reportiori.ge - ვახტანგ კომახიძე: ამ გავრცელებულ ფოტოებთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ჟვანიას ეცვა ტალახით დათხვრილი პიჯაკი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:13
ინტერვიუ
ვახტანგ კომახიძე: ამ გავრცელებულ ფოტოებთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ჟვანიას ეცვა ტალახით დათხვრილი პიჯაკი!
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 18:50



ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა სამშობლოდან გადახვეწა, თავისი საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმით „ტყვიის გარეშე“ სერიოზული გარღვევა მოახდინა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ბურუსით მოცულ საქმეში და საზოგადოებას დაანახა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ოფიციალური ვერსია პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვის შესახებ სრული აბსურდი იყო. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ახლახან ინტერნეტში გავრცელებულმა სკანდალურმა ფოტოებმა, რომლებზეც ჩანს, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებს ძალადობის აშკრა კვალი აღენიშნებათ. ჩვენ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დავუკავშირდით, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული.

 

– ვახო, როგორ ფიქრობთ, გამოქვეყნებული ფოტოები გვაძლევს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გაიხსნება?

– თუ პროკურატურის შესაძლებლობები და ხელისუფლების პოლიტიკური ნება ერთმანეთს დაემთხვევა, ვფიქრობ, ნამდვილად არსებობს შანსი, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია და თავდაყირა არის დაყენებული.

რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს,  ისინი აღწერილობით ნამდვილად შეესაბამება იმ ფოტოებს, რომლებიც 2005 წლიდან ჰქონდათ უშიშროების სამინისტროში, თუმცა, ამ გავრცელებულ ფოტოებთან ერთდ არსებობდა კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ჟვანიას ეცვა ტალახით დათხვრილი პიჯაკი!

– ტალახიანი პიჯაკი რატომ უნდა სცმოდა ჟვანიას?

– უსუპოვს რატომ ეცვა ტალახით დათხვრილი შარვალი? მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ: ჟვანიას და უსუპოვის ტანსაცმელი, შეუძლებელია, მათი ბინაში ყოფნის შემთხვევაში დათხვრილიყო. ისიც ცხადია, რომ არც ჟვანია და არც უსუპოვი ბინაში ასეთი დათხვრილები არ მივიდოდნენ.

სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები კულუარებში ასეთ რამეს ამბობდნენ, ჩვენ გვამები გარეთ გამოვიტანეთ, მომხდარი სხვანაირად გვინდოდა შეგვეფუთა, მაგრამ არ გამოვიდა და ცხედრები ისევ ბინაში დავაბრუნეთო.

ვთქვათ, ეს მართალია, მაგრამ გვამების ბინიდან გატანა და მერე უკან დაბრუნებაც გამორიცხავს იმას, რომ ჟვანიასა და უსუპოვის ტანსაცმელი ტალახით დათხვრილიყო!

შესაბამისად, გამოდის, რომ ჟვანიას და უსუპოვის ცხედრები ე.წ. შემთხვევის ადგილზე მიიტანეს უკვე ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი ტანსაცმელი ტალახით იყო დათხვრილი!

– გავრცელებული  ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ უსუპოვს დასვრილი შარვალი აცვია, მაგრამ სად გაქრა ჟვანიას ტალახიანი პიჯაკი?

– როგორც მე ვიცი, ჟვანიას ტანსაცმელი დაკარგულია და საქმეშიც არ დევს! თავიდან ჟვანიას ტანსაცმელი იყო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და იგი შეფუთულ მდგომარეობაში გადასცეს ერთ-ერთ ექსპერტს საექსპერტო სამუშაოს ჩასატარებლად, ამ ექსპერტთან მივიდა ლევან სამხარაული და უთხრა, რომ ჟვანიას ტანსაცმელი ცოტა ხნით უნდა წაეღო რაღაც საჭიროებისათვის და უკან დააბრუნებდა, მაგრამ სამხარაულს ჟვანიას ტანსაცმელი უკან არ დაუბრუნებია, ეს ტანსაცმელი სადღაც გაქრა!

– რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჟვანიას ტანსაცმლის გაქრობის მიზანი?

– წარმოიდგინეთ, ექსპერტიზას რამდენი რამის დადგენა შეეძლებოდა ჟვანიას დათხვრილი ტანსაცმლიდან.

– მაშინ, ამ ლოგიკით, უსუპოვის დათხვრილი შარვალიც უნდა გაექროთ...

– კი, თუმცა, ამ შემთხვევაში ჟვანია უფრო იყო საზოგადოების ინტერესისა და დაკვირვების ობიექტი, ვიდრე უსუპოვი. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ და არანაირად არ ვაკნინებ უსუპოვის ტრაგედიას, უბრალოდ, ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახლდათ და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

თანაც, ორივეს ტანსაცმელი რომ გამქრალიყო, ეს უფრო „იყვირებდა“.

სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, ახლახან გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ჟვანიას პერანგის ღილები უსწორმასწოროდ აქვს შეკრული და ესეც სპეციალურად არის გაკეთებული!

– რას გულისხმობთ?

– ჟვანიას პერანგის ღილების უსწორმასწოროდ შეკვრით საზოგადოებისთვის უნდოდათ მიენიშნებინათ, ესენი შიშვლები იყვნენ და სახელდახელოდ ჩვენ ჩავაცვითო. დიახ, ღილების არასწორად შეკვრა დასჭირდათ 24-ე კადრის პრინციპის გამოსაყენებლად, რომ საზოგადოებას ეფიქრა, როგორც ჩანს, იმ ბინაში მართლა რაღაც „ისეთი“ მოხდაო.

– თქვენ ზემოთ ახსენეთ, ჟვანიას ტანსაცმელი ლევან სამხარაულმა გააქროო. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ ლევან სამხარაულის მკვლელობის მიზეზი თანაკლასელთან მისი ძველი კონფლიქტი იყო, ისევე, როგორც, ძალიან ბევრისთვის დაუჯერებელია ჟვანიას სიკვდილის ოფიციალური ვერსია...

– ლევან სამხარაული იყო ადამიანი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ექსპერტებზე, რათა ჟვანიას საქმეზე მათ დაეწერათ ისეთი დასკვნა, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა! ბუნებრივია, სამხარაული ამ დავალებას იღებდა ხელისუფლების პირველი პირებისაგან, ანუ მან იცოდა, ვის აწყობდა ჟვანიას ექსპერტიზის გაყალბება და ამიტომაც იყო საშიში სამხარაული ხელისუფლებისათვის.

– ყველასთვის ცნობილია, რომ სამხარაული ზურაბ ადეიშვილის კადრი იყო, ისინი ორივე წარმოშობით ყვარლის რაიონიდან იყვნენ...

– დიახ, ასეა და საგულისხმოა, რომ ლევან სამხარაული მოკლეს ყვარელში და მისმა მკვლელმაც ორი იარაღით „თავი მოიკლა“ ყვარელში, ანუ იმ რაიონში, რომელსაც ადეიშვილი მთლიანად აკონტროლებდა.

დიახ, სამხარაულის მკვლელს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს! ყოვლად შეუძლებელი და გამორიცხულია, რომ ადამიანმა ორი იარაღით მოიკლას თავი!

– და ბოლოს, ვახო, რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის სააკაშვილის ლაპარაკი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის წინათ „რუსთავი-2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში?

– სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მაქვს, სააკაშვილის გამონათქვამები შევაფასო, მაგრამ ამ ინტერვიუდან ერთი რამ მომხვდა ყურში – სააკაშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა „ასავალ-დასავალი“ და საერთოდ, სულ ახსენებს თვენს გაზეთს. ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტური სტანდარტების სიწმინდეზე ლოცვებს კითხულობს ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში თვითონ ქმნიდა საზოგადოების დამბოლებელ მედიასაშუალებებს!

ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა ყოვლად შეუძლებელია ისეთ არაჯანსაღ გარემოში, როგორსაც სააკაშვილის რეჟიმი ქმნიდა, როცა სრულიად ხელმიუწვდომელი იყო ინფორმაცია და მისი გადამოწმების შანსი არ არსებობდა. როცა ინფორმაციას არ გაძლევენ და არ გამოწმებინებენ, იძულებული ხდები, ყველაფერი თქვა და დაწერო და ეს სწორიც არის, რათა, საბოლოო ჯამში, მიაღწიო იმას, რომ ინფორმაცია მოგცენ!

 


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016