ჩემი ძმის, ნოდარ გრიგალაშვილის გარდაცვალებიდან, 9 მაისს, ორმოცი დღე გადის, 3 მაისს კი მისი დაბადების დღეა. გადავწყვიტე ნოდარის „ფეისბუქზე" ეს წერილი განვათავსო. წერილის დაწყება ძალიან გამიჭირდა, ნოდარზე ფიქრისას ყელში თითქოს ვინმე ხელს მიჭერს, ცრემლი არაფერს მეკითხება ისე მოდის. გამზრდელი ძმის სიკვდილი, საკუთარი სიცოცხლის დასასრულის საკუთარი თვალებითვე დანახვის ტოლფასი ყოფილა.
ჩვენ ობლობაში გავიზარდეთ. მამაჩვენი სრულიად ახალგაზრდა, ქრისტეს ასაკში, 33 წლისა, გარდაიცვალა. მაშინ მე ორ წლამდე, ნოდარი კი ექვსი წლისა ყოფილა. ჩემზე 4 წლით უფროსი ძმა მზრდიდა. ნოდარს ვბაძავდი ყველაფრში. ობლობა კი, როგორც მის ერთ-ერთ ლექსშია ნათქვამი, „გვასწავლიდა ძმობასა და გატანას." ნოდარს წიგნის კითხვის გარეშე არასოდეს დაუძინია. წიგნზე დაძინების ეს ჩვევა მეც სწრაფად ამათვისებინა. მაშინ ყველაზე მაღალ ნიშნად ხუთიანი ითვლებოდა. არც არასოდეს მიუღია სხვა ნიშანი. სოფელ ყვიბისის საშუალო სკოლა ხუთებზე დაამთავრა და ყოველგვარ რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, იმავე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ხუთები მიიღო და ჩაირიცხა. მისი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერიც ხუთიანებისგან შედგებოდა, თუმცა ბოლოს, საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის ხუთიანის სიყვარული.
ჯერ ხუთ ნომერ პარტიას ამოფარებულმა სუბიექტებმა უღალატეს და შემდეგ ნერვიულობით გათანგული ორ ხუთიანს, 55 წელს ვერ გადასცდა, ვერ მიაღწია თავის დაბადების დღემდე, სამ მაისამდე.
ნოდარი ჩემთვის მარტო უფროსი ძმა არ იყო. ის ჩემ მიმართ ყოველთვის მამობრივი მზრუნველობით იყო შემართული. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ჩემთვის დაეყვირა, გაველანძღე ან ჭკუა დაერიგებინა, ნოდარი იყო. ერთხელ ნოდარი ჩვეულ სტილში „მესაუბრებოდა". მე თავდაღუნული ვუსმენდი. ამ ინციდენტს შეესწრო ერთი ყველასთვის ცნობილი პიროვნება, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და თავისი შვილი აუგად მოიხსენია. ძმას კი არა ჩემს შვილს ასე რომ დაველაპარაკო, საცემად გამოიწევსო, ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა. მე იმდენად პატარა ვიყავი მამა როდესაც გარდაიცვალა, რომ ნოდარში ვხედავდი ძმასაც და მამასაც. ალბათ, ამიტომ, მიუხედავად ჩვენს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისა, ის ჩემთვის ძმაც იყო და მამაც. ამიტომ მქონდა ნოდარის მიმართ ის მოკრძალება, რომელიც უფლებას არ მაძლევდა მასთან თანასწორივით მესაუბრა და არ ვყოფილიყავი თავდაღუნული.
ნოდარი გამორჩეული მჭევრმეტყველებით და ორატორულინიჭით იყო დაჯილდოებული.
უყვარდა ქართული სუფრა. მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები არასოდეს მეორდებოდა. თითოეული მისი სადღეგრძელო სუფრის წევრს გარკვეულ ცოდნას სძენდა. უყვარდა პოეტური სადღეგრძელოები. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომლის სადღეგრძელოსაც ყველაზე ცოტა სიტყვას ახმარდა. ჩემს ძმას გაუმარჯოსო, იტყოდა და ჩემზე მეტ სიტყვას ვერ დააცდევინებდი. ზოგჯერ სუფრის წევრები სთხოვდნენ შენ ძმაზე უფრო მეტი თქვიო. მეტი რა უნდა ვთქვა, ის ხომ ჩემი ძმაა და ამით ყველაფერია ნათქვამიაო, პასუხობდა ნოდარი.
