თუ სტატისტიკას გადავხედავთ, როდესაც მამაკაცები ქალს უყურებენ, პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ ტუჩებს და არა თვალებს. პლასტიკურ ოპერაციათა დიდი წილი მოდის მკერდსა და ტუჩებზე. ტუჩების მოცულობის გაზრდა დღეისათვის მეტად მოთხოვნადი მანიპულაციაა. ტუჩების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, მაგრამ როგორ? რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომელსაც სურს, ლამაზი, სექსუალურად მიმზიდველი ბაგეები ჰქონდეს, მაგრამ არ სურს ჰიალურონის მჟავას ინექციის გაკეთება? რაც მთავარია, ქირურგის მცირე შეცდომაც კი ტუჩებზე განსაკუთრებით შესამჩნევია. „კარგად გაკეთებული" ტუჩებიც კი დაჭიმულია, ზედა ბაგე ქვედაზე გადმოდის, ხოლო ტუჩის კუთხეები კოლაგენისგან სივდება. გამოსავალი ერთია - ტუჩების გასაზრდელად გამოვიყენოთ ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც ხაზს გაუსვამს ბაგეების ბუნებრივ ხაზს, გახდის მათ უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს.
იმისთვის, რომ ტუჩებს მოცულობა შემატოთ და მისცეთ უფრო სრულყოფილი ფორმა, პირველი თვის განმავლობაში ყოველდღე ივარჯიშეთ, სასურველია დღეში 2-ჯერაც კი, ხოლო შემდგომ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშების კომპლექსი შეასრულეთ კვირაში 2-3-ჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად ვარჯიშის დაწყებამდე კარგად დაიბანეთ და ენერგიულად გამოირეცხეთ პირი ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. ყველა ვარჯიში დასაწყისში გააკეთეთ 10-ჯერ, შემდეგ ნელ-ნელა 1 თვის განმავლობაში ვარჯიშების რაოდენობა 21-მდე მიიყვანეთ. ტუჩები ძლიერად წამოსწიეთ წინ, პირი ოდნავ გააღეთ, შემდეგ მჭიდროდ მოკუმეთ და მოადუნეთ სახის კუნთები. მოკუმეთ პირი, ტუჩები ამოძრავეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ შემოხაზეთ მცირე ზომის რვიანი. ოდნავ გააღეთ პირი, გამოყავით ენა ბოლომდე და ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 3 დათვლამდე. შემდეგ შეყავით ენა, მოკუმეთ პირი და მოადუნეთ სახის კუნთები 2 დათვლამდე. გამოსწიეთ ტუჩები წინ და მკვეთრად ამოისუნთქეთ, თითქოს სანთელს აქრობთ, შემდეგ მოადუნეთ ტუჩები 3 დათვლამდე. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაბერეთ ლოყები, ტუჩები მილისებურად წამოსწიეთ. ამოისუნთქეთ, ჰაერი თავიდან ნელ-ნელა გამოუშვით, ხოლო ბოლოს 2-3 მკვეთრი დარტყმით გამოდევნეთ. ნელა, წამღერებით წარმოთქვით ხმოვნები „ა-ე-ი-ო-უ", შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ ლოყები და ამოისუნთქეთ ჰაერი ნახევრად მოკუმული პირით ისე, რომ ტუჩები ვიბრირებდეს. ღრმად ჩაისუნთქეთ, ტუჩები წინ გამოსწიეთ და ძალით ამობერეთ ჰაერი. ამ დროს დაითვალეთ 6-მდე. შემდეგ მოადუნეთ კუნთები, გააღეთ პირი და მაქსიმალურად გადაჭიმეთ ტუჩები, თითქოს იღიმებით. 2-5 წუთის განმავლობაში წაუსტვინეთ ნაცნობი მელოდიები, ეცადეთ, ბგერა იყოს მაქსიმალურად მაღალი და სუფთა.
დილით, კოსმეტიკური სეანსისას, დღის კრემი (რომელიც თვალების გარშემო კანისთვის არის განკუთვნილი) ტუჩებზე წაისვით ფრთხილი მოძრაობით, ისე, რომ ტუჩები არ დაჭიმოთ. ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, მათი კვება აუცილებელია. ამისთვის იყენებენ მცენარეულ ზეთს, საუკეთესო კი ზეითუნის ზეთია. შეგიძლიათ, ზეთში ლიმონის რამდენიმე წვეთიც ჩაასხათ. მიღებული სითხით ტუჩები უნდა გაიწმინდოთ, 10 წუთის შემდეგ კი სითხის ნარჩენი, რომელიც ტუჩებმა არ შეიწოვა, ხელსახოცით ფაქიზად მოიცილოთ.
ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, წაისვით სტაფილოს თაფლიანი წვენი, რძეგარეული გახეხილი ბანანი, ზეითუნის ზეთგარეული თხელი თაფლი. ეს ნიღბები ტუჩებზე 5-10 წუთს გაიჩერეთ და შემდეგ ბამბის ფთილით ფაქიზად მოიწმინდეთ.
მერილინ მონროს ტუჩების საიდუმლო გაინტერესებთ? ამ უმშვენიერეს ქალს, რომელიც მე-20 საუკუნის სექსსიმბოლოდ აღიარეს, საოცარი მოყვანილობის ტუჩები ჰქონდა, მათთვის მეტი სექსუალურობის მისანიჭებლად კი მონრო პატარა ეშმაკობას იყენებდა: თავდაპირველად ტუჩებზე ფუნჯით საშუალო შეფერილობის ტუჩსაცხს ისვამდა, შემდეგ ტუჩების ცენტრში - უფრო მუქი ფერის პომადას, ბოლოს კი კიდევ უფრო მუქი ტონით ტუჩის კონტურებს მოხაზავდა. ამისთვის ერთი და იმავე ფერის, მაგრამ სხვადასხვა ტონის ორი ტუჩსაცხია საჭირო: მუქს ცენტრში ისვამთ, ბაცს კი კიდეებზე, - მაგრამ თუ მხოლოდ ერთი ტუჩსაცხი გაქვთ, მისი ფერის კონცენტრაცია შუაში უნდა მოხდეს, კიდეებთან კი გაცილებით თხლად წაისვათ, რათა კონტური ნაკლებად მკაფიო გამოჩნდეს. ეს უბრალო ეშმაკობა ვიზუალურად გაზრდის ტუჩების მოცულობას და მათ მეტ სილამაზესა და მიმზიდველობას შესძენს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)