არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის გარემოს დაცვის სამოქალაქო კომიტეტი" ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ლაშა ჩხარტიშვილის განაცხადებით, დაუშვებელია თბილისის პარკებსა და სკვერებში მშენებლობების დაწყება, თუმცა მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამშენებლო პროცესებისთვის ტერიტორიაზე მესრის შემოვლება ამ წუთებში მიმდინარეობს პატარა დიღომში, კომპანია "ჯითი მოტორსის" შენობის უკან, ასევე წავკისი-კოჯრის გზაზეც.
ლაშა ჩხარტიშვილი მთავარ პროკურატურას თხოვს, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთაც ნებართვა გასცეს რეაკრიაციულ ზონებში, პარკებსა და სკვერებში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. ჩხარტიშვილი თბილისის საკრებულოსგან კი ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლდეს ქალაქ თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი, ხოლო შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ იმყოფება 100-მდე პოლიციელი პატარა დიღომში, რომლებიც იცავენ "ჯითი მოტორსის" შენობის უკან მდებარე ტერიტორიაზე წამოწყებულ მშენებლობისთვის მესრის შემოვლებას.