reportiori.ge - დავით საგანელიძე: არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო არც ერთ ბრალდებაზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:27
პრეს-დაიჯესტი
დავით საგანელიძე: არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო არც ერთ ბრალდებაზე!
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 03:37



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. დავით საგანელიძე ახლა თავად ითხოვს პროკურატურისგან, გამოიძიონ მის წინააღმდეგ გავრცელებული დოკუმენტაციის წარმომავლობა. ამ მიზნით, ის მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, ირაკლი შოთძესაც შეხვდა და პირობა მიიღო, რომ უმრავლესობის წევრების „აგენტობის საქმეს“ პირად აღრიცხვაზე აიყვანდა. საგანელიძეს მიაჩნია, რომ ბინძური კამპანია არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ მისი პარტიის წინააღმდეგაც მიმდინარეობს და აცხადებს, რომ საკითხის შუა გზაზე მიტოვებას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება.

დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

– როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება თქვენს წინააღმდეგ ასეთი კამპანიის წარმოება და ვინ შეიძლება იდგას ამის უკან?

– ეს კამპანია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, მასში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები მედიის წარმომადგენლები, კონკრეტული ჯგუფები. თუმცა ეს არ იყო პირადად ჩემს წინააღმდეგ მომართული კამპანია. ეს იყო მიმართული როგორც მაშინდელი საარჩევნო შტაბის, ასევე პარტიის წინააღმდეგ. თავის დროზე ეს თემა მედიის წევრებსაც და სამართალდამცავებსაც რატომღაც უყურადღებოდ დარჩათ, თუმცა მიმაჩნია, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქვეყანაში მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ გამოქვეყნდა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დაახლოებით ათ პოლიტიკოსს ბრალი ედებოდა აგენტურულ გარიგებაში. ეს თავისთავად ცხადია, პირველ რიგში, ზიანს აყენებდა პარტიას და ქმნიდა გაუგებრობას საზოგადოებაში. ეს მარტო მე არ მეხებოდა. შეიძლება ვინმე უფრო მსუბუქად უყურებს ამ თემას, მაგრამ მე არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო არც ერთ ბრალდებაზე. მაშინვე ვთქვი, სანამ არჩევნები იქნება, შეგნებულად არ შევალ არავისთან პოლემიკაში, მაგრამ როგორც კი არჩევნების პერიოდი ჩაივლის, ყველას მოვთხოვ პასუხს-მეთქი. მაშინვე მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე, შეესწავლათ, ვინ იდგა რეალურად ამ მასალების უკან, გამოეძიებინათ ის ადამიანები, ვინც მსგავს დოკუმენტაციას ქმნიდა. ასევე, მივმართე სასამართლოს ჩემი და ჩემი კოლეგების შეურაცხყოფის გამო. მოვითხოვე, პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ იმ ადამიანებს, ვინც ეს დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. თუმცა ამ მიზანს ძველი პროკურატორის პირობებში ვერ მივაღწიე.

– ამ მხრივ, არც ახალი პროკურატურა აქტიურობს, როგორც ჩანს...

– დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი პროკურორი გამოიძიებს. რამდენიმე დღის წინ შევხვდი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, მან ძალიან ყურადღებით მომისმინა, პირობა მომცა, რომ უახლოეს პერიოდში პირადად დაინტერესდება ამ საკითხით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესობის არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, საზოგადოებას ესაუბროს მაშინ, როცა მის მიმართ მსგავსი კითხვები არსებობს. რა ევალება ამ დროს სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუ არა მსგავსი საკითხების გამოძიება? ბუნებრივია, უნდა დადგინდეს, ვინ შექმნა აღნიშნული დოკუმენტაცია, ვინ მიიტანა ელისო კილაძესთან და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. თუ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში რეალურად არსებობს, პირველ რიგში, ეს უნდა იცოდეს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ... სწორედ ამ უწყებებმა უნდა გამოაქვეყნონ ეს დოკუმენტები და საზოგადოებამ უნდა გაიგოს მათი არსებობის შესახებ. პირადად მე თუ რამე მეხება, მოვითხოვ, ყველა დოკუმენტი გამოაქვეყნონ და საჯარო გახადონ, თუ ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, და მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ არსებობს, მაშინ მოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ და პასუხი აგონ საკუთარ დანაშაულზე.

