reportiori.ge - გიორგი სანაიას მკვლელი „გრიცკო“ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიორგი სანაიას მკვლელი „გრიცკო“ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა?
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 17:08



მე-20 საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არაერთი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. საბჭოთა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ნადირობა ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე დაიწყეს და თავდაპირველად მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე მოიშორეს, მერე, – ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია... არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკური მკვლელობების გახსნა, ანუ ნამდვილი შემკვეთის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია... პრინციპში, ასეცაა, რადგან ორ ათეულ წელზე მეტია, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიასა და სხვების გარდაცვალება ბურუსითაა მოცული... როგორ გეგმავს სპეცსამსახური მკვლელობას, როგორ ხდება ადამიანის „დავერბოვკება“ და რა კავშირი აქვს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის გასამართლებულ „გრიცკოს“ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან? – ამ თემებზე „ქართულ სიტყვასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უშიშროების თადარიგის ოფიცერი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე საუბრობს. ამასთან, ქართული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი 1995 წლის 29 აგვისტოს, ანუ ქვეყნის მაშინდელ მეთაურზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტსაც იხსენიებს და ამბობს, რომ შს იმდროინდელმა მინისტრმა, შოთა კვირაიამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მანაც, იგორ გიორგაძის მსგავსად, შევარდნაძე გაწირა...

 

– ეროვნული მოძრაობის ლიდერთა უმეტესობა – მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, პრაქტიკულა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა... ბატონო კოტე, ამას რითი ხსნით?

– მერაბ კოსტავა ეროვნული მოძაობის შემკვრელი და სულისჩამდგმელი იყო – ეროვნული მოძარობის ახალგაზრდა და ასაკოვან თაობას ერთმანეთთან აკავშირებდა. ამიტომაც, პირველად სწორედ მერაბი მოიცილეს – დანამდვილებით ვიცი, რომ ის საგზაო შემთხვევა, რომელიც სოფელ ბორითთან მოხდა, თავიდან ბოლომდე, მაშინდელმა საკავშირო „კა-გე-ბე“-მ დაგეგმა და ადგილობრივმა სპეცსამსახურმა შეასრულა.


– 1990 წლის მიწურულს, როცა კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა...

– ესეც „კა-გე-ბე“-ს გეგმა იყო... როგორ გგონიათ, საბჭოთა კავშირი „კა-გე-ბე“-ს გარეშე დაიშალა? სხვათა შორის, გახრწნის პროცესი სწორედ საბჭოთა უშიშროებაში დაიწყო.


– როგორ?

– როგორც კი, ეროვნული მოძრაობები გააქტიურდა, ეროვნული მოტივები „კა-გე-ბე“-ს თანამშომლებშიც გაჩნდა. ამიტომ, სისტემა ისეთი მძლავრი აღარ იყო, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგია უზრუნველეყო!..

საერთოდ, საბჭოთა კავშირი ნაციონალური სახელმწიფოების ნაკრები იყო, რომლის ნაციონალური პოლიტიკაც სტალინს ებარა. სხვათა შორის, ლენინმა თავის დროზე თქვა, რუსი ბიუროკრატი „პადლეცია“  და „ნასიდნიკიაო“... მოკლედ, მართალია, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ კავშირიდან გასვლის უფლება ნებისმიერ რესპუბლიკას ჰქონდა, მაგრამ ეს კონსტიტუცია ე.წ. საბჭოთა ერების უფლებებს არ იცავდა. საბჭოთა კავშირი ძალადობრივ დიქტატურაზე დამყარებული სახელმწიფო იყო, რომლის იდეოლოგიაც სტალინის რეჟიმმა განამტკიცა. ყველაფერ ამის სულისჩამდგმელი, სამწუხაროდ, ქართველი, უფრო სწორად, ბოროტი ქართველი იყო – იმაზე დიდი ბოროტება რაღა უნდა იყოს, რომ 1921 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობა სწორედ ქართველებმა დაამხეს და რუსულ მე-11 არმიას საქართველოში შემოუძღვნენ?! სამწუხაროდ, ისტორიას ხშირად არ ვიხსენებთ...

ისიც, რაც საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, გარკვეულწილად რენეგატი ქართველების ორგანიზებული იყო... 200 წელია, რუსულ იმპერიას თავი ვერა და ვერ დავაღწიეთ...


