ამერიკელებმა „სასწაულმოქმედი მანქანა" გამოიგონეს, რომელიც წყალს ღვინოდ აქცევს. მათ, ვინც ბიბლიური სასწაულის გამეორებას მოისურვებს, რამდენიმე ასეული დოლარი და სამი დღე დაჭირდება. Vinoge.com-ის ინფორმაციით, ეს უცნაური დანადგარი კალიფორნიული ღვინის კომპანია „CustomVine"-ის დამაარსებლებმა კევინ ბოიერმა და ფილიპ ჯეიმსმა შექმნეს. იმისათვის, რომ წყალი ღვინოდ იქცეს, წყალი აპარატში უნდა ჩაისხას და ფხვნილისმაგვარი ინგრედიენტები დაემატოს.
მყიდველს საშუალება აქვს, დუღილის პროცესს სმარტფონის უფასო აპლიკაციის მეშვეობით ადევნოს თვალყური. პროგრამა თავადვე შეატყობინებს, როდის იქნება მზად ღვინო. ცხადია, გამოგონების ავტორებმა ტექნოლოგია არ გაამხილეს, თუმცა საზოგადოებას რამდენიმე ნიუანსი მაინც გააცნეს - ციფრული რეფრაქტომეტრი ღვინოში შაქრის შემცველობას ზომავს, ხოლო როდესაც ღვინოს ჟანგბადით გამდიდრება სჭირდება, ჰაერის დიფუზორი მას სუფთა ჰაერით ამარაგებს. გარდა ამისა, მას გააჩნია ულტრაბგერითი გარდამქმნელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ღვინის დუღილის პროცესს აჩქარებს. ამ აპარატის მფლობელს შეუძლია თავად აირჩიოს ღვინის სახეობა და სხვა დამატებითი მახასიათებლებიც თავადვე მიუთითოს - მაგალითად, ღვინოს უნდა დაჰკრავდეს ხილის არომატი, იყოს შუშხუნა და ა.შ.
აპარატს, რამდენიმე სახის ღვინის შესაქმნელად, სპეციალური ფხვნილები მოჰყვება. მართალია, ამ ეტაპზე არჩევანი დიდი არ არის, მაგრამ შემქმნელები გვაიმედებენ, რომ ღვინოების ჩამონათვალი მალე გაიზრდება. დღეისთვის კი მხოლოდ ამ სახეობებს გვთავაზობენ: კაბერნე და შარდონე ნაპას ველიდან, ორეგონული პინო ნუარი, ტოსკანური კუპაჟური ღვინო, კალიფორნიული სოვინიონ ბლანი, წითელი და თეთრი ბურგუნდიული ღვინოები.
„სასწაულმოქმედი მანქანის" წარმატებით გასაყიდად ბოიერი და ჯეიმსი სპონსორს ეძებენ. თუ ძიება წარმატებით დასრულდა, აპარატის შეძენას მსურველები წელსვე შეძლებენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 499 დოლარად. ჯერჯერობით უცნობია რა ეღირება ფხვნილის ინგრედიენტები, თუმცა, ბატონი ბოიერი გვარწმუნებს, რომ „სასწაულმოქმედი მანქანის" მეშვეობით დამზადებული ერთი ბოთლი ღვინო დაახლოებით 2 დოლარი დაჯდება. ამბობენ, რომ ის ხარისხით არ ჩამოუვარდება ტრადიციული გზით მიღებულ ღვინოს, რომლის ფასიც მინიმუმ 20 დოლარია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)