციო ომსაც ისინი იგებენ.


მაგალითად, წაუყრუეს, თვალი აარიდეს, სისხლიან ქუჩებში ხეების მოჭრის ფაქტს, რომელიც ადამიანების დახოცვაში დამნაშავეთა გამოსავლენად დაწყებული გამოძიებისთვის მატერიალური სამხილი იყო, რადგან აშკარად ემჩნეოდა სნაიპერების ნასროლი, მიზანს აცდენილი ტყვიების ნაკვალევი.


მოჭრეს იმიტომ, რომ დაეფარათ ზურგში სროლის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გამომიძებლებს გაუადვილებდა ჭეშმარიტების დადგენას – ვისი ორგანიზებული იყო ხალხის დახვრეტა?

სისხლიანი ტერორი და სისხლიანი პროვოკაცია.


მაიდნის მეორე მხარე, კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველების აზრით, 80-ზე მეტი დაჭრილი და 14 დახოცილი მილიციელია, რომლებსაც ზურგში ესროდნენ ფილარმონიის შენობაში შეჭრილი მეამბოხე რადიკალების – მარჯვენა სექტორის სნაიპერები.


ზეციური ასეული – ამდენი დახოცილი მომიტინგე – ვისი მოკლულია?


მაიდნის ტალღაზე მოსული ხელისუფლება აპატიმრებს „ბერკუტის“ ყოფილ მებრძოლებს. ბრალი მათ ედებათ. საქმეს პროკურატურა იძიებს და დაინტერესებული ძალები... კვალსა შლიან.


შლიან, ათეთრებენ, როგორც შავ ფულს.


ნამუსს სწმენდენ, სისხლიან ხელებს ბანენ, ზუსტად ისევე, როგორც თბილისში, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევა გაუმართლეს ამერიკელმა  კერძო სპეცებმა სააკაშვილ-მერაბიშვილის სისხლიან რეჟიმს, კანონიერ ქმედებად ჩაუთვალეს და ძოწისფერი პორფირი მოასხეს იმდროინდელ პრეზიდენტს – „დემოკრატიის მხსნელს“.

ეს – ერთი პარალელი თემაში – ჩვენი ისტორიიდან.

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, იყო დრო დაფიქრების, და უკრაინის კრიზისის პირველ დღეებში კიევში ჩასული სააკაშვილი რეალისტმა ანალიტიკოსებმა გასული ათწლეულის ყველაზე დეგენერატ ლიდერად მოიხსენიეს. სამწუხაროდ!

ესეც მაიდნის მეორე მხარეა.

მაიდნის ორგანიზატორებმა კი გვერდით ამოიყენეს და კარგი ხვითოც დაიჭირეს.

მტრისას მისი რჩევა და რეკომენდაციები.


საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვითგამოცხადებას ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციის ავანტიურისტული პოლიტიკით. მისგან დამოძღვრილმა უკრაინელებმა ყირიმი და სევასტოპოლი დაკარგეს.

ესეც – კიდევ ერთი პარალელი და ანტიმაიდანი.

ერიდეთ სააკაშვილს – მაკკეინის ძირზე დამყნობილი მავნე ავანტიურისტია!

ისეთივე, როგორიც აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და მისი თანმხლები დიპლომატების ავანტიურა და იაფფასიანი აქცია – მაიდანზე მომიტინგეებისთვის ღვეზელების ჩამორიგების სახით: მიირთვით, თქვენ შემოგევლეთო.

აქვე მახსენდება:

ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან ასიოდ მეტრში პატარა სკვერია ბაღის სკამებით,  რომლებიც აქაურ ბომჟებს, ფრანგულად – კლოშარებს, ქართულად – ბოგანოებს (ალბათ) აქვთ ოკუპირებული.


დილაა, ამათაც გაუღვიძიათ და დილის პროცედურებს იტარებენ, რაც თავისა და ტანის ვნებიან ქექვაში განსახიერდება.


ცალკე სკამზე სამი თუ ოთხი ქაღალდის მოზრდილი პარკი დევს. გუშინდელი ღვეზელით სავსე. ეს უბედურები ამ პარკებს ყურადღებას არ აქცევენ, იმ მხარეს არც იხედებიან. როგორც ჩანს, აშშ დედაქალაქის მკვიდრთა ასეთი მოწყალება ყელში აქვთ ამოსული: ღვეზელი, ღვეზელი, ღვეზელი. ერთფეროვანი მენიუ ყოველ დღე.


მშიერი ხალხისთვის ქაღალდის პარკით ღვეზელების მიტანა, ამერიკაში, ეტყობა, დიდ ქველმოქმედებად ითვლება. ხოლო ბოგანო, ბომჟი და საპროტესტო აქციის მონაწილე, რევოლუციის ჯარისკაცი, ეს ორი განსხვავებულობა მოწყალების გამცემისთვის ერთი და იგივე ფენომენია:


შემდეგ გაირკვევა, რომ მაიდნის ყოველი დღე აშშ-ის გადასახადის გადამხდელებს ორი მილიონ იდოლარი უჯდებოდა.


