დღეს რუსეთში ფაშიზმით აშინებენ ბავშვებს და საერთოდ ყველას, ვინც არ მოსწონთ. ფაშიზმს თავისი განმასხვავებელი ნიშნები გააჩნია და კარგი იქნება თუ ეს ყველას ეცოდინება. გთავაზობთ ფაშიზმისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს, რომელიც ბრიტანელმა პოლიტტექნოლოგმა, ლოურენს ბრიტმა შეიმუშავა.
1. მძლავრი და ხანგრძლივი ნაციონალიზმი – ფაშისტური რეჟიმები მუდმივად იყენებენ ნაციონალისტურ ლოზუნგებს, დევიზებს, სიმბოლოებს, სიმღერებს და ა.შ. ყველგან შეგიძლიათ დაინახოთ დროშები და დროშის სიმბოლოები ტანსაცმელსა და საზოგადო ადგილებში.
2. საყოველთაოდ აღიარებული ადამიანთა უფლებების იგნორირება – მტრის შიშით და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით ფაშისტური ხელისუფლება ირწმუნება, რომ ადამიანის უფლებებს შესაძლებელია გვერდი აუარო „განსაკუთრებულ“ შემთხვევებში და „აუცილებლობისას“. ადამიანებს აიძულებენ „სხვაგვარად იფიქრონ“, ან სულაც მოიწონონ ცემა, მკვლელობა, დაკავებულთათვის თავისუფლების ხანგრძლივი ვადით აღკვეთა და ა.შ.
3. მტრის ხატის შექმნა, გაერთიანების საფუძველია – ხალხი ფაშისტური რეჟიმისას პატრიოტულ მოძრაობას ქმნის საერთო საშიშროებისა თუ მტრის წინააღმდეგ: რასობრივი, რელიგიური ან ნაციონალური უმცირესობის, ლიბერალების, კომუნისტების, სოციალისტების, ტერორისტების და ა.შ.
4. შეიარაღებული ძალების მდგომარეობის პრივილეგირება – თუ ქვეყანაში ბევრი საშინაო პრობლემაა, შეიარაღებული ძალები არაპროპორციულად დიდ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები კი გადაუჭრელი რჩება. პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს სამხედროებისა და სამხედრო საქმის პოპულარიზაციას.
5. დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით – ფაშისტურ ხელისუფლებაში მამაკაცები დომინირებენ. ტრადიციული გენდერული როლები მკაცრად მყარდება. ძლიერდება ჰომოფობია და უარყოფითი დამოკიდებულება აბორტებისადმი.
6. მედიის კონტროლი – მედიასივრცის კონტროლი ხდება უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან, ან ირიბად, თანამგრძნობი ჟურნალისტებისა და მედიის ხელმძღვანელებისგან.
7. ნაციონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მანიაკალურ დონემდე აყვანა – ხელისუფლება შიშს მასებზე ზემოქმედების სამოტივაციო ინსტრუმენტად იყენებს.
8. რელიგიისა და ხელისუფლების ერთობლიობა – ფაშისტური ქვეყნების ხელისუფლება რელიგიას საზოგადოებრივი აზრის სამართავად იყენებს. რელიგიურ რიტორიკას და ტერმინოლოგიას ქვეყნის ლიდერები იყენებენ მაშინაც კი, როცა რელიგიის უმთავრესი პრინციპები დიამეტრალურად ემიჯნება ხელისუფლების საქმიანობასა და პოლიტიკას.
9. კორპორაციის დაცვა – სამრეწველო და ბიზნეს არისტოკრატია ფაშისტურ ქვეყნებში ხშირად ერთიან ძალად გვევლინება, როდესაც ხდება ურთიერთსასარგებლო საქმიანი გარიგებები მმართველ ელიტასთან.
10. პროფკავშირების შევიწროვება – ფაშისტური ხელისუფლებისთვის პროფკავშირები ერთადერთ რეალურ ხიფათს წარმოადგენენ, ამიტომ მათ ან აუქმებენ, ან მაქსიმალურად უკრავენ ხელ-ფეხს.
11. ინტელიგენციისა და ხელოვნების უგულვებელყოფა – ფაშისტურ სახელმწიფოებში ყველანაირად ხელს უწყობენ განათლებული ფენისა და მეცნიერების მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს. დევნიან მათ, ხშირად კი აპატიმრებენ კიდეც. ხელოვნებაში თვითგამოხატვის თავისუფლება ღია თავდასხმების მსხვერპლი ხდება და როგორც წესი, მთავრობა ხელოვნების დაფინანსებაზე უარს ამბობს.
12. დანაშაულისა და სასჯელის აკვიატებული იდეა – ფაშისტური რეჟიმისას პოლიციას შეუზღუდავ უფლებებს აძლევენ. პატრიოტიზმის იდეისთვის, ხშირად ადამიანები პოლიციელთა გადამეტებულ თვითნებობას თვალს უხუჭავენ, თუნდაც ეს მათ მოქალაქეობრივ თავისუფლებას ეხებოდეს.
13. აულაგმავი კორუფცია – ფაშისტურ რეჟიმებს, როგორც წესი კლანური დაჯგუფებები მართავენ, რომლის წევრებიც ერთმანეთს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ და ძალაუფლებას კლანის წევრების პასუხისმგებლობისგან დასაცავად იყენებენ. თავად ხელისუფლებაში მოკალათებული კლანის ლიდერები კი ურცხვად ძარცვავენ სახელმწიფო რესურსსა და ხაზინას.
14. გაყალბებული არჩევნები – ფაშისტურ სახელმწიფოებში არჩევნები ხშირად ფარსს ემსგავსება. ოპოზიციის კანდიდატებს ათასგვარ ბრალდებებს უყენებენ (ხშირად კლავენ კიდეც) და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად იყენებენ სათავისოდ.
საარჩევნო მანიპულირების გამართლების ფუნქცია კი კორუმპირებულ სასამართლო სისტემას აკისრია.
რუსეთში დღეს მოქმედი ხელისუფლება ფაშისტური რეჟიმის თოთხმეტივე პუნქტს აკმაყოფილებს. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია...
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ
P. S. „რეპორტიორი“თვლის, რომ ბატონი ლოურენს ბრიტის მიერ შემუშავებული, ფაშიზმის ამოსაცნობი 14 ნიშანი, ფრიად ნიშანდობლივი იყო გუშინ და საყურადღებოა დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არსებობს, ხვალეზე ზრუნვა და ფიქრი კი დღესვე გვმართებს.ხოლო რომელი ქვეყნის ,რომელ რეჟიმს მიესადაგება ეს 14 ნიშანი,ჩვენმა მკითხველმა თავად განსაზღვროს.
(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)