reportiori.ge - როგორ იცავდა სტალინი მწერალ ბულგაკოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 15:23
სხვადასხვა
როგორ იცავდა სტალინი მწერალ ბულგაკოვს
ავტორი:
12 აპრილი, 2014. 13:51

მათთვის ვინც ისტორიით არის დაინტერესებული: გაეცანით ნაწყვეტს ერთი საინტერესო პუბლიკაციიდან!



ნიკოლაი სტარიკოვი მოგვითხრობს კულტურის მოღვაწეებთან სტალინის ურთიერთობაზე.


სტალინს „თეთრი გვარდია" ათჯერ მაინც ჰქონდა ნანახი და ძალიან მოსწონდა. ბულგაკოვის სხვა პიესებსაც ინტერესით ნახულობდა. 1928 წლის დეკემბერში, მაშინდელმა რევოლუციური სისუფთავის დამცველებმა ბელადს წერილი მიწერეს: „პატივცემულო ამხანაგო სტალინ! როგორ ავხსნათ განსაკუთრებული კეთილგანწყობა ისეთი რეაქციონერი ავტორის მიმართ, როგორიც ბულგაკოვია, რომელმაც მოახერხა და მოსკოვის სამ წამყვან თეატრში 4 აშკარად ანტისაბჭოთა პიესა დადგა; ამასთან ეს ნაწარმოებები მაღალმხატვრული ღირებულებებით სულაც არ გამოირჩევა". 1929 წლის 2 თებერვალს სტალინის პასუხი მიიღეს: „ალბათ იმიტომ, რომ დასადგმელად ვარგისი ჩვენი პიესები არ გვაქვს". ზედმეტად გაღიზიანებულებისთვის კი განმარტებაც დაერთო: „რაც შეეხება პიესას „Дни Турбиных", არც ისე ცუდია, რადგან უფრო მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე სიავე"; ბულგაკოვის დამსახურებით, მთელი მსოფლიო რწმუნდება, რომ „თვით ისეთი ადამიანებიც კი, როგორიც არიან ტურბინები, იძულებული არიან იარაღი დაყარონ, ხალხის ნებას დაემორჩილონ და დამარცხება აღიარონ...". მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბულგაკოვი დაიცვა, „კოლეგები" არ ეშვებოდნენ და 1929 წლის ივლისში საბჭოთა თეატრებში მისი პიესები აიკრძალა. მიხაილ ბულგაკოვი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილმა მწერალმა 1930 წლის 28 მარტს საბჭოთა მთავრობას წერილი მისწერა, წერილში თავის მდგომარეობაზე მიუთითებს: „სრულიად განადგურებული ვარ, წერის აკრძალვა, ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია". წერილის ბოლოს მწერალი ითხოვს, რადგან სამშობლოში არავის ვჭირდები, იქნებ საზღვარგარეთ გამიშვათო... ამ ვითარებაში, სტალინი იმ დროისთვის არატრადიციულად მოიქცა, მას არ გამოუძახებია ბულგაკოვი თავისთან და პრობლემის მოგვარება არც სხვისთვის დაუვალებია, ადგა და პირადად დაურეკა მწერალს. ეს მოხდა მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 4 დღის მერე, 1930 წლის 18 აპრილს. სტალინი ურეკავს შევიწროებულ მწერალს, რომელსაც არ იცნობდა. „...მიხაილ აფანასიევიჩ ბულგაკოვი ხართ? - დიახ, დიახ. - ახლა ამხანაგი სტალინი დაგელაპარაკებათ. რა? სტალინი? სტალინი? და მაშინვე მოესმა ქართული აქცენტით წარმოთქმული - დიახ, სტალინი გელაპარაკებათ. გამარჯობა ამხანაგო ბულგაკოვ. - გამარჯობა, იოსიფ ვისარიონოვიჩ. - თქვენი წერილი მივიღეთ. ამხანაგებთან ერთად წავიკითხეთ. დამაიმედებელ პასუხს მალე მიიღებთ... მართლა საზღვარგარეთ გინდათ წასვლა? რა, ასე მოგაბეზრეთ თავი? (შემდეგში ბულგაკოვი იხსენებდა, რომ შეკითხვამ ისე დააბნია, კარგა ხანს პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა), ბოლო ხანს ბევრი ვიფიქრე - შეძლებს კი რუსი მწერალი სამშობლოდან მოშორებით ცხოვრებას? ასე მგონია, რომ ვერა. - მართალი ბრძანდებით. მეც ასე ვფიქრობ. - სად გინდათ მუშაობა? სამხატვრო თეატრში? - დიახ, იქ ვისურვებდი, თუმცა ვიყავი და უარი მითხრეს. - კიდევ ერთხელ მიიტანეთ განცხადება, ასე მგონია უარს არ გეტყვიან. კარგი იქნება თუ შევხვდებით და ვისაუბრებთ. - დიახ, დიახ! იოსიფ ვისარიონოვიჩ, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი. - დიახ, დრო უნდა გამოვნახოთ და შევხვდეთ, აუცილებლად. ახლა კი ყოველივე კარგს გისურვებთ". ამ ზარმა ბულგაკოვის ცხოვრება შეცვალა, მისმა მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს. 1930 წლის 19 აპრილს ბულგაკოვი МХАТ-ში რეჟისორის ასისტენტად მიიღეს. მისი პიესები ისევ იდგმებოდა წამყვან თეატრებში, გაჩნდა შეკვეთები, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებაც დართეს. მიხაილ ბულგაკოვს ფული გაუჩნდა და ნახევრადმშიერი ყოფა წარსულში დარჩა. მწერალი სტალინის მადლიერი იყო, ერთ-ერთ წერილში აღიარებს: „უკიდურესად მძიმე ვითარებაში გენერალურმა მდივანმა დამირეკა... ენდეთ ჩემს გემოვნებას: მისი საუბარი იყო ძლიერი, გასაგები და ელეგანტური. მწერლის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა"... თუმცა სტალინთან შეხვედრა ვერ შედგა.


