ქალაქის ყოფილი ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, მათ უქიმერიონის მაჟორიტარი კანდიდატისათვის ოფისის დაქირავება სურთ, თუმცა ვერ ახერხებენ.
ძოწენიძის განმარტებით, გასაქირავებელი ფართის მეპატრონეები "ნაციონალურ მოძრაობისათვის" ფართის მიქირავებისგან თავს იკავებენ.
"ქუთაისში უქიმერიონის მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოფისს ვეძებდით დასაქირავებლად. ხუთ ადგილზე გვითხრეს უარი, არადა ეს ფართები რამდენიმე თვეა, რაც ქირავდება. ერთმა მეპატრონემ, რომელთანაც პირობები უკვე შეთანხმებული გვქონდა 700$ თვეში, პლუს საშემოსავლოს ჩვენ ვიხდიდით, ბოლოსკენ სხვათაშორის იკითხა, რისთვის გვინდოდა ოფისი. როცა ვუთხარით, პირდაპირ მოგვახალა, "ნაციონალებზე" ფართს არ ვაქირავებო. მეორემ, გვიცნო და მოგვიბოდიშა, ხომ იცით რა დროა, პრობლემებს შემიქმნიან, არ გეწყინოთო. პრობლემა არაა, ოფისს ვიშოვით, მთავარია, რომ ბედუკაძემ და ჩახალიანმა ისუნთქოს თავისუფლად. ახლა არ დამიწყოთ, "ნაციონალებზე" ახია და ა.შ. ოპოზიციონერების ოფისები იმ "9 წლის" განმავლობაში რუსთაველზე და თამარ მეფეზე იყო წამოჭიმული'', - აცხადებს ძოწენიძე.