ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს ახალი აღთქმის რამდენიმე მოვლენას: უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას და იგავებს ორ ძმასა და ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ ქრისტეს უარმყოფელ ისრაელის ხალხს და ყოველ ადამიანს, რომელსაც სასიკეთო ნაყოფი არ მოაქვს თავისი ცხოვრებით; ასევე მაცხოვრის წინასწარმეტყველებას, თავისი მომავალი ტანჯვის შესახებ.
ვნების შვიდეულის პირველ დღეს ეკლესია იხსენიებს ძველი აღთქმის განსაკუთრებული ღირსებებით შემკულ პიროვნებას – იოსებ მშვენიერს. თავისი მართალი ცხოვრების გზაზე მან ბევრი სატანჯველი გამოიარა: იგი გაყიდეს ძმებმა, მას ცილი დასწამა ფარაონის კარისკაცის ცოლმა და მოხვდა საპყრობილეში. მაგრამ ღმერთი ყველა გასაჭირში ეხმარებოდა თავის რჩეულს. ბოლოს, სწორედ ფარაონის მრჩევლად ქმნილმა იოსებმა დიდსულოვანი მიმტევებლობით გადაარჩინა ძმები და საყვარელი მამა შიმშილით სიკვდილისაგან. ამით ის იქცა ქრისტეს წინარესახედ, რომელმაც ადამიანებისაგან ვნებულმა, ჯვარცმულმა, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულმა, თავისი აღდგომით ხსნა მოუტანა ადამიანებს!