„ვინსენტე კალდერონზე" შეკრებილმა ფეხბურთის 55 ათასმა ქომაგმა „ატლეტიკო"-„ჩელსის" 90-წუთიან ომს უყურა, საყვარელი გუნდის გამარჯვებით ვერ გაიხარა, თუმცა გულის გასატეხიც არაფერია. ესპანელებმა, მართალია ვერ გაიტანეს, მაგრამ არც გაუშვეს. თითქოს მშრალი ანგარიშით დასრულებული შეხვედრა „ჩელსის" რაღაც უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ იმდენად მცირეს, რომ შანსები ალბათ ისევ 50-50-ზეა. ესპანელებს თავის დაცვა კარგად ეხერხებათ და ეს, ამ სეზონში, არაერთხელ დაამტკიცეს და თუ მათმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, დიეგო კოსტამ „გაისროლა", მაშინ ლონდონელებს ორი ბურთის გატანა მართებთ, ეს კი მათივე კუთვნილი და იჯარით „ატლეტიკოში" გაშვებული ტიბო კურტუას გამო, ძალიან რთული იქნება. განმეორებით მატჩში რა მოხდება, ამას მალე ვნახავთ, ახლა კი, პირველ შეხვედრას დავუბრუნდეთ. „ჩელსი" აშკარად დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობით გამოვიდა და მთელი შეხვედრის მანძილზე თავგანწირვით იბრძოდა, ბოლომდე გაძლო, თუმცა ამ „ომში" ორი ძალიან საჭირო „ჯარისკაცი" დაკარგა - პეტერ ჩეხი და ჯონ ტერი. როგორც გაირკვა ჟოზე მოურინიოს „მეზარბაზნეებიც" ჰყოლია და ტერი-ჩეხის შემცვლელებიც. 41 წლის ავსტრალიელმა მეკარე მარკ შვარცერმა შეუცდომლად ითამაშა, რაშიც ცოტა „ატლეტიკოს" თავდამსხმელებიც დაეხმარნენ, რადგან მათი დარტყმების დიდი უმეტესობა უზუსტო იყო. გამარჯვებული ვერც მწვრთნელთა დუელმა გამოავლინა. დიეგო სიმონეს შეგირდებმა ბურთი „დაიჭირეს", ბევრსაც უტევდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე, პრაქტიკულად არ მისულა.
საბოლოოდ, დაფიქსირდა ანგარიში, რომელიც თითქმის არაფერს ცვლის, თუ არ ჩავთვლით, რომ გუნდებს ორის მაგივრად ერთი შეხვედრა დარჩათ გასამართი და მასპინძელი ამჯერად „ჩელსი" იქნება.