– ბატონო კონსტანტინე, თუ იცით, ე.წ. ბორითის ოპერაციაში, ანუ მერაბ კოსტავას ლიკვიდაციაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა?

– ეს არ ვიცი, რადგან მაშინ უშშროებაში არ ვმუშაობდი.


– სპეცსამსახურში არქივები ხომ დაგხვდათ?

– არქივში ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, არ ინახება, თან არქივის დიდი ნაწილი საქართველოდან მანამ გაიტანეს, ვიდრე დამოუკიდებლობა აღდგებოდა.


– ანუ, კომუნისტებმა თადარიგი დაიჭირეს და არქივი ხელისუფლებაში „მრგვალი მაგიდის“ მოსვლამდე გადამალეს?

– დიახ, „მრგვალ მაგიდას“ უშიშროებაში, პრაქტიკულად, ცარიელი ადგილები დახვდა. რუსებმა, პირველ რიგში, აგენტურული და პირადი საქმეები გაიტანეს. ის მცირეოდენი კართოტეკა კი, რაც დატოვეს, მათ ხელში აღმოჩნდა, ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა.


– ვის გულისხმობთ?

– „მრგვალი მაგიდის“ გარკვეულ წარმომადგენლებს.


– კონკრეტულად?

– ვერ დავასახელებ... ჩემი ინფორმაციით, ელიზბარ ჯაველიძემ ყველაფერი უნდა იცოდეს...


– სხვათა შორის, ელიზბარ ჯაველიძე იმ ქართველების რიცხვშია, ვინც საქართველოს ხსნას რუსეთში ხედავს...

– ვანო, წინა ინტერვიუებშიც გითხარით, რომ „კა-გე-ბე“-ს არქივები საქართველოდან ორმა ქართველმა გაიტანა, აქედან ერთი გარდაცვლილია... არქივი სმოლენსკში წაიღეს... საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება შეუძლებელი სწორედ იმიტომაა, რომ არქივი აღარ არსებობს – თუ დოკუმენტები არ არსებობს, მხოლოდ ლუსტრაციის კანონით საბჭოთა აგენტურის გამოვლენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია...


– ისე, ბატონო კოტე, ხალხში ამა თუ იმ ადამიანზე გარკვეული ეჭვი მუსირებს. მეტიც, მათი „კლიჩკებიც“ კი ცნობილია... მართალია, ზვიად გამსახურდია მუდმივად აგენტებზე საუბრობდა, მაგრამ მის გვერდით „კაგებეშნიკობაში“ არაერთი ეჭვმიტანილი იდგა...

– ეს ადამიანები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კი არა, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარშემოც იყვნენ. ადრეც გითხარით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს ოფიციალური თანამშრომელი იყო. მეტიც, სააკაშვილის დროს სახელმწიფო კანცელარია, შს და თავდაცვის სამინისტრო სწორედ „კა-გე-ბე“-ს ძველი კადრებით იყო უზრუნველყოფილი, რასაც ახალი აგენტებიც დაემატნენ...

რუსეთი მილიტარისტული ქვეყანაა და ამიტომ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, სამხედრო აგენტურა რესპუბლიკური უშიშროების დაქვემდებარებაში არ იყო. ამიტომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის, ანუ „გე-რე-უ“-ს აგენტურის ლუსტრაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათი გამოვლენის ერთადერთი საშუალება კომისარიატებში არსებული ე.წ. 0100 და 0400 „კამანდაა“, სადაც ის ხალხი იყო აღრიცხული, ვისაც „გე-რე-უ“-სა და „ასობი ადელთან“ ჰქონდა ურთიერთობა. რუსული ჯარის საქართველოდან გაყვანის შემდეგ, რუსებმა ეს კარტოთეკებიც წაიღეს, თუმცა რამდენიმე კომისარიატში დოკუმენტაცია დარჩა და ჩვენმა კონტრდაზვერვამ მოიპოვა... 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც ვიცი, „ნაციონალებმა“ მხოლოდ ეს კი არა, სხვა დოკუმენტებიც გაანადგურეს.


– რატომ?

