ფეხბურთის მოყვარულთა ერთი ნაწილი უკვე დაუფარავად ამბობს, რომ ე.წ. „ტიკი-ტაკა" „ბარსელონას" და „ბავარიის" შესრულებით ძალიან მოსაბეზრებელია საყურებლად. მეც ამ ნაწილის წევრი გახლავართ და ზუსტად ამის გამო, პირველად ცხოვრებაში, სამეფო კლუბს ვქომაგობდი. გერმანელები ბურთს კი ფლობდნენ, მაგრამ ღირებული საგოლე მომენტი მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შექმნეს: გიოტცე საჯარიმოს ცენტრში მარტო აღმოჩნდა, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ კასილიასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მეკარეა. შეხვედრის შემდეგ გვარდიოლა ამტკიცებდა, მიუხედავად წაგებისა, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ფინალში გასვლის იმედი ახლა უფრო მაქვსო. რა მოეწონა ესპანელს ვერ გეტყვით, იმედი კი, მოგეხსენებათ, ბოლომდე არ უნდა დაკარგო. ესპანელებმა „სწორი" ფეხბურთი დაუპირისპირეს მეტოქეს: ფლანგებიდან სწრაფი გარღვევა, მწვავე ჩაწოდება და საჯარიმოში დასწრებაზე თამაში. მარჯვენა მცველი კალეხონი ჯეროვნად ვერ ეხმარებოდა დი მარიას, აი პორტუგალიურმა წყვილმა კი მარცხენა ფლანგზე გაილაღა. ერთ-ერთი ასეთი შეტევა რონალდო-კოენტრაო-ბენზემა გოლითაც დასრულდა. საერთოდაც კოენტრაო ძალიან აქტიური იყო, რობენსაც გვარიანად ზღუდავდა და შეტევებშიც დროულად ერთვებოდა. ორი ნაღდი მომენტი გააფუჭეს დი მარიამ და რონალდომ, რომელიც გუშინ ჩვეულებრივზე ნაკლებ პროდუქტიული იყო, თუმცა გადამწყვეტ გოლში მონაწილეობა მიიღო.
განმეორებით შეხვედრაში გერმანელებს გოლები სჭირდებათ, ესპანელებს კონტრშეტევაზე თამაში რომ ეხერხებათ, ეს მადრიდშიც დაამტკიცეს. განმეორებითი შეხვედრები ერთ კვირაში გაიმართება და ლისაბონში გასამართი ფინალის მონაწილეთა ვინაობასაც მაშინ გავიგებთ.