ჭეშმარიტად უთქვამთ: ყველა რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ნერვი ფულია. უმჯობესია, მწვანე კუპიურებით. თუმცა ამ გაწამაწია დღეებში რომელიღაც ექსპერტმა განაცხადა, რომ რკინის ხელკეტებიანი ადამიანები გაცილებით საშიშნი არიან, ვიდრე ადამიანები დოლარებით ხელში.

მაიდანს არც ერთი აკლდა, არც მეორე, და ესეც ჩავთვალოთ მის მეორე მხარედ.

არიელ კოენი, ვაშინგტონის ფონდ „მემკვიდრეობის“ ექსპერტი, მიიჩნევს, რომ არც მაიდანს, მით უფრო, მისით გამოწვეულ მოვლენებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში არაფერი აქვს საერთო არც აჯანყებასთან, არც ამბოხთან. მისი აზრით, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ უკმაყოფილების გამოხატვა ხალხის მასების მხარდაჭერის გარეშე.

ვითომ?

თუ უკრაინის და რუსეთის მედიას დავუჯერებთ,

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თანდათან იღვიძებს სამოაქალაქო საზოგადოება, ოღონდ ორიენტაციის საპირისპირო შეფასებებით. დონეცკი სახალხო რესპუბლიკად ცხადდება. მთელ ამ მხარეში მრავალათასიან მიტინგებზე ხალხი უკრაინის ფედერალიზაციის მოთხოვნით გამოდის. მსგავსი მოთხოვნებია ლუგანსკში, ხარკოვში... მეორე დღეს საპირისპირო ხდება. ეს მოთხოვნები უქმდება. მესამე დღეს ყველაფერი ახლიდან იწყება.


პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ფედერალიზაცია პოლიტტექნოლოგიების საზღვრებს არ სცილდება, რადგან აღელვებული ხალხი დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მივა სოციალიზმის იდეამდე.


დაძაბული ვითარებაა ოდესაშიც, სადაც გერმანელი ფაშისტებისგან ნახევარკუნძულის გათავისუფლების 75 წლისთავის აღსანიშნავი ზეიმის წინა დღეს ადგილობრივმა ნაცებმა ხოლოკოსტის არდავიწყების ძეგლი და ებრაელთა საფლავები წაბილწეს.


შეშფოთდა კიევის ლიდერობა, დროებითი მთავრობა, იგივე თვითგამოცხადებული ხელისუფლება, ანუ ხუნტა, როგორც მას მკვეთრი შეფასებების მოყვარული ანალიტიკოსები უწოდებენ. სამხრეთისკენ დაძრეს სადამსჯელო ძალები – „პრავი სექტორის შეიარაღებული ფორმირებებით და დაქირავებული ბოევიკებით დაწყებული  (ირწმუნებიან ადგილობრივი დამკვირველები) და რეგულარული ჯარის ნაწილებით დამთავრებული (ეს ტელეეკრანებზე საყოველთაოდ სახილველი იყო).


სასწრაფოდ ჩაფრინდა ლუგანსკში სიტუაციის დასამშვიდებლად პანი იულია ტიმოშენკო, პრესკონფერენციაც გამართა, იქვე აეროპორტის ტერიტორიაზე და სასწრაფოდვე უკან გაბრუნდა. ქალაქში შესვლა ვერ გაბედა – აეროპორტთან შეკრებილი ხალხის შეეშინდა.


ლავროვი და კერი, რუსეთისა და აშშ საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თითქმის თანხმდებიან მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვის საკითხში უკრაინის, რუსეთის, აშშ და ევროკავშირების მონაწილეობით.

თითქოს ჩნდება უკრაინის ბლოკებსგარეშე ქვეყნად ჩამოყალიბების პერსპექტივა.


მაგრამ პარალელურად რუსეთს უწესებენ სანქციებს აშშ, ევროკავშირი,  ართმევენ ეუთოს პარლამენტში ხმის მიცემის უფლებას. რუსეთის დელეგაცია პროტესტის ნიშნად ტოვებს ევროპარლამენტს.


პუტინი აცხადებს, რომ მას მინიჭებული აქვს ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამხედრო მოქმედების განხორციელების ლეგიტიმური უფლება საჭიროების შემთხვევაში.

წილი ნაყარია. მონეტა ტრიალებს – მაიდანი თუ ანტიმაიდანი? „არიოლი“ თუ „რეშკა“?

დაველოდოთ...

 

და ამ ლოდინში ჩვენთვის დასკვნები გავაკეთოთ. მხოლოდ ისეთი, ჩვენს სამშობლოს რომ წაადგება

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016