reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: "რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - რას ამბობდა სააკაშვილი 13 წლის წინ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:55
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: "რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - რას ამბობდა სააკაშვილი 13 წლის წინ
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 12:16



"როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის"

 

"ქართველი ერი არ არის ერი, რადგან მისი პოლიტიკოსები გაცილებით იოლად ახერხებენ უცხოელებთან გარიგებას, ვიდრე ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნასო"

 

"შევარდნაძეს უთქვამს ჩემთვის, რომ მე მომიაზრებს მემკვიდრედ! ეს მას უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვისაც, შაშიაშვილისთვისაც და კიდევ ერთი-ორი გუბერნატორისთვის!"

 

სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ - "კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წელი

 

რუსეთის პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია სამი-ოთხი "ახალგაზრდის" შესახებ, რომლებსაც შევარდნაძე მოიაზრებს პოლიტიკურ მემკვიდრეებად. ისტებლიშმენტში კი კვლავ დაიწყეს მკითხაობა საქართველოს სათავეში "რუსეთის კაცის" შესაძლო დასმაზე და, იმავდროულად, კვლავ ამოატივტივეს მიხეილ სააკაშვილის გახმაურებული ვოიაჟი კიევი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით, რომლის კონტექსტშიც "ორგანულად" ჩასვეს იგორ გიორგაძესთან თუ რუსეთის სხვა ემისრებთან მისი შესაძლო შეხვედრისა და საიდუმლო სერობების თემა... ეს ვარაუდი თითქოს განამტკიცა თავად იგორ გიორგაძის ნათქვამმა: "ჩემთან ხშირად დარბიან შევარდნაძის მიერ განაწყენებული ბავშვები..." ვესაუბრები ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და პარლამენტარს მიხეილ სააკაშვილს:

 

- ჯერ ერთი, ვინ არის იგორ გიორგაძე, რას წარმოადგენს, რომ მას შევხვდე? მეორეც: ასე თუ ისე, მე ვარ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიების მქონე ფიგურა საქართველოში და მყავს უამრავი მომხრე. იგორ გიორგაძე კი რუსეთის დაზვერვის ტიპური ოფიცერია, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებაში. ამიტომ, ასევე "წარმატებით" შეიძლება შევხვედროდი ჯალალედინს ან მურვან ყრუს და მათგან მიმეღო ინსტრუქციები...  საერთოდ, ნუ შემეჯიბრება ნურავინ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებში. შევახსენებ ყველას, რომ დამთავრებული მაქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარული იურიდიული ფაკულტეტი ნიუ-იორკში, რომელიც დაამთავრა აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა. ამასთან, პირადი მეგობარი გახლავართ ბევრი გავლენიანი ამერიკელი სენატორისა. ჩემი მინისტრობის პერიოდში რამდენჯერმე შემხვდნენ აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი. ეს ადამიანები ძალიან იშვიათად ხვდებიან ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ამ რანგის მოხელეს (იუსტიციის მინისტრს), მით უმეტეს, საქართველოში. გარწმუნებთ, ამ დონის ამერიკელი მოღვაწეები საქართველოს არც ერთ იუსტიციის მინისტრს აღარ შეხვდება... რაც შეეხება იგორ გიორგაძის ფიგურას, იგი არაფერს არ წარმოადგენს და ცდილობენ მისგან შექმნან "ამუნია", რომელიც თითქოს შევარდნაძის მთავარი ალტერნატივაა.

 

- რუსეთის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აქცენტს აკეთებს სამ-ოთხ ახალგაზრდაზე, როგორც თავის პოტენციურ მემკვიდრეზე, მაგრამ ამ მემკვიდრეებში არ მოიაზრებს... მიხეილს ანუ სააკაშვილს...

