reportiori.ge - კობა ოთანაძე: „გივი თარგამაძეს ეჭირა იარაღი და არ არის გამორიცხული, რომ მან მესროლა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:47
პრეს-დაიჯესტი
კობა ოთანაძე: „გივი თარგამაძეს ეჭირა იარაღი და არ არის გამორიცხული, რომ მან მესროლა!“
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 15:12



ვანო მერაბიშვილს, დიდი ალბათობით, ბრალი მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით დაუმძიმდება. ამის ვარაუდს თავად ყოფილი ჩინოვნიკები გამოთქვამენ. აქამდე ამ საქმეში მათი გუნდის წევრის, გივი თარგამაძის სახელი და გვარიც ფიგურირებდა, თუმცა გიგი უგულავას სკანდალური განცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ თარგამაძე მთავარ დამნაშავედ იქცეს“.

გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ გამოძიება გივი თარგამაძის ბრალის „შეკერვას“ ცდილობს. რას ყვებიან თავად „მუხროვანის  ამბოხების“ ფიგურანტები? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ კობა ოთანაძეს და ლევან ამირიძეს ესაუბრა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ ქალაქის უფლებაშეჩერებული მერის სკანდალურ განცხადებას ამ თემაზე.


გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი:

– კონკრეტულად, საქმე ეხება, თბილისში გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ერთი მეამბოხე დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს გაურკვეველი მიმართულებით, ასფალტიც კი გათხარეს და ეძებენ ეგრეთ წოდებულ გილზებს. შეკვეთა აქვთ მიცემული გამომძიებლებისთვის, რომ გივი თარგამაძე გაასაღონ, როგორც ადამიანი, რომელმაც ოთანაძეს დაუშინა ტყვიები. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გივი თარგამაძეს იქ არა თუ იარაღი არ უსვრია, არამედ გივი თარგამაძემ გადაარჩინა ეს ადამიანი. მე ეს შემიძლია დავადასტურო სასამართლოს წინაშე, რადგან იქ ვიყავი, მაგრამ აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს. ხელისუფლებას უნდა ხელახლა შეთითხნოს სიბინძურე და წინასაარჩევნო პერიოდი ამ სიბინძურეში ჩაატაროს. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს არ გამოუვათ და როგორც სხვა დანარჩენი საქმე, წყალში საპნის ბუშტივით გაუსკდებათ.

სკანდალური განცხადების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები თავად აღნიშნული საქმის მონაწილეებმა დააფიქსირეს. კობა ოთანაძის განცხადებით ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, პირადად ვერც დაინახავდა თუ ვინ ესროლა, თუმცა ვერსია, რომ იარაღი უშუალოდ თარგამაძემ ისროლა, მისთვის ახალი ნამდვილად არ არის.


კობა ოთანაძე:

– მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ან თარგამაძეს ან უგულავას ადგილზე რა უნდოდათ? მაგათ თვალწინ როგორც ტყვიას მესროდნენ, ისე მაწამებდნენ. თვითონაც და ყველა ვინც იქ იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ მათ მესროლეს. მე იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. სხვათა შორის ვიღაცეებმა მითხრეს, რომ გივის ეჭირა იარაღი და არ არის გამორიცხული, რომ მან მესროლა. მე არ ვიცი, ჩემ გარდა იქ ბევრი ადამიანი იყო, ყველა იტყვის სიმართლეს.


– ანუ გამოძიება გამოკვეთს ვინ გესროლათ თქვენ და არის თუ არა ამ საქმეში თარგამაძის ბრალეულობა?

– რა თქმა უნდა, გამოკვეთს თარგამაძის ბრალეულობას. რა უნდოდათ იქ, უბრალოდ, მაინტერესებს, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური ვარ. რა უნდოდა ან პარლამენტარს, ან მერს ან მინისტრს სპეცოპერაციაზე. როდესაც სპეცოპერაციებს ვატარებდი იქ სხვა არავინ ყოფილა და პასუხისმგებელი მე ვიყავი. მინისტრების და ქალაქის მერის თვალწინ კაცს სცემენ, კლავენ – ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია. ამაზე უნდა აგონ ამ ადამიანებმა პასუხი.

მუხროვანის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ამირიძე ადასტურებს, რომ გამოძიება, კობა ოთანაძის სროლის ეპიზოდში გივი თარგამაძის ვერსიაზე მუშაობს. თუმცა გიგი უგულავას „აღიარებასაც“ ახსნას უძებნის, მისი განცხადებით ამ სიტყვებით ყოფილმა მერმა თავი დაიზღვია...


ლევან ამირიძე:

– მე, იქ, გივი თარგამაძე ავტომატით ხელში არ მინახავს. მაგრამ გივი თარგამაძეც იყო,  ვანო მერაბიშვილიც და სხვა ბევრი პოლიტიკოსიც. ვანო მერაბიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. ვინ ესროლა კობა ოთანაძეს, ამას ექსპერტიზა არკვევს და დაადგენს, ყველა ვერსიაზე მიდის მუშაობა. საუბარია რამდენიმე სპეცდანიშნულების რაზმის წევრზე, ასევე სხვადასხვა ვერსიებზე. თარგამაძის ვერსია თვითონ მაგათგან გამოვიდა, სხვათა შორის, გივი თარგამაძეს უტრაბახია, მე ვესროლე კოშბა ოთანაძესო. როგორც ჩანს, უგულავა თავს იზღვევს, ალბათ, გაიგო ეს ყველაფერი და ახლა აცხადებს, რომ შემდგომ თქვას ამას ვაცხადებდითო.

თარგამაძის ფქტორი სრულიად უცხო აღმოჩნდა გარდაცვლილი გია კრიალაშვილის დის, ლია კრიალაშვილისთვის. მისთვის მთავარი მიზანი ერთია – დაისაჯოს როგორც უშუალო შემსრულებელი, ასევე ბრძანების გამცემიც.


ლია კრიალაშვილი, გია კრიალაშვილის და:

– ეტყობა თვითონ აწუხებთ ეს ვერსია, ალბათ, აქვთ რაღაც დანაშაული. ასეთი ვერსია არც ყოფილა და არც გამოძიება არ მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ასე ვიცი. მუშაობა მიდის იმაზე, რომ ეს ვიცი. მუშაობა მიდის იმაზე, რომ ეს იყო დაკვეთილი მკვლელობა. უნდა დაისაჯოს ის, ვინც გასცა მკვლელობის ბრძანება. გივი თარგამაძე მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, ის იყო ადგილზე, მაგრამ უშუალოდ თარგამაძემ ესროდა თუ სხვა ვინმემ, ეს არავინ იცის. ალბათ, ეს სროლა განახორციელა სოდის ხალხმა. ამიტომაც ეს ყველაფერი არის გიგი უგულავას ფანტაზიის ნაყოფი. აგონიაში არიან და ვეღარ ერკვევიან.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გივი თარგამაძეს დაკავშირებოდა, თუმცა პარტიის ოფისში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთდა.

 

ნანა შონია

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016