ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საუბარი ნუგზარ ფოფხაძის სახლშია ჩაწერილი. შეხვედრას თავად ნუგზარ ფოფხაძე, გელა ხვედელიძე, გიორგი მამაცაშვილი და ლაშა ამირეჯიბი ესწრებოდნენ.
ფარესიშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერში გელა ხვედელიძე ამბობს, რომ მან ამ დღეებში უნდა დაიჭიროს სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები და მიზეზად ვაუჩერების არასწორად დარიგდებას ასახელებს.
"იმ შეხვედრაზე ჩემზეც იყო საუბარი. გიორგი მამაცაშვილი საუბრობს, რომ მას "ასავალ-დასავალიდან" წამოღებული აქვს კადრები, რომელიც შემოუგდეს "ნაციონალებმა", რათა მამაცაშვილმა შემდეგ მე დამსაჯოს. ნუგზარ ფოფხაძე კი ამბობს, რომ ეს კადრები გიორგის ხელში აქვსო. ნუგზარ ფოფხაძე ამირეჯიბს ეუბნება: "მომისმინე, მე გითხარი, ეს არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მე გითხარი მაშინაც და ახლაც გეუბნები", გულისხმობს ჩემს ინტერვიუს გელა ხვედელიძეზე, გია ხუხაშვილზე, ლაშა ნაცვლიშვილზე" - აღნიშნა გიორგი ფარესიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი პროკურატურაში წარდგენილია და ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს.
გიორგი ფარესიშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს თუ ვინ გადასცა ჩანაწერი. ბრიფინგს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც ესწრებოდა.