საქართველოს საპატრიარქო საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან შეხვედრისას, სთხოვს სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის საკითხი დააყენოს.
ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახანს გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.
ჩვენი მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვისა, გარდაცვლილთა დაკრძალვისა, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულებისა”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
აძვში რუსი ოკუპანტები მოსახლეობას ეკლესიისა და სასაფლაოების მონახულების უფლებას არ აძლევენ.