– თქვენ იცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

– ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვიცოდე, აუცილებლად ვიტყოდი ხმამაღლა, თუმცა ჩემი ვარაუდები, ბუნებრივია, მაქვს და ვიცი, რატომ არ ხდებოდა თუნდაც წინა პროკურატურის, წინა ხელისუფლების პირობებში ამ საკითხის საერთოდ განხილვაც კი. ზოგი მირჩევს, საერთოდ შევეშვა ამ საკითხზე ფიქრს. მიმაჩნია, რომ რჩევა, თითქოს სჯობია, თავი დავანებო გამოძიების მოთხოვნას, რადგან ამით რეკლამას ვუკეთებ იმ ერთადერთ გამოცემას, სადაც ეს მასალები დაიბეჭდა, სწორი არ არის. თუ არსებობს კითხვის ნიშანი, თუნდაც ერთ ადამიანში, ვალდებული ვარ, ეს კითხვები და ეჭვები გავფანტო. რადგან ჩვენ გუნდი დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, ვართ უმრავლესობაში და მი უმეტეს, ვარ პარტიის ლიდერი, არ მაქვს უფლება, ერთი კითხვა მაინც დავუტოვო საზოგადოებას. მე მოვითხოვ, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული. წარმოიდგინეთ, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ დაბეჭდილიყო მსგავსი მასალა და მმართველი პარტიის ლიდერებს ბრალი დასდებოდათ აგენტობაში, რამხელა სკანდალს გამოიწვევდა ეს. მე ისიც მაინტერესებს, რატომ არის მედია ასე ჩუმად?

– გამოძიებას ელოდებიან...

– მედიამ ეს თავადაც უნდა გამოიძიოს, თქვან, რომ ეს არის სიმართლე ან თქვან, რომ ეს იყო ცილისწამება.

– წინა პროკურატურაზე საუბრისას ფიქრობთ, რომ ნაცვლიშვილის ინტერესებში არ შედიოდა ამ საკითხის გამოძიება?

– არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ სახელსა და გვარს. თქვენ ახლა გინდათ, ეს ყველაფერი გვარებსა და სახელებზე გადაიტანოთ. მე სისტემაზე ვსაუბრობ, თქვენ გინდათ, ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს. თქვენ ის უფრო გაინტერესებთ, ვინ აფარებდა ხელს ამ საკითხის გამოძიებას, თუ ის უფრო საინტერესოა, მართლა არის თუ არა პარტიაში ნაციონალების მიერ ჩანერგილი 15-20 აგენტი?

– ბუნებრივია, ვინც ხელს აფარებდა, ისიც დამნაშავეთა რიგებში გადის...

– რასაკვირველია, ამიტომ უნდა გაირკვეს ეს ყველაფერი. თქვენ გამოიძიეთ ის, რატომ არ იძიებდა პროკურატურა ამ საკითხს და თუ ახალი პროკურორიც არ გამოიძიებს, მაშინ ამითაც უნდა დაინტერესდეთ ჟურნალისტები.

– პირველ მოადგილესთან შეხვედრისას კონკრეტული ვადები დასახელდა, როდის მოხდება საკითხის გამოძიება?

– მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა პროკთურორის პირველ მოადგილეს. მან არ იცოდა დეტალები და როცა გაიგო, ძალიან შეწუხდა. თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს საქმის გამოსაძიებლად. მე ამას ვითხოვ იმ დღიდან, როცა აღნიშნული მასალა დაიბეჭდა. თავის დროზე მივმართე კბილაშვილს, შემდეგ წერილობით მივმართე ფარცხალაძეს, ახლა ახალ პროკურორს, ასევე, ამაზე არაერთხელ გავაკეთე განცხადება პარლამენტში, მთავრობის დამტკიცების დღეს მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს. თუ ჩვენ ბრალი მიგვიძღვის რამეში, მაშინ არ გვაქვს უფლება, საერთოდ ხელისუფლებაში ვიყოთ და ქვეყანას ვმართავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულმა პირელმა პასუხი უნდა აგონ. თუ საჭირო იქნება ჩემი დაკითხვა, მზად ვარ, იმუნიტეტსაც დღესვე მოვიხსნი, რომ საქმის გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. ვფიქრობ, უნდა დაიკითხოს ელისო კილაძე. თუ სადმე ჩემი ხელმოწერა აღმოჩნდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ორიგინალ ხელმოწერას და არა ქსეროასლით გადმოღებულს, მზად ვარ, პასუხი ვაგო. როგორ შეიძლება, ასეთი ყალბი დოკუმენტების შემქმნელს პასუხი არ მოეთხოვოს?

– თქვენ პირველივე დღიდან კატეგორიულად ითხოვდით საკითხის გამოძიებას, თქვენთან ერთად დასახელდნენ, ასევე, ირინა იმერლიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი... თუმცა მათი რეაქცია ასეთივე მწვავე არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, ისინი რატომ არ არიან მოწადინებულები, ეს საკითხი გამოიძიონ?

– არ ვიცი, კაცია და ხასიათი, ალბათ. მე სხვანაირი ადამიანი ვარ. ალბათ, ვინმემ ჩათვალა, რომ ასეთ სისულელესა და ასეთ ყბადაღებული სიბინძურეს რეაქცია არ უნდა მოაყოლოს. მე ასე არ ვთვლი. მიმაჩნია, რომ, ერთი ადამიანი თუ მაინც არსებობს, რომელსაც კითხვის ნიშნები დარჩა, უნდა გაეცეს პასუხი. გარდა ამისა, მე პატარა შვილები მყავს. როდესაც ისინი გაიზრდებიან, არ უნდა დახვდეთ პასუხგაუცემელი კითხვები. მე ჩემს შვილებს ჩემს სახელსა და გვარზე ძვირფასს ვერაფერს დავუტოვებ, ამიტომ ჩემთვის ღირსება უპირველესია. ჩემს ღირსებას ვერავის დავუთმობ. ვინც ამ ღირსებას შეეხება, ხელებს მოვამტვრევ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანო და თუ ეს არ მოხდება, იმასაც გამოვიძიებ, ვინ დააფარებს ამ საქმეს ხელს.

– პრემიერის გაჟღერებულ საკითხებსაც მინდა შევეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ ოპოზიციას სიურპრიზები ელის. თუ იცით, რა სიურპრიზებზეა საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როცა არასაპარლამენტო ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა ხელისუფლების ქმედებებით...

– იმ შეთავაზებაში, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებობს, იმდენი რამ არის ჩადებული, რომელიც ოპოზიციამ უნდა დაინახოს. ფაქტია, რომ, ამ მხრივ, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ, დემოკრატიისკენ. რასაც ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას ვითხოვდით სწორედ ახალ ვარიანტშია ჩადებული. რაც შეეხება სიურპრიზებს, ის მაშინ არის სიურპრიზი, როდესაც მოულოდნელად მოხდება გაჟღერება, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება ამ საკითხებზე ახლა საუბარი. საერთოდ, ოპოზიცია თავის დროზე ითხოვდა, რომ საქართველოში ყველა მერი არჩეული ყოფილიყო, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ მერს ვირჩევდით. ახლა საქართველოში თორმეტი მერი იქნება არჩევითი, იგივე ცვლილება შედის გამგებლებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ბარიერის თემა. საერთოდ არ არსებობდა ბარიერი და ახლა გამგებლებზე დაწესდა ბარიერი, მერზე იყო 30%-იანი ბარიერი და აიწია 40%-ზე. სიახლა პარტიების დაფინანსებაშიც. აქამდე მხოლოდ ერთჯერადად ფინანსდებოდნენ. ცვლილებების შედეგად დაფინანსდება ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. სიახლეებზე საუბრის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ცუდია, რომ ოპოზიცია ვერ ხედავს ამ ყველაფერს. კი, ბატონო, ვიკამათოთ ბარიერთან დაკავშირებით და იმაზე, რომელი სჯობია – 40%-იანი თუ 50%-იანი, მაგრამ მანამდე აღიარონ და დაინახონ ეს ცვლილებები... თქვან, რომ ეს კარგია, მადლობა გადაიხადონ... ვერ ხედავენ ამ ყველაფერს და ეს ძალიან ცუდია. მათი მიზანია, საკუთარი სამარცხვინო წაგება სწორედ ცვლილებებს დააბრალონ და თქვან, აი, ჩვენ ამას რომ ვითხოვდით და არ გაკეთდა, ამიტომ წავაგეთო. მე ვერავინ მასწავლის ოპოზიციის ენას, ამიტომ ვურჩევ, გულახდილები იყვნენ. ყველას ძალიან კარგად ვიცნობ, ზოგიერთ მათგანთან ერთად ბევრი ომი მაქვს გამოვლილი და ვთხოვ, აღიარონ, ხმამაღლა თქვან, რამდენი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესობისსკენ და შემდეგ სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ.

– არსებობს იდეა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან კანდიდატს პრაიმერისის საშუალებით გამოავლენს...

– ძალიან კარგი იქნება, თუ საკუთარი ამბიციების გადალახვას შეძლებენ და ერთიან კანდიდატზე შეჯერდებიან. საქართველოს ძალიან სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ მას ძლიერი, სამართლიანი ოპოზიცია არ ეყოლება, ხელისუფლება ნირვანაში ჩავარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი ოპოზიცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის ნიშნებსა და შესაძლებლობებს ვერ ვხედავ. როგორც წესი, ძლიერი მოწინააღმდეგის პირობებში წინასაარჩევნო პერიოდიც ბევრად საინტერესო ხდება ხოლმე.

 


ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016