დეპრესიის უამრავი მიზეზი არსებობს. სტრესი, დაღლილობა, ფინანსური პრობლემები და ა.შ. ამ ყველაფრის და მიუხედავად თუ კარგად მოძებნით და საკუთარ გულში ღრმად ჩაიხედავთ, აუცილებლად მიაგნებთ მთავარ მიზეზს. შემდეგ აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ ის, რაც გსურთ, რაც მისაღწევია და ვერ აღწევთ. ასევე გვერდით მიუწერეთ ის, რაც გაბრკოლებთ ამ სურვილების ასრულებაში. ასე უფრო მარტივად აღმოაჩენთ მთავარ მიზეზს.
1) თუკი დეპრესიაში ხართ, უამრავი რამ არსებობს, რაზეც შეგიძლიათ გადაიტანოთ ყურადღება. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ კერვა, ხატვა, მუსიკა, წერა და ა.შ.
2) ხშირად დეპრესიის გამომწვევი მიზეზი სამუშაო ადგილია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტივს. ეცადეთ, ისეთი სამსახური იშოვნოთ, სადაც სიხარულით ივლით და არა ძალდატანებით.
3) შეიცვალეთ დამოკიდებულება! ეს არც ისე მარტივია, მაგრამ ნერვებს გაფრთხილება სჭირდება! როდესაც გამოუვალი სიტუაციაა და თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, უბრალოდ სხვა კუთხით შეხედეთ, არ მიიტანოთ გულთან ის რასაც აღარ ეშველება.
4) შეეშვით გამუდმებით პრობლემებზე ფიქრს! ყოველთვის, როცა თქვენი პრობლემები სააშკარაოზე გამოგაქვთ და მასზე საუბრობთ, ყველა თქვენს გარშემო ნეგატივით ივსება და, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თქვენ. ზოგჯერ საჭიროა პრობლემაზე საუბარი, მაგრამ ხშირად არა, რადგან შემდეგ გამუდმებით გიწევთ მასზე ფიქრი, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტი გაიღიმოთ და ოპტიმისტურად მიუდგეთ ყველაფერს.
5) ერიდეთ წარუმატებელ ხალხს! ეს რჩევა ჰუმანურობისგან შორს დგას, მაგრამ საჭიროა. წარუმატებელ და უიღბლო ხალხთან ურთიერთობა თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ, უფრო ჩაიკეტებით და უფრო მეტ პრობლემას ნახავთ. ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მხიარულ საზოგადოებაში, სადაც პრობლემა ნაკლები იქნება.
6) მოძებნეთ ნამდვილი მეგობარი! როდესაც ატყობთ, რომ თქვენი დეპრესია პიკს აღწევს, ასეთ დროს გჭირდებათ და აუცილებელია ისეთი ადამიანი გყავდეთ გვერდში, რომელსაც თქვენი ესმის. მოგისმენთ და რაც მთავარია სწორ რჩევებსაც მოგცემთ. კარგად დაფიქრდით, ვინ გეგულებათ ასეთი და სთხოვეთ დახმარება, ამაში დასაძრახი არაფერია.
7) დაკავდით სპორტით! სპორტი პირველ რიგში ჯანმრთელობაა, მაგრამ თქვენ თუ დეპრესიაში ხართ, ორმაგ დახმარებას გაგიწევთ. კალორიებთან ერთად დაიწვება ის ფიქრიც რომელიც გაწუხებთ!
8) არ მოდუნდეთ! რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება! არაფრით არ მისცეთ თავს მოდუნების უფლება! იარეთ მაღაზიებში, გამოფენებზე, იკითხეთ წიგნები და ა.შ..
9) დაეხმარეთ სხვებს! მართალია თქვენ გჭირდებათ თავად დახმარება, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ და უამრავ ადამიანს დაინახავთ, რომელთაც თქვენზე მეტად სჭირდება. ასე რომ დაეხმარეთ მათ და დამიჯერეთ ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით.
არსებობს ასეთი გამოთქმა - დეპრესია არის ქალი შავებში, რომელიც კარზე გიკაკუნებთ და თუ თქვენ მას გააგდებთ, ის მუდამ იდგება თქვენი კარის სიახლოვეს, მაგრამ თუ შემოიპატიჟებთ, დასვამთ მაგიდასთან, დააპურებთ და შემდეგ კითხავთ მოსვლის მიზეზს, მაშინ გაქვთ შანსი, რომ მას სამუდამოდ დაემშვიდობოთ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)