ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი სსრკ-ის სახალხო არტისტი აკაკი ალექსის ძე ხორავა 1895 წლის 17 აპრილს სოფელ ოჩხომურში, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიბადა.
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის „გეგეჭკორი“), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი.
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის „სალომე“), ანდუყაფარი ( ერისთავის „გაყრა“), უსახელო ( ტოლერის „კაცი-მასა“), ლაერტი ( შექსპირის „ჰამლეტი“), ბერსენევი ( ლავრენიოვის „რღვევა“), ანზორი ( შანშიაშვილის „ანზორი“), არგიშდი ( დადიანის „თეთნულდი“), კარლ მოორი ( შილერის „ყაჩაღები“), პლატონ კრეჩეტი ( კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი „), არსენა ( შანშიაშვილის „არსენა“), პედრო ( მდივნის „ალკაზარი“), ოტელო ( შექსპირის „ოტელო“, ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), ოიდიპოსი ( სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სირანო ( როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ტარიელი ( ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ბორის გოდუნოვი ( პუშკინის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა.
1924 წლიდან ხორავას კინოში იღებენ: გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძ“, 1942-1943), სკანდერბეგი („ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“, 1953), გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“!, 1965) და სხვა.
ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951).
1972 წელს ხორავას სახელი მიენიჭა მსახიობის სახლს (თბილისი). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს თბილისში.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)