– ამას ვერ გეტყვით. შეიძლება, შეეშინდათ, რომ რუსებს ეს დოკუმენტაცია ხელში არ ჩაეგდოთ, ან იმ მიზეზით გაანადგურეს, რომ ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციას არ გაეჟონა.


– ანუ, კვალი დაფარეს?

– შეიძლება, თუმცა სხვა მიზეზიც არაა გამორიცხული.


– მაინც, რა მიზეზი?

– „ნაციონალები“, როგორც ჩანს, ხელისუფლების ცვლილებას ელოდნენ და არ უნდოდათ, რომ მათ მიერ შექმნილი არქივი სხვის ხელში აღმოჩენილიყო...


– ბატონო კონსტანტინე, „კა-გე-ბე“ ადამიანებს როგორ „ავერბოვკებდა“?

– საერთოდ, გადაბირების სამი საფუძველი არსებობს – იდეურ-პოლიტიკური, მატერიალური და კომპრომატები. გადაბირებულ პირზე იქმნებოდა ე.წ. სამუშაო და პირადი საქმეები, რომლებიც სუკ-ის შესაბამის განყოფილებაში ინახებოდა და „დავერბოვკებულის“ სიკვდილის შემდეგაც არ ნადგურდებოდა. ამასთან, საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკის უშიშროების არქივი ცენტრში, ანუ მოსკოვში იყო დუბლირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზოგიერთმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ „კა-გე-ბე“-ს არქივების შენარჩუნება მოახერხა, რის საფუძველზეც ლუსტრაციის კანონი უპრობლემოდ მიიღო. ამ მხრივ აღსანიშნავია ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ლუსტრაციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადალახეს. ეს კი, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უსაფრთხოების უმთავრესი, ნომერ პირველი ამოცანა იყო.


– ლუსტრაციის კანონის არმიღებით საქართველომ რა დაკარგა?

– რა და, – საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს ე.წ. ოპერატიულმა წყაროებმა ხელისუფლების ყველა ეშელონში შეაღწიეს, გავლენის აგენტები გახდნენ და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ...

ლუსტრაციაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის რისკ-ჯგუფები, რომლებზეც ოპერატიული მეთვალყურეობა დღესაც უნდა წარმოებდეს. ასეთი აგენტურა, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

1. ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის მესამე მთავარი სამმართველოსა („ასობი ადელი“) და „გე-რე-უ“-ს აგენტურული აპარატი.

2. ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის პირველი სამმართველოს (დაზვერვა) და ე.წ. პე-გე-უ-ს აგენტურული აპარატი, რომელიც როგორც წესი, საზღვარგარეთ საბჭოთა მოქალაქეების გამგზავრებისას გამოიყენებოდა.

3. „კა-გე-ბე“-ს მიერ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ გადაბირებულები.

4. სამეცნიერო წრეებიდან გადაბირებული აგენტურული აპარატი.

5. საბჭოთა სუკ-ის ე.წ. მე-5 სამმართველოს, ანუ იდეოლოგიური კონტრდაზვერვის აგენტურული აპარატი.

ამასთან, მნიშვნელოვანია საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი რისკ-ჯგუფებიც – „კა-გე-ბე“-ს ყოფილი თანამშრომლები, პარტიული და საბჭოთა ნომენკლატურა, ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია... პირველი რისკ-ჯგუფის გამოვლენა შეუძლებელია, სხვა ჯგუფების ლუსტრირება კი, ნაწილობრივაა შესაძლებელი. ამასთან, ქართული ძალოვანი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდნენ „კა-გე-ბე“-ს ოფიცრებისგან...

რუსეთის დღევანდელი სპეცსამსახურების, კერძოდ, იდეოლოგიური კონტრდაზვერვის ყურადღების ცენტრში მუდამ იქნება საბჭოთა მენტალიტეტის რისკ-ჯგუფი, ანუ ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია, რომლითაც საქართველოში რუსული იდეოლოგიის შენარჩუნებას ცდილობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი საქართველოდან გატანილ უშიშროების არქივებს არ დააბრუნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლუსტრაციის კანონის მიღება ისტორიული აუცილებლობაა. სხვათა შორის, ლუსტრაცია ერთჯერადი აქტი არაა, ის მუდმივი პროცესია, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობაზეა დამოკიდებული...


