კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში რუსმა სამხედროებმა 43 წლის ზაურ მელაძე დააკავეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ზაურ მელაძის და, მაია მელაძე ესაუბრა. მისი თქმით, დაკავება 23 აპრილს, დღის 12 საათზე მოხდა.
„როგორც თანასოფლელმა მითხრა, ჩემი ძმა ყარაფილის საძოვრებზე ძროხებს აძოვებდა. საქონელი გაქცეულა და ჩემი ძმა მათ მოსაბრუნებლად დაედევნა. მავთულხლართები ამ ტერიტორიაზე არ არის, ამიტომ აღმოჩნდა ისეთ ადგილზე, რომელსაც რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ", - ამბობს მაია მელაძე. ოჯახისთვის ამჟამად უცნობია დაკავებულის ადგილსამყოფელი. სავარაუდოდ, ის უკვე ცხინვალში გადაიყვანეს.
აპრილში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს კასპის რაიონიდან ადგილობრივი მოქალაქეები დააკავეს. 12 აპრილს სოფელ საკორინთლოში დაკავებული, 77 წლის გიორგი ანანიაშვილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.