reportiori.ge - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „1-ლი არხის“ ბორდის თავმჯდომარის ფსიქიკური აშლილობის ფონზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:30
პრეს-დაიჯესტი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „1-ლი არხის“ ბორდის თავმჯდომარის ფსიქიკური აშლილობის ფონზე
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 03:08



2014 წლის 19 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელი, რომლის სადავოდ გამხდარი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების, მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს. უფრო მარტივად კი, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი ბორდის ახალი კანდიდატების შესარჩევად, რითაც სრული დისკრედიტაცია გაუწია საქართველოს პარლამენტს.

მოსამართლე ვარძელაშვილი ამჯერადაც „მოწოდების სიმაღლეზე“ აღმოჩნდა და უკანასკნელი სამსახური გაუწია საკუთარ „დიდ მფარველს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ვერა და ვერ თმობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც მსუყე ლუკმას წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის და არამხოლოდ... 35-მილიონიანი გარღვევა, რომელსაც სწორედ გასულ 9 წელიწადში დაუგროვდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თამარ კინწურაშვილიდან გია ჭანტურიამდე ხელისუფლებისდროინდელია. შეჭმულ-გაფლანგულ თანხებზე კი ზედამხედველობის საჭე სწორედ ლევან გახელაძეს ეპყრა ხელთ. ეს ის გახელაძეა, რომელიც მიუხედავად ვადაგასულობისა, დღემდე უცვლელად ზის „ყოფილ-ახლანდელ“ სკამზე, რომელიც ფორმალურად გოგუაძეს კი გადაულოცა, მაგრამ ბორდის მართვაში რეალურად არაფერი შეცვლილა. გახელაძე კვლავ აუღელვებლად შლის კომპიუტერში პასეანსს და უჩივის და უჩივის საზოგადოებრივი მაუწყებლის მისთვის უკონტროლო ხელმძღვანელობას ისეთი უცოდველი სახით, თითქოს 35 მილიონი მამა-პაპისგან მემკვიდრეობით ჰქონოდა მიღებული და 9 წელიწადში უცაბედად „შემოეჭამა“...

 

19 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ ელოდა 6 თებერვლის ფონზე. სწორედ 6 თებერვალს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე დაშლილ-დაქუცმაცებული, ქმედუუნარო და ვადაგასული ბორდის ნარჩენები დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძისა და მამუკა ფაჩუაშვილის სახით. მოპასუხე მხარე, რასაკვირველია, საქართველოს პარლამენტი იყო, დავის საგანი კი – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. მკითხველისთვის გასაგებ ენაზე კი, ნაციონალური ბორდი პარლამენტს უჩიოდა: დაგვშალეს, იძალადეს, ნამუსი აგვხადეს და სახელი გაგვიტეხეს, გვიშველეთ, აღგვადგინეთო...

პარლამენტის ადვოკატი ძალზე სუსტი გამოდგა. ეტყობა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ზედმეტად ადრე იზეიმა გამარჯვება და ჩათვალა, რომ ისედაც დაშლილი ბორდის წევრთა მოთხოვნებს, შეცვლოილი კანონმდებლობის ფონზე, საკონსტიტუციო სასამართლო არ გაითვალისწინებდა, ამიტომაც საგანგებო დაცვაზე არც უფიქრია... ნაციონალების ადვოკატები კი, მშვენივრად მომზადებული, არგუმენტირებული და ძველი ბორდის თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიერ ათასჯერ აწონილ-გაზომილი სტრატეგიით მოქმედებდა, ამიტომაც დამსწრე საზოგადოებაზეც და მოსამართლეზეც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა პროცესი და რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, რომ არა უცაბედი მეხი ნაციონალების თავს, რომელიც ბორდის თავმჯდომარის, ემზარ გოგუაძის ყივილმა გამოიწვია სასამართლო დარბაზში. ყველასთვის მოულოდნელად, ბორდის თავმჯდომარე მაგიდაზე „შეფრინდა“ და ფრთების ტყლაშუნით გამკივანი ხმით დასძახა: „ყიყლიყოყიიი!!!“ მერე ფრთები გაისწორა, ახლა ძაღლად გადაიქცა და ყმუილი და ყეფა მორთო: „ავ-ავ-ავ-ავ-ავ!!!“

მოულოდნელობისგან ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც ისე დაიბნენ, კამერების ჩართვაც ერ მოასწრეს და ეს სკანდალი, გოგუაძისა და ნაციონალების ბედად, ობიექტივს მიღმა დარჩა. ვიდრე გოგუაძე სხვა შინაური თუ გარეული ცხოველების განსახიერებას შეუდგებოდა, ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, დავით კანდელაკმა იმარჯვა, თავისმომჭრელ თავმჯდომარეს ფეხში ხელი სტაცა, წააქცია, თავში დაეცა და დარბაზიდან ძალით გაათრია. გაოგნებულმა მოსამართლე ვარძელაშვილმა იკითხა, რამდენად ხშირად მოსდიოდა ამგვარი შეტევები ბორდის თავმჯდომარეს. დაბნეულმა მოსარჩელეებმა უპასუხეს, – არც ისე ხშირადო... ამასობაში მოსამართლემ თავი ხელში აიყვანა, განრისხებულმა გრდემლს ჩაქუჩი დაჰკრა, პროცესი დაასრულა და დარბაზი დატოვა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს „რევოლუციური“ გადაწყვეტილება

 

გოგუაძის შიზოფრენიული გამოხტომის შემდეგ არც ერთი ჭკუათმყოფელი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაშიც“, აღარ ელოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებდა უფუნქციოდ დარჩენილი, დაშლილ-დაქუცმაცებული ბორდის სარჩელს, თუმცა აქაც ყველა მოტყუვდა...

ბორდის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს მოსამართლე ვარძელაშვილის თაოსნობით. ეს ის ვარძელაშვილია, რომელიც საგანგებოდ შეარჩიეს ნაციონალებმა „მეგობრობის“ ნიშნით. ვარძელაშვილის გამოსამართლებაში, რამდენიმე წლის წინათ, ნაციონალებმა თავი გამოიდეს. მას შემდეგ ვარძელაშვილს არცთუ ხშირად აწუხედა მმართველი პარტია. თუმცა, ვალი ვალია და ადრე თუ გვიან, ვარძელაშვილს ის მაინც უნდა გადაეხადა. ჰოდა, გადაიხადა კიდეც. ბორდის რამდენიმე წევრი მისი საკმაოდ ახლო მეგობარი იყო. ზარი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან კი გადამწყვეტი აღმოჩნდა და გაება საზოგადოებრივი მაუწყებელი მორიგ შარში, რომლიდან ამოძრომასაც რამდენი დრო და ენერგია დასჭირდა, არავინ იცის...

დანამდვილებით კი ერთია ცნობილი: 6 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოზე ბორდის თავმჯდომარის ფსიქიკური აშლილობის შემოტევის გამო ლევან გახელაძეს, მამუკა ფაჩუაშვილსა და დავით კანდელაკს ნაციონალურ ოფისში წითელი ბარათი აუნთეს: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, არანორმალური გოგუაძე თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდაო. გახელაძე-კანდელაკი-ფაჩუაშვილი ამ დღეებში „შეცდომების გასწორებას“ იწყებენ და გოგუაძეს თუ ფსიქოლოგიურად, თუ ფსიქოტროპულად და თუ ნაწერ-დაზეპირებული ტექსტებით დღედაღამ ამშვიდ-ამეცადინებენ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტვით გამოსასვლელად. ერთმა ღმერთმა იცის, გაუძლებს თუ ვერა გოგუაძის არამყარი ფსიქიკა ამდენს. ეგებ მამლისა და ძაღლის ამბავი მონაგონიც იყოს მომავალ სხდომაზე.

 

აქა ამბავი ემზარ გოგუაძის ბორდის თავმჯდომარისა

 

ეს ამბავი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ნაციონალური ბორდის ძლევამოსილი თავმჯდომარე, რომელიც წლების განმავლობაში სიტყვაშეუბრუნებლად ახორციელებდა პარტიის ყველა დაკვეთას, ატარებდა „ნაციონალურ-სახელმწიფო“ პოლიტიკას, ხსნიდა და ათავისუფლებდა გარაჟის მძღოლიდან დაწყებული, საინფორმციო სამსახურის უფროსითა და თვით გენერალური დირექტორით დამთავრებული ყველა სტრატეგიულ თუ მნიშვნელოვან კადრს, სავარჯელში თავს ფრიად კომფორტულად გრძნობდა და დღედაღამ პასეანსის გაშლით ერთობოდა „ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილი იყო გახელაძის მუშაობით. კმაყოფილებას კი ნაცები ფრიად გულუხვად გამოხატავდნენ მატერიალური თვალსაზრისით. ბატონ გახელაძეს 2500-ლარიანი ხელფასი ილიას უნივერსიტეტში ერიცხეოდა, 2500 ლარიც, გარდა „მარცხენა“ შემოსავლებისა, საზოგადოებრივ არხზე. „მარცხენა შემოსავლები“ კი 35 მილიონი ლარი, რომელიც ნაჭამ-ნასვამის სახით, მემკვიდრეობით დაუტოვეს ახალ ხელმძღვანელობას, დამეთანხმებით, ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება. ასე რომ, კარგა ხანს პარტიაცა და ჭანჭიკიც კმაყოფილები იყვნენ. არხი კი მუშაობდა კვესიტაძე-პაიჭაძის იდეოლოგიის და საერთო იდილიას არ ჰქონდა საზღვარი... პირველ ოქტომბერს, ნაციონალების საუბედუროდ ჩამოკრულმა საგანგაშო ზარებმა „აწყობილი ქვეყანა“ სულ თავზე დააქიეს ნაციონალურ ხელისუფლებას. უბედურება იმდენად დიდი იყო, რომ უმაღლეს სახელისუფლებო ვერტიკალს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც წლების განმავლობაში ფულის სარეცხ მანქანად ჰქონდათ გადაქცეული, არც გახსენებიათ. გახელაძეც მიხვდა, რომ თავის გადარჩენის გზები უნდა ეძებნა, თუ სურდა, „საათივით აწყობილი საქმე“ ხელიდან არ გამოსცლოდა. ბორდის თავმჯდომარეც მიდგა-მოდგა და „ქოცებთან“ „საქმის გაჩარხვას“ შეეცადა, გია ჭანტურია სასწრაფოდ მოიშორა თავიდან და მის ადგილზე მხარი დაუჭირა გიორგი ბარათაშვილს. პირველი „იაღლიშიც“ მაშინ მოუვიდა, როდესაც ჩათვალა, რომ ბარათაშვილი თანამდებობით მოიხიბლებოდა, გახელაძის ღვაწლს დააფასებდა და მისი თამაშის წესებით ითამაშებდა, თუმცა შეცდა... შეცდომების გასწორება ნაციონალურმა ბორდმა ერთხმად სცდა და თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ბარათაშვილი თანამდებობიდან ხმათა უმრავლესობით გადააყენა... გახელაძე ჩქარობდა. მისი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, ნაციონალების დაკვეთები კი შეუსრულებელი რჩებოდა. საჭირო იყო მემკვიდრის ძიება, რომელიც წესით, ძნელი არ უნდა ყოფილიყო. ყველა ვარაუდობდა, რომ ბორდის თავმჯდომარის ვაკანტურ სავარძელს მამუკა ფაჩუაშვილი დაიკავებდა, ფორმალურად არაფერი შეიცვლებოდა, „პირველი არხი“ კი კვლავ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ,.. სასამართლომ ბარათაშვილი კვლავ გენერალური დირექტორის სავარძელში დააბრუნა, ემზარ გოგუაძე კი, სრულიად შემთხვევით, ბორდის თავმჯდომარის სკამზე წამოასკუპა.

გოგუაძე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში პარლამენტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს უძღვებოდა, ბუნკერშიც კი იყო, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად. უსამართლოდ დევნილი პოლიტიკოსის იმიჯი და კომპლექსიც იქიდანვე აიკიდა და ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემთხვევაშიც, აწ უკვე მეორედ გახდა „რეპრესირებული პოლიტიკოსი“. ბორდის თავმჯდომარედ არჩევამდე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხალიჩაზეც დადგა ფეხი და ვიწრო წრეში პრეზიდენტთან ერთად ივახშმა. სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა სააკაშვილმა მომავალი ბორდის თავმჯდომარისთვის არცთუ ისე უხვი „გასამრჯელო“ მიეცა, რომელიც მისი სახლის რემონტისთვი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. გოგუაძეც ბედნიერი დარჩა და პრეზიდენტიც. აქედან დაიწყო მისი ფსიქიკის ნელ-ნელა რყევა და საზოგადოებრივი მაუწყებლის უბედურება, რომელმაც უკვე მეორედ დაკარგა გენერალური დირექტორი, სამაგიეროდ მიიღო ჭკუიდან შეშლილი ბორდის თავმჯდომარე, რომელიც იმ დღიდან გინების კორიანტელს აყენებდა ტელევიზიის დერეფნებში, მისი ბუნებისთვის შეუფერებელ, უწმაწურ სიტყვებს ისროდა უმისამართოდ, მეორე დღეს კი აღარაფერი ახსოვდა და უბოდიშებდა ყველას: მაპატიეთ, ფსიქიატრთან დავდივარო. ბორდის წევრებმა, რომლებიც დროზე მიხვდნენ რა შარშიც იყვნენ, ზოგმა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ზოგმაც მოუცლელობა მოიმიზეზა და დარჩა გოგუაძე კაპიტნად ჩაძირულ ხომალდში... ამ პოლიტიკურმა ფიასკომ მის ფსიქიკას ერთი ორად დაარტყა და დაიწყო პრესკონფერენციების მოწყობა წამებულის მანტიით, აქაოდა ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრას ვითხოვ და არ მხვდებიანო. წუწუნით ბოლოს „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ტყემალაძესაც მიმართა: დავრჩით 7 კაცი და რა ვქნათ ახლა ჩვენო? ტყემალაძემაც მიუგო: შვიდკაცა“ სიმღერაშია კაი და ბორდში არა მგონიაო... ამ დიალოგის შემდეგ გოგუაძესა და ტყემალაძეს შორის საბოლოოდ ჩაირბინა შავმა კატამ და ბრძოლამ ლამის ტრაგიკული, მუშტი-კრივის სახე მიიღო. ტყემალაძემ, ყველასთან შეუთანხმებლად, ერთ მშვენიერ დღეს, ხელაღებით გააუქმა კვესიტაძე-პაიჭაძის ტოქშოუები, რითაც საზოგადოების სიმპათია და ბორდის ანტიპათია დაიმსახურა. ბორდი აშკარა პროვოკაციაზე გადავიდა და შეეცადა, მარადაუღელვებელი ტყემალაძე წონასწორობიდან გამოეყვანა, მაგრამ ამჯერადაც შეცდა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თავი შეიკავა და, თუმცა ხელები კი ექავებოდა, მაინც არ გაულაწუნა მის მიმართ აშკარად „მოუკრეფავში“ გადასულ გახელაძეს, გოგუაძესა და ფაჩუაშვილს.

ვიდრე პარლამენტი კანონს შეცვლიდა და ახალი ბორდი ვადაგასულს საბოლოოდ ჩაანაცვლებდა, გოგუაძემ და გახელაძემ კიდევ მოასწრეს რამდენიმე საჩივრის გაშანშალება, რომელმაც რამდენიმე ასეული ათასით დააზარალა უამისოდაც უამრავ ვალაკიდებული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბორდის ნარჩენების საბოლოო ლახვარი კი ბარათაშვილის ხელმეორედ მობრუნება გრახდა. უკანასკნელი ბრძოლა ვადაგასულ, დაშლილ-დანაწევრებული და სახელგატეხილი ბორდისა, რომელმაც ვერა და ვერ შეაბრალა თავი ვერც ევროკავშირს, ვერც ევროპის მაუწყებელთა კავშირს და ვერც ამერიკის ელჩს, მაინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც გოგუაძის უსაქციელობის, ყივილისა და ყმუილის შემდეგ, კარგად უნდა გაისიგრძეგანოს რა საცოდავ დღეში ამყოფებდა და ნახევრად შეშლილ ადამიანთა ჯგუფი მთელ საზოგადოებრვ მაუწყებელს და ბოლოს და ბოლოს, აირჩიოს: ნაციონალებთან ვალის გასტუმრება და მათი რეანიმირება საზოგადოებრივ მაუწყებელში თუ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც წერტილს დაუსვამს მაუწყებლის მრავალწლიან უბედურებას, მრავალმილიონიან ვალებს, და თანამშრომელთა ბედს, რომლებიც ამ პერმანენტულ გაწევ-გამოწევასა და ჯიკაობაში ვეღარც მოქმედებაზე ფიქრობენ და ვეღარც ხარისხიან გადაცემებზე.

როცა ქვემეხები დუმს, მუზები დუმან...

 

ლევან მაჭუტაძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016