– ...ბატონო კოტე, შეიძლება, გულუბრყვილო შეკითხვას ვსვამ, მაგრამ იცით, ვინ დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა?

– ეს გამოძიებამ უნდა თქვას... ამ მიმართულებით კონსტანტინე გამსახურდიამ ბევრი იშრომა, რასაც ვაფასებ. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ჩატარებულ მოკვლევის საფუძველზე, სადაც ბევრი გვარი ამოტივტივდა, სრულყოფილი გამოძიების ჩატარება შეიძლება. მაგალითად, ბატონი კონსტანტინე ვინმე ბასილაშვილს ეძებდა, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება ბასილაშვილი კი არა, ანზორ გრიგოლის ძე ბასიაშვილია, რომელიც იგორ გიორგაძის სპეცრაზმ „ალფას“ უფროსის მოადგილე იყო. იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს, სპეცდანიშნულების რაზმებს ავთანდილ იოსელიანი კურირებდა. სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციას სწორედ ეს სპეცდანიშნულების რაზმი აწარმოებდა... ანზორ გრიგოლის ძე ბასიაშვილი იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი გახლდათ...


– ესე იგი, არ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ ბასიაშვილმა ესროლა?

– დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და ეს მაშინ დადასტურდება, როცა ის პიროვნებები გამოიკვეთებიან, ვინც გამსახურდიას დევნის ოპერაციის შესახებ იცოდნენ.


– ზვიად გამსახურდია დევნის ოპერაცია ოფიციალურად, ანუ წერილობით იყო გამოცხადებული?

– ეს არ ვიცი... მაშინ სამხედრო კონტრდაზვერვაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და სენაკში გაგგვზავნეს...


– თქვენც პრეზიდენტის დევნის ოპერაციაში მონაწილეობდით?

– არა, სენაკში სხვა საქმეზე ვიმყოფებოდით და სწორედ იქ შევიტყვე, რომ გამსახურდიას დევნის ოპერაციაში თბილისის სამმართველოს რეალიზაციის ჯგუფი მონაწილეობდა. სხვათა შორის, ამას წინათ, ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამაც განაცხადა. იმ ხანად ქალაქის სამმართველოს რეალიზაციის ჯგუფს გოჩა დანიელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მერე, შსს-ში გადაიყვანეს და მგონი, დღესაც იქ მუშაობს. გოჩა დანიელაშვილი „გრიცკოს“ უშუალო ხელმძღვანელი იყო...


– გიორგი სანაიას მკვლელობისთვის გასამართლებულ „გრიცკოზე“ ლაპარაკობთ?

– დიახ, დიახ... რეალიზაციის ჯგუფში, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციას ანხორციელებდა, „გრიცკოც“ შედიოდა და მისი მეგობარი ამირან ხვედელიანიც.


– ამით იმის თქმა გინდათ, რომ გიორგი სანაიაც მათ მოიცილეს, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია დაგეგმეს?

– ეს არ ვიცი, მაგრამ რეალიზაციის ჯგუფში მუშაობდნენ.


– რეალიზაციის ჯგუფი რას ნიშნავს?

– ეს ჩვეულებრივი სპეცდანიშნულების რაზმია, რომელსაც ამა თუ იმ პირის აყვანა ევალება. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფს, როგორც ჩანს, ბრძანება ჰქონდა, თორემ ისე სამეგრელოში არ ჩავიდოდა...


– პირდაპირ გეკითხებით: იცით, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?

– არა და არც ის ვიცი, ეს ტრაგედია სად და როგორ მოხდა. ეს იმ ხალხმა უნდა იცოდეს, ვინც დევნის ოპერაციაში მონაწილეობდა.


– მაშინდელი სცეპსამსახურის კულუარებში რას ამბობდნენ, ზვიად გამსახურდიას მოცილება რას ემსახურებოდა?

– ალბათ, პრობლემის მოცილება უნდოდათ... ისე, კვალი შეიძლება, მათთან მივიდეს, ვინც ზვიად გამსახურდია დაარწმუნა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნებულიყო...


– ზვიად გამსახურდიას სტრატეგიული შეცდომა ის ხომ არ იყო, რომ საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს გენერლები სამსახურში დატოვა?

