ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
"რეპორტიორი" გილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს, მისი მადლი შეგეწიოთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.
ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისათვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მორწმუნეთათვის დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე (თომას კვირამდე) მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები“.
ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა, ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ. ძველი წმიდა ჩვეულება, რომელიც ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა დღემდე შემოინახეს, იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არცერთი საეკლესიო მსახურება არ გამოტოვონ. ჩვენც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს! ვეცადოთ, რომ ქრისტეს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საყოველთაო ზეიმად ვაქციოთ.