 

-  გული გამისკდებოდა, შევარდნაძეს მე რომ "მოვეაზრებინე" პოლიტიკურ მემკვიდრედ. სინამდვილეშიც მისი რიტორიკა, რომ მემკვიდრედ მოიაზრებს სამ-ოთხ ახალგაზრდას, ბლეფი და ფარისევლობაა, რადგან შევარდნაძეს პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ მე მგულისხმობს მემკვიდრედ; ასევე პირადად უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვის, რომ ის არის შევარდნაძის მემკვიდრე; ასევე უთქვამს შაშიაშვილისა და კიდევ რამდენიმე გუბერნატორისთვის(!). ისიც ვიცი, რომ დღემდეც ეუბნება სხვადასხვა ადამიანს, რომ თავის შემცვლელ-მემკვიდრედ მოიაზრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ: როგორც კი პრეზიდენტი დაიჯერებს, რომ ვინმე მართლა შეიძლება აღმოჩნდეს მისი შემცვლელი, იგი ავტომატურად აღმოჩნდება მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადასროლილი შევარდნაძის მიერვე.

 

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე განვიხილოთ ჩვენი შინაპოლიტიკური ვითარება და ისიც, თუ საქართველოში აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების შეჯახების პირობებში რა ორიენტაციის ხელისუფლება შეიძლება დაჯდეს ქვეყნის სათავეში.

 

- არა მგონია, აშშ სერიოზულად ჩაერიოს ჩვენს შინაპოლიტიკურ პროცესებში. რუსეთს კი ალბათ აქვს და ექნება მცდელობა, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მათი ბერკეტებია აფხაზეთის კონფლიქტი, სადაც შეუძლიათ გაგვირთულონ ვითარება და ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით ახალქალაქისა. სხვა სერიოზულ ბერკეტებს რუსეთის ხელში ვერ ვხედავ. ცალკე უნდა ითქვას, რომ თვითონ პუტინმა ისწავლა დასავლეთთან ცივილიზებულ ენაზე ლაპარაკი და ის, რომ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ დაამცირა დსთ-ის სამიტზე, იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი საქართველოს ანგარიშგასაწევ ძალად არ მიიჩნევს. რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი, როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც ქართველს, შეურაცხყოფად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ხილვა. და კიდევ: ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ აშშ-რუსეთი შეიძლება გარიგდნენ საქართველოს ხარჯზე და საზიანოდ, სისულელეა. მაგრამ ჩვენ ზომაზე მეტად არ უნდა ვაფასებდეთ საქართველოს საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევის პოტენციალს.

 

თუ ხელისუფლება ზურგს შეაქცევს აშშ-ს, იგი წავა აქედან და კალთებს არ ჩამოგვაგლეჯს. ამის გაუაზრებლობა დანაშაულია. სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ, ვთქვათ, რომელიმე ესტონელმა პოლიტიკოსმა გააკეთოს ის, რასაც რჩეულიშვილი აკეთებს, ანუ ემლიქვნელოს რუსეთს. რუსეთი გაცილებით დიდ პატივს სცემს ესტონეთს, ლიტვას, უკრაინას, მოლდოვასაც კი, ვიდრე საქართველოს და ეს არ არის ქართველი ხალხის ბრალი. ეს იმ ხელისუფლების პოლიტიკის ბრალია, რომელიც არ არის ორიენტირებული ქართულ ინტერესებზე. მით უფრო, ვერ მოსთხოვ რუსეთს გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები. ერთ ამერიკელ ისტორიკოსს აქვს დაწერილი, - ქართველი ერი არ არის ერი, რადგან მისი პოლიტიკოსები გაცილებით იოლად ახერხებენ უცხოელებთან გარიგებას, ვიდრე ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნასო. ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ დღეს ვქმნით დემოკრატიულ წყობას, სადაც ხალხის პოზიციის და ნების გამოხატვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ აქ მძლავრობს ბევრი ნეგატიური ფაქტორი, უწინარესად, რუსეთის ოლიგარქიული კაპიტალის მძლავრობა საქართველოში. თავისთავად რუსული კაპიტალის წინააღმდეგი არ ვარ და არც შეიძლება ვიყო, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესი უნდა არსებობდეს ცალკე, პოლიტიკა - ცალკე. ხოლო როდესაც პოლიტიკა ბიზნესს ერწყმის, იქ უკვე მაფიოზურ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე. ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი საქართველოში.

 

 

კვირის პალიტრა“

 

(ზურაბ მჭედლიშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016