ნავარაში შარშან მძლეოსნობაში მნიშვნელოვანი შეჯიბრება მიმდინარეობდა. მასში მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მათ შორის კენიელი აბელ მუტაი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი სამას მეტრზე სირბილში დაბრკოლებებით.
თავის საყვარელ დისტანციაზე მუტაი ნავარაშიც დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ დისტანციის დასრულებამდე დაახლოებით ათი მეტრით ადრე კენიელი მორბენალი შეჩერდა, რადგან შეცდომით ჩათვალა, რომ ფინიშის ხაზი უკვე გადაკვეთა. იდგა მუტაი და მადლიერების ნიშნად ტაშის დაკვრით პასუხობდა ესპანელ მაყურებელთა, როგორც მას ეგონა -მილოცვებს, სინამდვილეში კი მისთვის გაუგებარ კარნახს იმის შესახებ, რომ მას ფინიშის ხაზი ჯერ არ გადაუკვეთავს.
მორბენალს, რომელიც კვალში მისდევდა კენიელს - ესპანელ მძლეოსან ივან ფერნანდეს ანაიას იოლად შეეძლო გადაესწრო მისთვის და პირველი ადგილით დაემთავრებინა რბენა, მაგრამ ამის ნაცვლად მან კენიელს ზურგში უბიძგა და ანიშნა, თუ სად იყო ფინიშის ხაზი. ესპანელმა უარი თქვა პირველობაზე და კენიელი ფინიშთან გამარჯვებით მიიყვანა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ანაიას მისი ქცევის მოტივების შესახებ ჰკითხეს.24 წლის ვიტორიელმა ესპანეთის ჩემპიონმა კი ასე უპასუხა.
”მე ძალიან მინდოდა მოგება. მაგრამ მე არ დამიმსახურებია გამარჯვება. ის დიდი სხვაობით მიგებდა და მე ვერ დავეწეოდი, მას რომ არ შეშლოდა. ჩემთვის ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია. ჩვენ ხომ ვხედავთ რა ხდება ფეხბურთში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში...ადამიანები ხშირად ირჩევენ არასწორ ზნეობრივ მოდელებს. მე მოხარული ვარ, რომ პატიოსანი საქციელი ჩავიდინე”,- განაცხადა ანაიამ.
news.ge-ზე დაყრდნობით
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)