სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას გეგმავს. TV 3-ის ჟურნალისტების გატაცების ფაქტს პეტრიაშვილი ამ გეგმის ნაწილად თვლის.
„მორიგი პროვოკაციული ქმედებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს იმ პროვოკაციული გეგმის და სქემების განხორციელებას, რომლითაც ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას. მათ იცოდნენ, რომ დღევანდელ ინციდენტს მოჰყვებოდა რეაგირება. მცდელობა არის, რომ რეაგირება იყოს მძაფრი, მცდელობაა ვითარების ექსკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობა, ამ შემთხვევაში, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, როგორც ჩანს, მცდარი მოლოდინი აქვთ, რომ მოხდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, სიტუაციის დაძაბვა და ა.შ. ჩვენ ცივი გონებით განვაგრძობთ მუშაობას და სიტუაციის განმუხტვას,“- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის „სიურპრიზები“ მოსალოდნელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, წამოეგოს პროვოკაციაზე.
„ასეთი ტიპის სიურპრიზები და ხრიკები მოსალოდნელია, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ პროვოკაციებში ჩაბმა და საქართველომ შეუფერხებლად შეძლოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა,“- აღნიშნა პეტრიაშვილმა.