ბათუმის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილის ავტორები პრემიერს სთხოვენ „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად ქალაქის მცხოვრებთათვის მისაღები და ღირსეული პიროვნება წარადგინოს, რომლის წარსული და მიმდინარე საქმეებიც შეუფერებელ კითხვებს არ გააჩენს.
ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„იმედია, ეს მიმართვა დროული იქნება ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდში. ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენების საქმეში ჩვენი კუთხის, განსაკუთრებით კი ბათუმის როლი ყოველთვის გამორჩეული იყო. იგი თავისი ცხოვრების წესითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით ევროპასთან ურთიერთობაში საქართველოს ფორპოსტი გახლდათ. პატრიარქი ბრძანებს: „ყველაფერი საუკეთესო საქართველოში აჭარიდან იწყება!“... ამის გათავისებით ვცხოვრობთ და ვიღწვით მისი ისტორიული წარსულის უკვდავსაყოფად, ღირსეული თანამედროვეობისა და მომავლის შესაქმნელად. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო წლები, როცა საზოგადოების ღირსეული ნაწილის აზრი ამ ქვეყნის ძლიერთ არ აინტერესებდათ. სწორედ ასეთი გახლდათ ის ცხრა წელი, როდესაც სრულიად საქართველოს ე. წ. „ჩარეცხილთა“ ჩამონათვალში ბათუმელი ინტელიგენციაც მოვხვდა. ვცდილობდით გვეთქვა სათქმელი, ხშირად ხმამაღლადაც კი, მაგრამ სამწუხაროდ იგი რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და ამ სიმართლისთვის ვისჯებოდით კიდეც. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ყველამ ერთად, თქვენთან, ბატონ ბიძინასთან ერთად ნამდვილი დემოკრატიული არჩევნებით დავასრულეთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის მიმართ, იმ იმედით, რომ ამიერიდან ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას გათვალისწინებული იქნებოდა ჩვენი კულტურის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, მწერლობის მესვეურთა და კიდევ სხვა ღირსეულ ადამიანთა შეხედულებები. ჩვენი დღევანდელი მცდელობა ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან წამოსული ბრძანება-სურვილების შეცვლისა, იმედი გვაქვს არ დარჩება მხოლოდ მცდელობად, ვიმედოვნებთ, რომ დღეს ბათუმის წინსვლისა და მომავალი განვითარებისათვის ყურად იღებთ ჩვენს მოსაზრებებსა და სურვილებს.
მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები გაიმართება და ბუნებრივიცაა, რომ ეს წერილი სწორედ ამ მწვავე საკითხს შეეხება. დემოკრატიის მშენებლობის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ქალაქის თავკაცს ხალხი აირჩევს. მაგრამ მნიშვნელოვანი და საფიქრალია ის, თუ როგორ მოხდება ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალის, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატის დასახელება. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენილი უნდა იყოს ბათუმისა და ბათუმელებისათვის მისაღები და ღირსეული პიროვნება, რომლის წარსული და მიმდინარე საქმეები არ აჩენს ქალაქის პირველკაცისთვის ისეთ შეუფერებელ შეკითხვებს, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩება ან პასუხები მიუღებელი იქნება ჩვენი თანაქალაქელებისათვის. ჩვენი აზრით, ბათუმს უნდა ჰყავდეს მისი კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, მისი იერსახისა და ღირსების გულშემატკივარი მერობის კანდიდატი, რომელსაც უკვე უკეთებია ბევრი კარგი საქმე, რომელიც ყველა დროს ისტორიის გადასახედიდან გამომდინარე იცავდა ბათუმის ინტერესებს და რომელსაც ნამდვილად აირჩევს ჩვენი ქალაქი.
ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყველა ნიუანსის, თითოეული პრეტენდენტის წარსულის, მათი საქმეებისა და პიროვნების გულდასმით შესწავლის შემდეგ მოხდეს ბათუმისთვის ღირსეული და მისაღები კანდიდატის დასახელება, რომელიც არ გამოიწვევს ჩვენი თანაქალაქელების უკმაყოფილებას და არ შეგვატანინებს ეჭვს ოქტომბრის არჩვენებსა და ხალხის სამსახურში მდგომი ხელისუფლების გამარჯვებაში“, - ნათქვამია ღია წერილში.
პრემიერისადმი მიმართვას ხელს 19 პირი აწერს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა დუმბაძე, სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრი რენა სარიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შამილ აბაშიძე, ინჟინერ- მშენებელი ზურაბ აბაშიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვანო პაპუნიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ასლან ლევაძე, აფხაზური საკვირაო სკოლის დირექტორი ადა ქუთელია, დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი გულნარა ბასილაძე და სხვები.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)