16 ივლისს, შემოსავლის სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომხეთიდან არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის ცდელობა გამოააშკარავეს. სომხეთის მოქალაქე სონა ა.-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 3 ცალი ოქროს ბეჭედი, 5 ცალი ოქროს სამაჯური, 8 ცალი ოქროს ყელსაბამი, 1 ცალი ოქროს კულონი, 4 ცალი ოქროს ჯვარი და 2 წყვილი ოქროს საყურე, საერთო წონით 230,9 გრამი აღმოაჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ 9282,6 ლარი შეადგინა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ქვეყანაში შემოტანა სომხეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ ნარინე მ. სცადა. აღნიშნული მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მას ხელბარგში არადეკლარირებული საქონელი - 9 ცალი ოქროს ბეჭედ, 8 წყვილი ოქროს საყურე, 5 ცალი ოქროს ჯვარი, საერთო წონით 84 გრამი აღმოაჩნდა. აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ 3365.26 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სონა ა.-ს 9282,6 ლარის ოდენობით, ხოლო ნარინე მ.-ს 3365.26 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.