ნოდარს სტუდენტობის პერიოდში, ასევე შემდგომში, მრავალი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. ყოველთვის დაძაბული, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი მის საჯარო გამოსვლებს. მეამაყებოდა ჩემი ძმის არსებობა, მეამაყებოდა, რომ მაგარი ძმა მყავდა.
ბოლო თვენახევარი ვხვდებოდი, რომ ახლოვდებოდა ჩემი ძმის სიცოცხლის დასასრული. თითქმის ყოველდღე ღმერთს შევთხოვდი მის გადარჩენას. თავდაპირველად თითქოს შეისმინა უფალმა ჩემი თხოვნა, ნოდარს სახეზე ფერი მოუვიდა, თავს შედარებით კარგად გრძნობდა, მაგრამ 30-31 მარტს მდგომარეობა გაუარესდა და ღმერთმა საბოლოოდ არ შეისმინა ჩემი ვედრება.
რეანიმაციის ექიმი გაკვირვებული იყო, ბევრი წიგნი წამიკითხავს, აქაც მრავალი ადამიანის გარდაცვალება მინახავს, მაგრამ პირველად ვნახე ღიმილით გარდაცვალების ფაქტიო. ექიმმა მიამბო, რომ ნოდარის ჩახველების ხმა გაიგონა, მისულა ნოდართან და უთქვამს, ამოახველეთ ბატონო ნოდარო. ჩემს ძმას გაუცინია და უთქვამს, „მე აწი ვეღარასოდეს ამოვახველებო". და ასე გაღიმებულს დაუხუჭავს თვალები. სახეზე ბოლომდე ჰქონდა შენარჩუნებული შეყინული ღიმილი.
ნოდარმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა - დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როდის წავა კაცი ამ ქვეყნიდან. ზოგი ადრე მიდის, ზოგი გვიან. მთავარია რისი გაკეთება მოასწარიო. ჩემმა ძმამ, გარდა იმისა, რომ მოასწრო და შექმნა პოეზიის უბრწყინვალესი ნიმუშები, ჯერ კიდევ ძალზედ ახალგაზრდობის პერიოდში გამოსცა წიგნად ლექსების კრებული. ამავე პერიოდში, ზუსტად კი 1978 წლის 14 აპრილს, ის იყო ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტების მიტინგისა და მანიფესტაციის მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეული წევრი. ის რედაქტორობდა სახალხო ფრონტის გაზეთს „საქართველო", ხოლო შემდეგ მის მიერვე დაარსებულ გაზეთს „ახალი საქართველო". გამოსცა წიგნები „ჩემი დარდი და ირონია", „სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები" და სხვა. გამოსცა მონოგრაფიები და სხვა მეცნიერული ღირებულების ნაშრომები. განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს მომავალში მისი ორტომეული „თანამდევი სული", რომლის მესამე ტომზე მუშაობდა, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დამთავრება.
ნოდარმა ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება ვერ მოასწრო, თუმცა ისე იცხოვრა, რომ მისი ხანმოკლე სიცოცხლე მრავალ ადამიანს ეყოფოდა ცხოვრების გასალამაზებლად და უფერული სიცოცხლის დასასრულებლად.
ნოდარს გამორჩეულად უყვარდა თავისი სამშობლო, ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში სამშობლოზე მიძღვნილი ლექსი დაამთავრა შემდეგი სიტყვებით: „საქართველოზე ბედნიერს ქართველს, ნუ გახდი ღმერთო". სამშობლოს სიყვარული და თავდადება ნოდარმა ბორჯომში შეიძინა და გაითავისა. იმ ბორჯომში, რომლის შესახებაც წერდა: „თუ საქართველო ტაძარია დაუბზარავი, ბორჯომი არის ძმებო კარი აღსავალისა". ეს სიტყვები მრავალი ბორჯომელისათვის კარგად ნაცნობია, ვინაიდან შემდგომში ნოდარის საარჩევნო პლაკატს ამშვენებდა.
ნოდარმა პირველად 1995 წელს მიიღო მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა. იმ პერიოდში ხელისუფლების შენარჩუნებას აპირებდა ავადგასახსენებელი მოქალაქეთა კავშირი, რომლის კანდიდატი, ბუნებრივია, ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. არჩევნების პერიოდში ნოდარმა შემოიარა მთელი ბორჯომის რაიონი. მოსახლეობასთან დღეში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა.
ნოდარი გაოცებული ბრუნდებოდა რაიონის სოფლებისა თუ ქალაქის მოსახლეობის შეხვედრებიდან. 60 წელს გადაცილებული ბორჯომლები, როცა იგებდნენ რომ ნოდარი, ოთარ გრიგალაშვილის შვილი იყო, ყველა ეფერებოდა ნოდარს და მხარდაჭერას ჰპირდებოდა. მათ არა მხოლოდ ახსოვდათ მამა, არამედ იმ დრომდე თვლიდნენ თავს მამის მეგობრებად. წლებს მეგობრობისთვის ზიანი არ მიუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ მამის გარდაცვალებიდან სამიათეული წელი იყო გასული. ისინი კი 33 წლის ბიჭები კი არა უკვე ხანდაზმული ადამიანები იყვნენ. ის არჩევნები ნოდარს მამის ხსოვნამ მოაგებინა. არჩევნების ღამეს მამისეულ სახლში არც ერთ ძმას არ გვეძინა. დილის საათებში ნოდარი შემეკითხა, გძინავსო. არა, არმეძინებაო - ვუპასუხე. ნოდარი ჩამოჯდა ჩემს საწოლზე და მითხრა - აშკარაა, რომ ხვალ არჩევნებში ხალხი მხარს დამიჭერს და გავიმარჯვებ, მაგრამ შეიძლება გამარჯვება არ ჩამითვალონ და წავაგოო. მე მოქალაქეთა კავშირის ერთი კანდიდატი კი არა, მთელი სახელმწიფო მებრძვის. შეეგუე იმას, რომ მარტო კაცი სახელმწიფოს ვერ დაამარცხებს. სახელმწიფოს ხელშია ყველა ბერკეტი, მათ შორის ხმის დათვლა და საბოლოო შედეგის დადებაო.
ზუსტად ისე მოხდა, როგორც ნოდარმა იწინასწარმეტყველა. ჩვენ სოფელში 1200 ამომრჩევლიდან მხოლოდ 20 ხმა დავკარგეთ. ანალოგიური სიტუაცია იყო მთელ რაიონში. ნოდარის წარმატება იმდენად ნათელი იყო, რომ იძულებულნი იყვნენ მოქალაქეთა კავშირის მესვეურები, გამოეცხადებინა თთითქოს ნოდარმა მხოლოდ სამასი ხმით გაიმარჯვა. მეორე დღეს კი ბორჯომის რაიონის მთიანი სომხური სოფლიდან, სადაც მოსახლეობა მცირე რაოდენობით იყო დარჩენილი, იმდენი ხმა ჩამოიტანეს, რამდენიც სჭირდებოდათ და საბოლოოდ თავისი კანდიდატის გამარჯვება იზეიმეს.
ბორჯომში ძალიან ამაყი და ღირსეული ხალხი ცხოვრობს. ხალხმა შეურაცხყოფად მიიღო მათი არჩევანის ასე უნამუსოდ გაყალბება. 1999 წლისადა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუდზე კაცი გამოვიდა და ბორჯომლებმა სასწაული მოახდინეს. ისე მტკიცედ დაუდგნენ ერთ კაცს გვერდით, რომ ნოდარმა შეძლო მოქალაქეთა კავშირისა და მასთან შეზრდილი სახელმწიფოს დამარცხება. 1999 წლის არჩევნების შემდგომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენა და სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, რისი დასტურიც ბორჯომში ოპოზიციონერ ნოდარ გრიგალაშვილის, ხოლო ისნის რაიონში, ასევე ოპოზიციონერ ყარყარაშვილის გამარჯვება არისო.
ნოდარ გრიგალაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობა ეს იყო ბრძოლა დრომოჭმულ მოქალაქეთა კავშირთან, კორუმპირებულ ხელისუფლებასთან და ბორჯომელების ინტერსების შემლახავ პირებთან. ეროვნული მოძრაობის პერიოდში ხშირად გაიგონებდით თუ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ მარტო ბორჯომის წყალი არჩენს ქვეყანასო.
ნოდარმა აღმოაჩინა, რომ ბორჯომის წყლიდან კორუფციული გარიგებების გამო, არც საქართველოს ბიუჯეტში და არც ბორჯომის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შედიოდა. ნოდარმა ამომრჩეველს არ უღალატა და უარი თქვა შეთავაზებულ სქემაში ჩართვაზე. მისი პრინციპულობის წყალობით ბორჯომის რაიონის ბიუჯეტი 16 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ესოდენ გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა ადგილობრივ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, დაევიწყებინათ გაყინული ხელფასი და პენსიები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პედაგოგების, ექიმების, პენსიონრებისა და ზოგადად ბორჯომლების ყოფა. ზოგიერთმა პენსიონერმა ცხოვრებაში პირველად იხილა ზღვა, სადაც დასასვენებლად გაამგზავრეს. ყველა ოჯახს, სადაც ბავშვები ობლობაში იზრდებოდნენ, მათი მამები კი აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირენ, გადაეცათ ბინები. მრავალ გაჭირვებულ ბორჯომელს აღმოუჩინეს დახმარება. ბევრ ნიჭიერ, მაგრამ უქონელ სტუდენტს მიეცა საშუალება, რომ დაეფარა სწავლის ქირა. თვითონ ობლობაში გაზრდილი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ობოლი ბავშვების პრობლემებს. ობოლი ბავშვებისათვის, რომელ კლასშიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ჩანთები და სახელმძღვანილოები უფასო იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდა მადლიერების ნიშნად დღემდე გულის ჯიბით ატარებს ნოდარის მიერ სასწავლებლის რექტორისათვის მიწერილ წერილს. ამ წერილმა დაამთავრებინა ამ უდავოდ ნიჭიერ კაცს უმაღლესი სასწავლებელი.
ნოდარმა ამ და სხვა მრავალი გაკეთებული საქმით დაამახსოვრა თავი ბორჯომელებს, ამიტომ უყვარდა ხალხს ნოდარი და ჰქონდათ მისი იმედი. ნოდარს კი თამამად დააწერინა შემდეგი სიტყვები: „მე ბორჯომისა და ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატია"-ო.
ნოდარმა მთელი ცხოვრება ოპოზიციაში გაატარა.. 2004 წლიდან სახელმწიფოს უკვე ნაციონალური მოძრაობა მართავდა. ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი ძმა გახლდათ და ბუნებრივია, თავისი დაფუძნებული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლით გახარებული იყო. ნაციონალური მოძრაობის პირობებში ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მაგრამ მოხდა საოცრება. ორივე შემთხვევაში, როგორც 2008 ისე 2012 წელს, ისე მოხდა, რომ პარტიის დამფუძნებელს უარი ეთქვა, როგორც საპარლამეტო სიაში, ასევე მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ვიღაცას ბორჯომში თავისი მერკანტელური ინტერესები ამოძრავებდა. ნოდარის მაჟორიტარობა კი მათ ხელს არ აძლევდა. ამიტომაც დაიბლოკა ორივე შემთხვევაში ნოდარის კანდიდატურა.
ნოდარის გარდაცვალების ფაქტის შეტყობის შემდგომ, წაღვერის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქალბატონმა აზამ, ალბათ, ბორჯომელების უმრავლესობის აზრი გამოხატა, როდესაც დაწერა: „ბატონი ნოდარისთანადგომამგვაგრძნობინა, რომჩვენ, პედაგოგებიც, ადამიანებივიყავითო."