– რა თქმა უნდა... ანალოგიურ შეცდომას „ოცნების“ ხელისუფლებაც უშვებს.


– ...ბატონო კოტე, დღეს რუსული საფრთხე რეალურია?

– რუსული საფრთხე ყოველთვის რეალური იყო და იქნება, რადგან რუსეთი იმპერიაა, რომელიც დემოკრატიულ რელსებზე ვერასოდეს დადგება. რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც ნაციონალური ეთნოსებისგან შედგება. სხვა თუ არაფერი, თათრეთი ავიღოთ, რომელიც რუსეთის შუაგულშია გაჩხერილი. როგორც კი დემოკრატიის ნიშნები გაჩნდება, მაშინვე რუსეთის დაშლა დაიწყება – რუს ჩინოვნიკს იმპერიალისტური აზროვნების მეტი არაფერი შეუძლია და ეს დასავლეთმაც გააცნობიერა... რუსეთის დაშლა მსოფლიო წესრიგს კიდევ უფრო დაარღვევს. ამიტომ, ვემხრობი აზრს, რომ დასავლეთს აწყობს, რუსეთი დღეს მისთვის ისეთივე მოწინააღმდეგე და გამაღიზიანებული იყოს, როგორც თავის დროზე საბჭოთა იმპერია იყო...


– მაშასადამე, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუკიდან შეიძლება გაქრეს? ახლახან, ევროპაში, დავით უსუფაშვილმა სმწორედ ეს მინიშნება გააკეთა...

– უსუფაშვილი ჭკვიანი ადამიანია და, ბუნებრივია, საფრთხეს გრძნობს, თან თანამდებობრივად, ინფორმაციებიც აქვს...

მოკლედ, საფრთხე გასათვალისწინებელია, რადგან რუსული იმპერიის გაფართოების მთავარი მიზანი დასავლეთი კი არა, სამხრეთია. უახლოესი 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოს გეოსტრატეგიული პოლიტიკა ენერგეტიკული ომის ელემენტებით იქნება გაჯერებული, რაც რუსებმა კარგად იციან და სამხრეთით გაფართოებასაც ამიტომ ცდილობენ... ამ მიმართულებით დღევანდელი პრემიერის ფრთხილი პოლიტიკა მომწონს...


– რას გულისხმობთ?

– არც ერთ მხარეს უნდა გადავეშვათ, არც – მეორე და ის პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება. დღეს, პრაქტიკულად, ზღვარზე ვდგავართ – ან გადავრჩებით, ან როგორც დამოკიდებელი სახელმწიფო, შეიძლება, არ გავქრეთ, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროსაც ვიყავით... რუსეთი, ამხელა იმპერია, კარზე გვყავს მომდგარი და, კაცმა არ იცის, როდის ჩაგვყლაპავს.


– ჩაგვყლაპავს?

– შეეცდება, საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც მისი ყურმოჭრილი მონა იქნება.


– ასეთი ხელისუფლება ვინ შეიძლება იყოს?

– ცოტა ხანში ყველაფერი გამოჩნდება. ისიც ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება პრორუსულ რელსებზე არ დგას. ასე რომ იყოს, მაშინ აშშ-ში იმ დონეზე არ მიგვიღებდნენ, რა დონეზეც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღეს.


– ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოში რუსული პასპორტები რიგდება... ამასთან, დაპირისპირების პატარ-პატარა კერები ჩნდება. ყველაფერი ეს რუსული გეგმაა?

– რა თქმა უნდა...

უნდა გავითავისოთ, რომ ყველა სპეცსამსახურს ერთნაირი მეთოდი აქვს და ნუ გვგონია, რომ რუსეთის „გე-რე-უ“ და აშშ-ის სამხედრო დაზვერვა განსხვავებული მეთოდებით მოქმედებენ. შეიძლება, განსხვავება ტაქტიკაშია, მაგრამ სტრატეგია თითქმის ერთნაირია. მსტოვრების ინსტიტუტი მას მერე არსებობს, რაც ადამიანი გაჩნდა...


– ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ცალკეული ადამიანები პრემიერს მოუწოდებენ, რომ დაცვა გააძლიეროს...

– ამით მინიშნება, ალბათ, იმაზე კეთდება, რომ ცენტრალური ტერორი არ განხორციელდეს, მაგრამ ეს პროვოკაციული მომენტია. დღეს საქართველოში ცენტრალური ტერორის რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს.


– „ცენტრალური ტერორი“ რას ნიშნავს?

– ქვეყნის პირველ პირებზე თავდასხმას... პიროვნებას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა კი აქვს, მაგრამ 21-ე საუკუნეში უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუციებია. ამიტომ, ცენტრალური ტერორი აღარავის აწყობს. დღეს ხელისუფლება „ნაცმოძრაობასთან“ პაექრობაზე კი არა, დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაქმნაზე უნდა ფიქრობდეს. მაგალითად, ძალოვანი უწყებები ავიღოთ, სადაც ყველაფერი პირველ პირებზეა დამოკიდებული. არადა, არსებობს გენინსპექცია, რომელიც ვალდებულია, შიდაკონტრდაზვერვითი და სხვა სამუშაოები განახორციელოს, მაგრამ თუ გენინსპექცია დანაშაულის ნიშნებს აღმოაჩენს, ეს პრემიერამდე არ მივა და მინისტრთან ჩაიკეტება, ანუ ისეთი ინსტიტუცია არ არსებობს, რომელიც ყველაფერს დააბალანსებს. რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელიც ყველა გენინსპექციას გააერთიანებს და აღმასრულებელი, გნებავთ, საპარლამენტო ხელისუფლების მეთაურს საშუალებას მისცემს, აკონტროლოს, თითოეულ უწყებაში რა ხდება? ასეთ დროს ნებისმიერი კორუფცია გამოირიცხება და მოსმენების თემაც აღარ იარსებებს... ეს ჩემი მოგონილი კი არაა, მთელ დასავლეთში ასეა...

სხვათა შორის, მინდა, ედუარდ შევარდნაძემ ერთი რამ იცოდეს და რასაც ახლა ვამბობ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, წესით, შსს-ს და უშიშროების არქივებში უნდა იყოს შემონახული. მხედველობაში მაქვს 1995 წლის 29 აგვისტოს, 12 საათზე შსს-ში ჩატარებული თათბირი, რომელსაც ხუთი გენერალი ესწრებოდა.


– კონკრეტულად?

– მათ ვინაობას ნუ დამასახელებინებთ... ამ თათბირზე ითქვა, რომ ე.წ. იმელის ეზოში „ნივა“ აფეთქდებოდა, ანუ შსს-ს ტერაქტზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ შოთა კვირაიას ბრძანებით, პირველმა ოპერატიულმა ბრიგადამ, რომელსაც იმხანად ალექსანდრე ელბაქიძე ხელმძღვანელობდა, აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, ტექნიკა მწყობრში მოიყვანა და... შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტიდან 5-7 წუთში, „იმელის“ შენობაში საპატრულო ბრიგადის „ბე-ტე-ერ“-ი შევარდა...


– 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად იგორ გიორგაძეითვლება. თქვენი საუბრით კი გამოდის, რომ გიორგაძე და კვირაია შეთანხმებულად მოქმედებდნენ...

– მათ უთანხმოება ჰქონდათ, რადგან გიორგაძე საბჭოთა კავშირის სამხედრო სპეცსამსახურის წარმომადგენელია, შოთა კვირაია კი, – შს სამინისტროსი. საერთოდ, რუსეთის სპეცსამსახურები თავიანთ აგენტურას ერთად არ ამუშავებენ.


– კვირაიამ ეს ტერაქტი იმიტომ არ აღკვეთა, რომ გიორგაძის მოცილება უნდოდა?

– ასე გამოდის... ისე, ორივემ შევარდნაძე გაწირა და ის სასწაულმა გადაარჩინა! სხვათა შორის, ამ თემაზე სეციალური ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ გაგვაჩერეს – საქმე დაიხურა... ისე, გამორიცხული არაა, რომ იმის საფუძველი, რაც შემდეგ კვირაიასთან დაკავშირებით მოხდა, სწორედ ეს თათბირი გახდა.


– სატელეფონო მოსმენების გამო, კვირაიას გადადგომას გულისხმობთ?

– დიახ...

 


ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

გაზეთი „ქართული სიტყვა“



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016