6 მაისს, მამა-შვილ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებს, ფილარმონიის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალურ დარბაზში, ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოს დასასრულს განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. კულტურის პალატის ინიციატივამ დამსწრე საზოგაოდებაში ოვაცია და დიდი სიხარული გამოიწვია.
შეგახსენებთ, ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო „მათქმევინე - ქვეყნად სიცოცხლე ღირდა!" მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალურ დარბაზში გუშინ გაიმართა.
საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსები და მსახიობები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია უყვართ.
ღონისძიება მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" და მასთან არსებული არტ-სახელოსნო „კოლიბრის" ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩატარდა..