თივაში ნემსი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ ნემსაძე ფეხბურთში?! არ დაიკარგება... მართალია, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტნის შესახებ ბოლო წლებში ბევრი აღარაფერი (სფფ-ის პრეზიდენტის 2007 წლის 13 მაისის სკანდალურ არჩევნებსა და „დინამოს“ სპორტული დირექტორის პოსტზე გატარებულ წელიწად-ნახევარს თუ არ ჩავთვლით. – ავტ.) გვსმენია, გიორგი ნემსაძე ჯერაც საკრებულოს წევრია და გოჩა ტყებუჩავასაც ეხმარება ახალგაზრდა ფეხურთელების აღზრდაში, მაგრამ ცოტა ხანში სამწვრთნელო PRO-ლიცენზიას აიღებს და... მერე, სერიოზული გეგმები აქვს! ვეტერან ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი უთამაშია. მათ შორის – გერმანიის ნაკრებთანაც, რომელიც ახალ შესარჩევ ციკლშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ:
– 1995 წელს გერმანიაში 1:4 წაგებული მატჩი კარგად გახსოვთ?
– შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა ახალი დაწყებული გვქონდა და ძალიან გამოუცდელები ვიყავით. რაც შეგვეძლო, ვიბრძოდით, მაგრამ საქართველოს პირველობაზე გაზდილი ბიჭებისთვის ფსიქოლოგიურადაც ძნელი იყო ჰესლერთან, კლინსმანთან, მიოლერთან, ციგესთან, იმ ფეხბურთელებთან ბრძოლა, ვის თამაშსაც მანამდე ტელევიზიით ვუყურებდით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამი წელი ეროვნული ჩემპიონატი ვითამაშეთ, პანტიანში დავდიოდით უცხოური თამაშების საყურებლად და უცებ მეტოქეებად გერმანია, ბულგარეთი, უელსი გვერგო...
– თუმცა, იმ შესარჩევში უელსსაც ორივე მატჩი მოუგეთ და სტოიჩკოვიანი ბულგარეთიც დაამარცხეთ.
– მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა მონდომება ნამდვილად არ დაგვიკლია – ვიბრძოდით, ვუტევდით, სულ კარისკენ ვიწევდით... გაიხსენეთ, რამდენი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა – შოთა, აჩი, ქინქი, ყაველა, ქეცბა, ჯამარა... კარგად მომზადებულიც რომ იყო, გერმანიასთან თამაში მაინც რთულია, ჩვენ კი... რაღაცნაირად, შებოჭილი ვიყავით, სახელოვან გერმანელებთან თავისუფლად ვერ ვთამაშობდით...
– ერთხელ თქვით, ჩვენი თაობა ვერ გამოიყენესო. რას გულისხმობდით?
– არ იფიქროთ, ვინმეს ვადანაშაულებდე – დრო იყო ასეთი.. რაც შეეძლოთ, თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენ, ევროპული ფეხბურთის გრანდებთან სათამაშოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებიც არ იყვნენ მზად...
– გერმანია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ჩვენი მეტოქეა. რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ამ ქვეჯგუფში?
– ყველა შესარჩევის დაწყებას იმედით ვუყურებ, მაგრამ შანსი რეალურად უნდა შევაფასოთ, თორემ „დინამოს“ 1981 წლის შემადგენლობა რომ გვყავდეს, სხვა საქმეა... გერმანია? მანქანაა, რომელიც რაც უნდა ცუდ ფორმაში იყოს, ჩვენზე მაინც ათი თავით მაღლა დგას! ირლანდიასთან შეიძლება თამაში, შოტლანდიასთანაც. გიბრალტარზე არც მე ვიცი რამე, პოლონეთი კი ბოლო წლებში განსაკუთრებით ძლიერი გუნდია. ძალიან რთული მატჩები გველის და ყოჩაღ თემურ ქეცბაიას, თუ რაღაც შედეგს მიაღწევს!
– საქართველოს ნაკრებს სახელიანი უცხოელი მწვრთნელებიც ჰყოლია, მაგრამ საუკეთესო შედეგს მაინც ქართველი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მიაღწია. ეს რისი მაჩვენებელია?
– ეს სპეციფიკური საკითხია... სხვათა შორის, უცხოელთაგან ყველაზე მეტად იოჰან ბოსკამპის მუშაობით ვარ კმაყოფილი!
– სწორედ ბოსკამპი არ იყო, მენტალიტეტი რომ დაგვიწუნა? როგორ ფიქრობთ, მართალი იყო ჰოლანდიელი მწვრთნელი? ქართული ხასიათი ფეხბურთელს ეხმარება თუ პირიქით, ხელს უშლის?
– სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალიზმისგან მართლაც შორს არის. ჩემი უცხოელი თანაკლუბელები რეჟიმს არასდროს არღვევდნენ, ზედმეტი წონა შვებულებიდან დაბრუნებულებსაც კი არ ჰქონდათ. მეტიც, შეკრებაზე რომ ჩამოდიოდნენ, უკვე ფორმაში იყვნენ, ზოგიერთი ქართველი მოთამაშე კი...
– რადგან PRO-ლიცენზიის აღებას აპირებთ, მწვრთნელობა სერიოზულად გქონიათ გადაწყვეტილი.
– ძალიან სერიოზულად! ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი, როცა სხვადასხვა მწვრთნელთან მუშაობისას მათი მუშაობის სტილისა და მეთოდების შესახებ ჩანაწერებს ვაკეთებდი – იქიდანვე ვემზადებოდი მწვრთნელბისთვის.
– ქართულ ფეხბურთში არსებულ სავალალო მდგომარეობას ბევრი იმასაც აბრალებს, ადგილობრივ კლუბებში ვეტერანები საკმარისად რომ არ არიან დასაქმებული... ეთანხმებით?
– პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. თუნდაც ყველა ვეტერანი დაასაქმო, ამით ეშველება ქართულ ფეხბურთს? სხვა სტრატეგიაა საჭირო. ფეხბურთს ჩვენ ხასიათიდან, მონაცემებიდან გამომდინარე უნდა მივუდგეთ. უპირველესად, ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, რეგიონებია ჩაკეტილი, ფეხბურთი თბილისელ მოზარდებსაც უყვართ, მაგრამ რეგიონებში სულ სხვა მოტივაციით თამაშობენ, იქ უფრო უყვართ ფეხბურთი. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი მოზარდი ფეხბურთს უცხოურ კლუბში მოხვედრის, კარგი კონტრაქტის იმედით თამაშობს, მაგრამ თვითმიზანი მხოლოდ სარფიანი კონტრაქტი ხომ არ უნდა იყოს? ფეხბურთი სიყვარულით უნდა ითამაშო... მაგრამ ბავშვი რა ტენდენციასაც ხედავს, თავადაც იმის სურვილი უჩნდება. წინათ მოედანზე რომ გავდიოდით, ფული ვიღას ახსოვდა – კარგი კობინაცია, კარგი გოლი, კარგი თამაში იყო მთავარი... კიდევ კარგი, რაიონებში ახლაც ბევრი ბავშვია ასეთი მოტივაციით. ეროვნული პირველობა როგორ განვითარდება, როცა ქართულ კლუბებში ერთი და იმავე ფეხბურთელებისა „მიდი-მოდის“ ვხედავთ, აზალგაზრდა მოთამაშეები კი განზე რჩებიან. ეს ჯაჭვური რეაქციაა – თუ ჩემპიონატი სუსტია, ვერც ნაკრები იქნება წარმატებული.
– ნაკრები... რა აკლია დღეს საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად?
– კარისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი, შემტევი ფეხბურთი... რა არის ფეხბურთში მთავარი? გოლის გატანა! ამისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღო, კარისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა მოძებნო... შეიძლება წააგო, მაგრამ მომენტები შექმნა, გაალამაზო მატჩი, ჩვენს თამაშს კი ხიბლი აკლია და მეტწილად, უსახურ ფეხბურთს ვხედავთ... დაცვით ხაზს მწვრთნელის ხელი ნამდვილად ეტყობა, მაგრამ შემტევები გვაკლია. ჩვენს დროს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს შეეძლო მეტოქის მოტყუება, სწორი გადაწყვეტილების მიღება, გადაცემის გაკეთება... ასეთი ფეხბურთელები გვაკლია...
– ქეცბაიას დანიშვნას ყველა დიდი იმედით შეხვდ, დღეს კი კრიტიკოსი უფრო მეტ ჰყავს.
– ნურავის ეწყინება, მაგრამ ნაკრებს რა ფეხბურთელებიც ჰყავს, თემურიც ისეთ ფეხბურთს თამაშობს... ქვეცბაია შემტევი იყო, დარწმუნებული ვარ, შემტევი ფეხბურთი დღესაც ძალიან უყვარს, მაგრამ მწვრთნელია და ჯერ იმას ფიქრობს, შემტევები არა მყავს და გოლი მაინც არ გავუშვაო... რა თქმა უნდა, შეცდომები მასაც აქვს. თუნდაც ფინეთთან მატჩი ავიღოთ – შინ, აუცილებლად მოსაგებ მატჩშიც იმ ტაქტიკით ითამაშა, როგორც საფრანგეთთან! თუმცა, საზოგადოდ, მის მუშაობას დადებითად ვაფასებ – ამ კონტინგენტით მაქსიმუმს აკეთებს...
– თვითონ ძალიან მებრძოლი, თავდაუზოგავი, ჟინიანი ფეხბურთელი იყო. რატომ ვერ მოახერხა გუნდის შეკვრა, ამდენი კონფლიქტი რატომ აქვს ფეხბურთელებთან?
– მართლაც პროფესიონალი იყო, არ არსებობს, არ დაეკეტა ყველა კუთხე-კუნჭული... გუნდის შეკვრა? არ არის ასე ადვილი! კონტინგენტი უნდა გყავდეს. თუ კონტინგენტი გყავს და ვერ შეკრავ, მაშინ ხარ სუსტი! შეტევით ფეხბურთში ჯერჯერობით სუსტი ვართ. მხოლოდ დაცვაზე, მხოლოდ ბურთის მოგერიებაზე ფიქრი, მით უმეტეს, ქართველისთვის – საშინელებაა... ამიტომაც არის გულშემატიკვარი უკმაყოფილო. ჯერ კიდევ ჭყინტია ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე, ყენია და სხვები ჯერ დასაღვინებელი არიან. თანაც, იყო პერიოდები, როცა არ უწევდათ კლუბებში თამაში, ასეთ დროს კი რთულია ნაკრებში თავის გამოჩენა.
– კონფლიქტები? ქეცბაიას ხასიათის ბრალია თუ ფეხბურთელების?
– ფეხბურთელების ბრალიც არის, ქეცბაია პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ბოლომდე იხარჯებოდა, დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა, რეჟიმს იცავდა, ასეთი მიდგომა აქვს ჩამოყალიბებული და შესაბამისად, ფეხბურთელებსაც იმავეს სთხოვს. ესენი კი სხვანაირად არიან ჩამოყალიბებული... ფეხბურთელი მწვრთნელს რომ ეტყვის, მე კლუბში ასე არ ვაკეთებდიო, რაღაზეა ლაპარაკი? არ მაინტერესებს, კლუბში როგორ აკეთებდი, აქ მე რასაც გთხოვ, ის უნდა გააკეთო! დამოკიდებულებაა არაპროფესიული. ანდა, რას ჰქვია „ასეთი ხასიათი აქვს“?! ეს ხომ ეროვნული ნაკრებია, შენ ქეცბაიას კი არა, სამშობლოს ემსახურები! მაგრამ მწვრთნელიც უნდა წავიდეს რაღაც დათმობაზე, სწორედ ეს არის მწვრთნელის ხელოვნება – ბალანსი უნდა დაიცვას, ოქროს შუალედი მოძებნოს... არ არის ის, რაც შენ იყავი და ამიტომ იმავეს ნუ მოსთხოვ! მაგრამ ფეხბურთელებს მეტად ვადანაშაულებ... თუმცა, ცუდია, ამდენი განაწყენებული ფეხბურთელი რომ არის...
– გულშემატკივრობის პრობლემაც რომ არის ქართულ ფეხბურთში, ეს რამდენიმე დღის წინ ქუთაისში კიდევ ერთხელ გამოჩნდა... ვიცით კი გულშემაკტივრობა?
– ყველაზე მაგარი გულშემატკივრობა შოტლანდიაში თამაშისას ვნახე: 0:3 წაგვიგია საკუთარ მოედანზე, მაგრამ მაინც ტაშით გავუცილებივართ! შვეიცარიელები? დაადებდნენ თავს და წავიდოდნენ, არავინ გერჩოდა. თურქეთში, შინ რომ წაგეგო, ავტობუსში არ აგიშვებდნენ, 4 საათი გასახდელში ვიყავით ხოლმე და რომ დაიშლებოდნენ, მერე გავდიოდით (იცინის). სამხრეთელებს სისხლი გვიდუღს. თურქები ჩვენ გვგვანან. ასეთი რაღაცები ცუდია, გულშემატკივრის კულტურა უნდა გქონდეს.
– თითქმის შვიდი წელი გავიდა და ახლა მაინც გვითხარით, რატომ გადადექით 2007 წლის 13 მაისს, სფფ-ის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში?
– ჩემს ადგილას, ყველა ასე მოიქცეოდა, რადგან პირადად დამირეკა ქვეყნის პრეზიდენტმა და მთხოვა...
– მიხეილ სააკაშვილმა გთხოვათ, გადადექიო?
– ქვეყანაში მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ, ძალიან გთხოვ, ხელახალი ყრილობა გამოაცხადეო... „ლამაზად“ მითხრა, მაგრამ „გადადექის“ არ ნიშნავდა? სხვა ფაქტორებიც იყო, დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღე და ვუპასუხე – არ არის პრობლემა, ფეხბურთის გამო ქვეყანაში დაპირისპირებას ხომ არ დავიწყებ-მეთქი?! ბევრს დასწყდა გული, მაგრამ ყველაზე მეტად ხომ მე დამწყდა? ჭორებს რომ ავრცელებენ, ნემსაძეს დაემუქრნენ და გადადგომა აიძულესო, ტყუილია! მსგავსი არაფერი ყოფილა – პრეზიდენტის გარდა, არავის დაურეკავს. მით უმეტეს, მიშასთვის უარის თქმაც შემეძლო!
– არ ნანობთ? მაშინ რომ არ გადამდგარიყავით, იქნებ სულ სხვაგვარად წასულიყო ქართული ფეხბურთის საქმე. სხვათა შორის, თქვენ შემდეგ არჩეულ ორივე პრეზიდენტს – უმცროს ახალკაცსაც და ზვიად სიჭინავასაც ხშირად წამოაძახებენ ხოლმე – არჩეული კი არა, დანიშუნლი პრეზიდენტი ხარო.
– ეგ არავინ იცის, როგორ წავიდოდა საქმე... სხვათა შორის, შესაძლოა, კარგი იურისტი ან მენეჯერი იყო, მაგრამ თუ სიყვარული არა გაქვს, არაფრის კეთებას არა აქვს აზრი. უმცროსი ნოდარ ახალკაცი განათლებული იყო, მაგრამ ფეხბქურთის სიყვარული არ ჰქონდა!
– ზვიად სიჭინავას აქვს?
– სიჭინავა კარგი მენეჯერი და ორგანიზატორია, კარგადაც აშენებს... რაც შეეხება საფეხბურთო საკითხებს, ყველაფერში დეტალურად შეიძლება ვერ ერკვევა, მაგრამ რაც არ იცის, იმ საკითხებში რეზო არველაძე, ჩივაძე, ხურცილავა, აჩი არველაძე და სხვები ეხმარებიან... როცა რაღაცაში კარგად ვერ ერკვევი და რჩევას გვერდით მყოფს ჰკითხავ, ესეც ცოდნაა!
რატი შელეგია
„გაზეთი „კვირის პალიტრა“