დიპლომატი, პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, რაულ ჩილაჩავა საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ყოფაზე საუბრობს.
„ჩვენი ყველა ხელისუფლება, საქართველოს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა მილიონიანი არმიის აზრის გაუთვალისწინებლად ან სულაც მისი გაყალბებით „იმარჯვებს“ ხოლმე! „- აღნიშნავს ჩილაჩავა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს.
„ სამწუხაროდ, არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს ასი პროცენტით პროქართული პოზიცია. არა იმიტომ, რომ არ გვინდა ან პატრიოტების სიმცირეს განვიცდით, უბრალოდ, ამას არავინ დაგვანებებს. უპირველესად, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ჩართული ვართ დიდ მსოფლიო გეოპოლიტიკურ თამაშში და წარმატება დამოკიდებულია როგორც მწვრთნელის გონიერებაზე, ასევე მოთამაშეთა პროფესიონალიზმზე. ამიტომაც, ნებისმიერ ვითარებაში, უნდა გამოვიჩინოთ სრული პრაგმატიზმი და მაშინაც კი, როცა ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდებით, შევეცადოთ გავთბეთ და არ დავიწვათ!...
ეჭვს გარეშეა საქართველოსთვის პროდასავლური კურსის უპირატესობა, ევროპულ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებთან წილნაყარობა, მაგრამ, ცხადია, არა ისეთი სალდაფონური სიჯიუტითა და უხეშობით, როგორც ამას დღემდე ვცდილობდით. ასეთი კურსი მე არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობად მიღირს. ამავე დროს, ისიც კარგად მესმის: ფასეულობები ფასებით არ უნდა შევცვალოთ! და სწორედ აქაა აუცილებელი დიდი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და გამოცდილება, რისთვისაც საკმარისი არაა ამერიკაში ორწლიანი სტაჟირება, ნატოს ქება და რუსეთის გინება. როგორც პირადმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ყოველივე ამან სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო.
საქართველოს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, მისი სურვილის შესაბამისად, უნდა შეუნარჩუნდეს ეს სტატუსი! მეტიც: საზღვარგარეთელ ქართველთათვის უნდა მოიხსნას ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობაზე ნებისმიერი შეზღუდვა!“- აცხადებს რაულ ჩილაჩავა.