ათენში თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენის მცდელობის დროს, ათენის აეროპორტში საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დააკავეს.
დავით ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდად) და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
„დავით ჩხიტუნიძემ ეკავა რა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე არაერთხელ მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებული გერონტი ალანიას რამდენიმე დღით უკანონო გამოყვანა, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დ.ჩხიტუნიძემ დოკუმენტების გარეშე სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებიდან 14 დღის ვადით უკანონოდ გამოიყვანა ოთხი მსჯავრდებული: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.დავით ჩხიტუნიძის მიმართ თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაკავებულს შეეფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები“-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.