ბუნების ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილების,კატის შესახებ მრავალი მითი თუ თქმულება არსებობს .მაგრამ არსად იგი ისე დაფასებული არ ყოფილა, როგორც ეგვიპტეში, სადაც მისი კულტი არსებობდა.სწორედ ეგვოიპტელებმა შერაცხეს იგი სიკეთის ,ოჯახური სიმშვიდის ,სიხარულის, დედობრივი მზრუნველობისა და დამცველი ძალის სიმბოლოდ.კატა უპირველესყოვლისა განასახიერებდა, ქალღმერთ ,ბასტეტს,მას ქალის ტანითა და კატის სახით გამოსახავდნენ.ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე იუწყება,რომ ქალაქ ბუბასტიტში ეგვიპტის ყველაზე ლამაზი სამლოცველო აშენდა, რომელიც ბასტეტის სამყოფელი იყო. მთავარ სიწმინდედ კი ღვთაების გიგანტური ქანდაკება ითვლებოდა. დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს, ფარაონმა შეშონკ პირველმა ეს ქალაქი დედაქალაქად აქცია და აქედან ამ ქალღმერთის კულტი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. თითქმის ყველა ეგვიპტელს ჰყავდა სახლში კატა _ მას ისე უვლიდნენ, როგორც ყველაზე ძვირფას არსებას. თუ ხანძარი ჩნდებოდა, კატა ბავშვებზე ადრეც კი გამოჰყავდათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან. როდესაც კატა კვდებოდა, მთელი ოჯახი სამგლოვიაროდ იმოსებოდა ,ხოლო მწუხარების ნიშნად წარბებს იპარსავდნენ. მკვდარ ცხოველს სურნელოვან ზეთებს უსვამდნენ და აბალზამირებდნენ.პატრონების რწმენით, მხოლოდ ასე შეძლებდა მათი გარდაცვლილი კატის სული სხეულში დაბრუნებას. კატის მუმიას ჭრელ სახვევში ახვევდნენ, შემდეგ სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ. იმისათვის, რომ კატას საიქიოში თავი აკრგად ეგრძნო, მას საფლავში სათამაშოებთან ერთად ზოგჯერ თაგვის მუმიებსაც აყოლებდნენ.კატები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ადამიანი შემთხვევით, ან მითუმეტეს განზრახ კლავდა კატას, ის ისჯებოდა სიკვდილით.
ეგვიპტელები კატების საპატივცემულოდ ქანდაკებებსაც კი ქმნიდნენ ოქროს,ბრინჯაოსა და მარმარილოსგან, რომლებიც დღეს უნიკალურ ქმნილებებად მიიჩნევა და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში ინახება.ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ ,რომ ეს ქანდაკებები გამოხატავენ იმ ეპოქის სულს, კულტურას და ცხოვრების წესს.