ვნების კვირა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის განსაკუთრებული შვიდეულია, სადაც ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს.
ახალი აღთქმის მიხედვით ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა,სადაც სიმონ კეთროვნის სახლში,უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა. სწორედ ამ დროს მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, ამავდროულად ქრისტეს თორმეტი მოწაფიდან ერთ-ერთის, იუდა ისკარიოტელის, სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსათვის გადაეცა .
მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურებაზე განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო,ხოლო იუდას ვერცხლისმოყვარებასა და გამცემლობას კიცხავს და გმობს.