საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხით დაიწყებს.
"ზურაბ აბაშიძე ჯერ არ ჩასულა პრაღაში. როგორც კი ჩავა, ჩვენ მას დაველაპარაკებით, ინფორმაციას მივაწვდით და ის თავის შეხვედრას ბატონ კარასინთან სწორედ ამ თემით დაიწყებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამგზავრებამდე საგარეო უწყება ან შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენონ.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ვინც აპირებს, გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - არ გააკეთონ ეს გაუფრთხილებლად და ყოველთვის ასეთი გეგმები შეატყობინონ საგარეო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ TV 3 - ის ჟურნალისტების დაკავების შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდება.