2009 წლის მაისში 19 წლის იყო. კარგად ახსოვს, რომ დილით დედის ყვირილმა გააღვიძა... ოჯახმა ტელევიზიით გაიგო, რომ გენერალი გია კრიალაშვილი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მოხვედრილი სამი ტყვია მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მას შემდეგ ლაშა კრიალაშვილი სიმართლის დადგენას ცდილობს. დარწმუნებულია, რომ მამა მიზანმიმართულად მოკლეს. 24 წლის ლაშა კრიალაშვილი მამის კვალს მიჰყვება და უკვე 3 თვეა სამხედრო სამსახურში მსახურობს.
– ეგრეთ წოდებული ამბოხების დღეს სახლში ვიყავი, მეგობარმა მომაკითხა და ეზოში ვიდექით, ტელევიზორით გავიგეთ, რაც მოხდა... არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, 24 საათი ჩვენთან ერთად იყო მამაჩემი, არაფერი ეტყობოდა, რომ რაიმე ამბოხს, აჯანყებას გეგმავდა... მაგათ დაარქვეს, თორემ არანაირი ამბოხი მანდ არ ყოფილა... შემდეგ ძიებაში იყო და არ გვეკონტაქტებოდა. იმედი მქონდა, სადმე გააღწევდა და საჯარო განცხადებას გააკეთებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ ვერ შეძლო... მიზანმიმართულად მოხდა მისი ლიკვიდაცია. თიანეთის გზატკეცილზე ჩაცხრილეს... დილით დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა, ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა, კაცობაც არ ეყოთ, რომ შეეტყობინებინათ. მახსოვს, მარტო მე და დედა მივედით მორგში... არავინ არაფერში დაგვხმარებია.
შემდეგ საქმე გამოვითხოვე, სხვათა შორის, არ არის დიდი საქმე, მოკლედ წერია, მაგრამ საერთოშდ არ ფიგურირებს იქ, რომ ამ ბიჭებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, ანუ ორმხრივი სროლა როგორ იქნებოდა, თუ იარაღი არ ჰქონიათ? ამ კადრების გავრცელების შემდეგ კი ყველაფერი ისედაც ნათელია. მაგათი მკვლელობა გამიზნული იყო, ერთი მამაჩემის და მეორე კობა ოთანაძის, ალბათ, იმასაც გეტყვით, რომ ამ ორ ადამიანს მერაბიშვილსა და სააკაშვილზე მეტი წონა ჰქონდა ჯარში. არ ერეოდნენ, მაგრამ ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, მართლა სამოქალაქო ომი და გადატრიალება მოხდებოდა. უკან დამხევი არავინ იქნებოდა. დღემდე აქვს სახელი მამაჩემს ჯარში.
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გავრცელებულ კადრებში, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ახსენებს, მამათქვენს გულისხმობს? იყო განმარტება, რომ ის რუს მრჩევლებზე საუბრობდა...
– რად უნდა მაგას ლაპარაკი, თუ ეს ვიდეო ნამდვილია. მაშინ პირდაპირ ჩანს, რა ბრძანებასაც გასცემს. რა რუსი აგენტები, დავიღალეთ, ხალხნო, ამდენი ზღაპრებით, მამაჩემს სადაც საჭირო იყო, იქაც მინიმუმამდე დაჰყავდა მსხვერპლი. რომელი მაფიოზები ეგენი იყვნენ, რომ ჯერ ორი რუსი აგენტი ჩამოიყვანეს, შემდეგ დამალეს, მოკლეს... „სანტა-ბარბარა“ ხომ არ არის, რეებს ბოდიალობენ. თან ეს რუსი მრჩევლები ბრალდებაშიც არ ფიგურირებენ, არსად არ არიან ნახსენები.
– გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ხდებოდა სამხედრო ნაწილში? მაშინდელი მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, შეიარაღებული ამბოხება მზადდებოდა. თავად ბრალდებულებმა კი მოგვიანებით თქვეს, რომ რამდენიმე ადამიანი აპირებდა გადადგომის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებას და ეს საერთო პროტესტი არ ყოფილა.
– მე როგორც ვიცი, ლევან ამირიძეს უნდოდა გადადგომა. ზოგადად, ჯარშიც იყო უკმაყოფილება, 8 აგვისტოს ომი წავაგეთ, ამდენი მსხვერპლი იყო და ჩვენ ვზეიმობდით, ვიცინოდით, მეც ჯარში ვარ და ვხვდები, რას ნიშნავს ეს. მეგობარს რომ მოგიკლავენ, ქართველი რომ დაიღუპება, რა გეკონცერტება. იმის მაგივრად, რომ გლოვის დღე გამოეცხადებინათ, ვმხიარულობდით. ამიტომაც არ უნდოდათ ეგეთ ჯარში და ეგეთ მთავარსარდალთან ყოფნა, რომელიც მსხვერპლის მიუხედავად კონცერტებს მართავს. სამხედროებიც ხომ ადამიანები არიან და ჰქონდათ პროტესტის გრძნობა, კაცური გრძნობა აღლჯმის წინაშეც და სხვა ღონისძიებების წინაშეც. როგორ შეიძლება ოჯახის წევრი დაგეღუპოს და გვერდზე ოთახში ცეკვავდე. უკმაყოფილება იყო სამხედროებში ნამდვილად, სხვა არაფერი ვიცი.
– თქვენ, გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართეთ, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ იყო დაძრული...
– პროკურატურას დაახლოებით ერთი წლის წინათ მივმართეთ, მაგრამ ამ კადრების შემდეგ გამოძიება დაჩქარდა. მაშინ მამიდაჩემი დაიბარეს ქალაქის პროკურატურაში, პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრეს საქმე და აქეთ ეკითხებოდნენ, რა ინფორმაციას ფლობთო, გაგიჟდა ქალი...
– რატომ გაიწელა საქმე, როგორ ფიქრობთ?
– ჩემი აზრით, პროცესები იმიტომ იწელება, რომ მაგათ არ უნდათ, ისევ ნაციონალებს დაემსგავსონ, რომლებიც მოგკიდებდნენ ხელს და უცებ გაგიშვებდნენ ციხეში. ალბათ, უნდათ, რომ ყველაფერი საფუძვლიანად გამოიკვლიონ. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ეს ესეა.
– მამიდათქვენი ია კრიალაშვილი ამბობდა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება, რაც პირდაპირ დაადასტურებს, რომ 12-12-ათასიანი პრემიები აიღეს ადამიანებმა, ვინც ეს სპეცოპერაცია ჩაატარეს. რა მასალაზეა საუბარი და მოხდება თუ არა მისი გასაჯაროება?
– მე ჩემი თვალით არ მინახავს ეგ მასალა, მაგრამ მამიდაჩემისგან და იმ ჟურნალისტისგანაც ვიცი, რომ ასეთი რაღაც არსებობს, გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ხომ ისმის, პრემიებს მოგცემთო... როგორც ვიცი, ეს მასალები მამიდაჩემმა პროკურატურაში უკვე შეიტანა. რაც დანამდვუილებით ვიცი, ის არის, რომ ორმხრივი სროლა არ ყოფილა, იმიტომ რომ, იარაღი არც ერთ მათგანს არ ჰქონია. ვთქვათ, იყო ორმხრივი, ორ ტყვიას რომ ესვრი ადამიანს, იარაღს არ დააგდებს? რემბო ხომ არ არის, 8-9 ტყვიას რომ ესვრი, ესე იგი კლავ! მამაჩემს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – ორი ფეხში და ერთი მკლავზე. ოთანაძეს 9 და კიდევ საკონტროლო ტყვიები, ამირიძეს – 8. მერე იძახდნენ, სასწრაფოთი წავიყვანეთ და ვუმკურნალეთო, რას ესროდი 9 ტყვიას, თუ მოკვლა არ გინდოდა, თან როცა ამ ადამიანს იარაღი არ ჰქონდა?
ნერვები აღარ მაქვს, ვერც ამათ ვუყურებ, ახალ მთავრობას. დაიჭირონ დროზე, ვეღარ ვზივარ სახლში! აქვთ ჩანაწერები, მასალები, ჰყავთ მოწმეები, თუნდაც გია ღვალაძე, რომელიც ერთადერთი ცოცხალი მოწმეა. დაწერს ჩვენებას, რა და როგორ მოხდა, იტყვის ყველაფერს! არ უნდა ბევრი ლაპარაკი. მაცხოვრებელიც იყო ვიღაც ბიჭი კიდევ თვითმხილველი. თიანეთის გზატკეცილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ლურსმნებით ჩიჩქნიდნენ კედლებს, ვითომ ნატყვიარები იყოო, – ამბობდა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. ყველა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამ ვიდეოში ჩანს. მარტო მერაბიშვილის ბრალეულობა არ არის მანდ. ძალიან მაინტერესებს, რა უნდოდა ქალაქის მერს სპეცოპერაციაზე. რა მაგის საქმეა? სულ სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ ამ კადრების გავრცელების შემდეგ. ნაციონალებს ერთი კვირის დალაგებული აზრები თუ არ აქვთ, რომელსაც ვიღაც პიარტექნოლოგი უწერთ, მაშინ უჭირთ პასუხის გაცემა.
ახლა გამოძიების მოლოდინში ვართ, ღმერთმა ქნას, რომ მარტო ეს კი არა, ყველა საქმე გამოიძიონ. ჩემი რჩევა ახალი მთავრობის მიმართ იქნება ის, რომ დააჩქარონ პროცესები. რაზე ლაპარაკობენ, რა პროექტების დაფინანსება-არდაფინანსებაზე მსჯელობენ, ხალხს შვილები, ოჯახები ჰყავთ დაღუპული. გირგვლიანებს რომ შევხედოთ... კიდევ არ არის დამთავრებული საქმე. ურჩევნიათ, დროზე ქნანთ, თორემ ამოუვა ხალხს მალე ყელში ეს ყველაფერი.
ეკა სოსელია
გაზეთი „პრაიმტაიმი“