სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა თბილისის მთვარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტყში ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია: „ქართული სალიტერატურო ენის სწავლება საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები“. ჩამოსულები იყვნენ ის უცხოელი სტუდენტები რომლებიც ეუფლებიან ქართულ ენას. კონფერენცია მიეძღვნა ორ გამორჩეულ თარიღს: 12 აპრილს - ქართული ენის დღეს (რომელიც საქართველოს ეკლესიის მიერ აღინიშნება ყოველ ლაზარეს შაბათს) და 14 აპრილს - საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს.
კონფერენციის მიზანი იყო:
- უცხოელებისა და საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირებისათვის ქართული ენის სწავლების გამოცდილების გაზიარება;
- სწავლების პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევის გზების ძიება;
- ქართული ენის სწავლებისას თანამედროვე ტექნოლოგიების როლის განსაზღვრა;
- ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტთა/მსმენელთა თვალსაზრისების მოსმენა-განხილვა...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი შერვაშიძე სამინისტროს სახელით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიურ საკითხებზე, სპეციალური სახელმძღვანელოების მომზადების აუცილებლობაზე, რომელთა შესახებაც მუშავდება სპეციალური პროგრამები. მან აღნიშნა ქართული უნივერსიტეტის დიდი დამსახურება ამ საქმეში, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს და ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს.