„არსებული რედაქციით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება არსებითად არ შეცვლის დღეს არსებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტატუსკვოს და არ გახდება დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.“-ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე „რეპორტიორთან“ საუბარში. მისი თქმით, არსებული ვერსიით კანონის მიღება, სახალხო დამცველის კომპეტენციებს მცირედით აფართოებს.
„ აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება, რამაც უნდა მოიცვას სახალხო დამცველისთვის დამატებითი საკადრო და ფინანსურ-მატერიალური რესურსების გადაცემა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დისკრიმინაციის აკრძალვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიული მექანიზმის აღდგენა. კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმის (დაჯარიმების) გაუქმება არსებითად ასუსტებს დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს.
ასევე საჭიროა კანონპროექტში აისახოს ის პროცესუალური გარანტიები, როგორებიცაა მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას. სახალხო დამცველისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის, დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების დაწესება. სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის გონივრული ვადის დაწესება. მოცემული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებები გაიზრდება სხვა ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.“-აცხადებს შალამბერიძე.