ბულგაკოვს ძალიან უნდოდა ბელადთან საუბარი. 1931 წლის 30 მაისს წერილიც მისწერა: „..მინდა გითხრათ, იოსიფ ვისარიონოვიჩ, რომ ჩემი, როგორც მწერლის ოცნებაა პირადად თქვენთან შეხვედრა. მერწმუნეთ, არა იმიტომ, რომ აქედან გამორჩენას ველი, უბრალოდ, 1930 წლის აპრილში ჩვენმა სატელეფონო საუბარმა ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა... მსგავსი საუბრებით განებივრებული არ ვარ. თქვენმა ფრაზამ: - იქნებ მართლა გინდათ საზღვარგარეთ წასვლაო, სულის სიღრმემდე შემძრა"... საინტერესოა, რომ სტალინის მფარველობის მიუხედავად ბულგაკოვის შევიწროვება ცოტა ხანში ისევ განახლდა. არ იყო სტალინი ყოვლისშემძლე, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დაენებებინათ მწერლისთვის, რომლის პიესებსაც გენმდივანი ლამის 18-ჯერ ნახულობდა. სტალინი იძულებული იყო სათითაოდ დაებრუნებინა ბულგაკოვის პიესები თეატრის რეპერტუარში.


1932 წლის თებერვალში სტალინი აფინოგენოვის პიესას „შიში" დაესწრო და არ მოეწონა. თეატრის წარმომადგენლებთან საუბრისას შენიშნა: „მშვენიერი პიესა გაქვთ „Дни Турбиных" - რატომ არ დგამთ? უპასუხეს აკრძალულიაო, „სისულელეა, კარგი პიესაა, აუცილებლად უნდა დაიდგას", - და ათ დღეში სპექტაკლი განაახლეს. ყველა, ვინც ბულგაკოვის ცხოვრების შესწავლას ეცდება, ნახავს, რომ სტალინმა განსაკუთრებით დადებითი როლი ითამაშა მის შემოქმედებაში. ეხმარებოდა, კითხულობდა, პატივს სცემდა. ამას ყველა დაინახავს, გარდა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი იყო ცუდი, რომ ყველგან და ყველაფერში დამნაშავეა რუსეთი და რომ აშშ სიკეთის იმპერიაა. ასე და ამგვარად წიგნებიდან და პოლიტიკიდან გადავედით ცოდნის სფეროში, უფრო სწორად არცოდნისა და სიცრუის სფეროში, რომელსაც მითებით ავსებენ, ბუნება, როგორც მოგეხსენებათ, სიცარიელეს ვერ იტანს...

 

ნ. სტარიკოვი

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016