ბორჯომლებში სწორედ ამ ადამიანურობის ჩაკვლას შეეცადნენ შემდგომ წლებში. ნოდარი ამ ყოველივეს ძალიან განიცდიდა. პირში მიახალა სიმართლე ერთ-ერთ ყოფილ „გაღლეტილს". „შენი ბრალია, რომ ბორჯომში, ჩემი დაარსებული პარტიის რაიონული ორგანიზაცია თითქმის გაუქმდა და ხალხს რცხვენია ამ პარტიის წევრობა. სინდისი რომ გქონდეს, პარტიას შენი ნებით უნდა ტოვებდეო." მაგრამ ამ „გაღლეტილს" როგორც ჩანს სინდის-ნამუსი კარგა ხნით ადრე ჰქონდა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული. ჩემი კოლეგების გამოუცდელობის გამო ჯერჯერობით ამ „გაღლეტილს" არც „ნებაყოფლობით" და არც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაუბრუნებია სახელმწიფოსთვის წაღლეტილი ასეულობით მილიონის ქონება თუ მითვისებული თანხები.
ნოდარის დეპუტატობის პერიოდში მისთვის მრავალჯერ მითქვამს, მიხედე მამისეულ სახლს ხომ ხედავ ინგრევა, ან გაარემონტე ან ახალი სახლი ააშენე. მისი პასუხი ყოველთვის ერთნაირი იყო. „მე ბორჯომლებთან ვალში ვარ, სანამ ბორჯომში ამდენი უბინაო ადამიანია, მე არ მაქვს უფლება ბინა მქონდესო".
ნოდარი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ბორჯომში არავითარი საკუთრება არ ქონია. 2010 წელს ბანკიდან სესხი ავიღე და ოთხ თვეში ბორჯომში ძველი სახლის ნაცვლად ახალი ავაშენე. ნოდარი სახლის სანახავად ჩამოვიდა. მანქანიდან გადმოსულმა სახლს შეხედა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. კარგი სახლი აგიშენებია, მამას მოეწონებოდაო, მითხრა.
მთელი ცხოვრება ნოდარი სხვებს ედგა გვერდით, საკუთარი თავისთვის დრო არასოდეს რჩებოდა. გასულ წელს ნოდარს სამკურნალოდ უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა. შესაბამისი თანხა ძმებს არ აღმოგვაჩნდა. სპონსორის პოვნაც გაჭიანურდა. თბილისში, მას შემთხვევით შეხვდა თურქი მეგობარი, რომელიც თურქეთში ნოდარის წიგნის „გიულენის ზნეობრივი გაკვეთილები", განხილვას ესწრებოდა. ნოდარის ეს წიგნი ეძღვნება თურქიმ წერლისა და მოაზროვნის გიულენის შემოქმედებას. თურქმა მეგობარმა ძალიან განიცადა ნოდარის ავადმყოფობის ამბავი. მან უზრუნველყო სტამბულის კლინიკაში მისი ჩასვლის, მკურნალობისა და თბილისში დაბრუნების ყველა ხარჯი.
თბილისში დაბრუნებულმა ჩემმა ძმამ მითხრა, რა უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რამდენი წიგნი დავწერე, მაგრამ საქართველოში სპონსორი ვერ ვიპოვე, თურქი მწერლის შემოქმედებაზე ერთი წიგნი დავწერე და ხედავ, როგორი პატივი მცეს თურქმა მეგობრებმა, იშვიათია ასეთი ყურადღებიანი ხალხიო.
ნოდარის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მინდოდა საზღვარგარეთ მისი წაყვანა. ჩემი მეგობრის მეშვეობით დავუკავშირდი ბატონ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ხელმძღვანელს. ამ ახალგაზრდა კაცს რომ გაუგია ჩემი ძმის ავადმყოფობის ამბავი, ისიც ძალიან შეწუხებულა. შემომითვალა აუცილებლად მოახსენებდა ბიძინას. მან იმედი მომცა, რომ ერთჯერად დახმარებას გამიწევდა. რამდენიმე დღის შემდეგ ფონდის ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ მოახსენა ბატონ ბიძინას, მაგრამ მან დახმარებაზე უარი განაცხადა. თან დამარიგა, კულტურის სამინისტროს აძლევსო ბატონი ბიძინა გარკვეულ თანხებს და კულტურის სამინისტროს მიმართეთო. ბიძინა ივანიშვილი პირადად მიცნობდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან გამიკვირდა მისი შემონათვალი. ის ხომ ადრე ყველა მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ეხმარებოდა. გამიკვირდა, რომ მომაკვდავ მწერალს დახმარებაზე უარი უთხრა. ნოდარს მოვუყევი მომხდარი. მან კატეგორიულად მითხრა - გამორიცხულია, რომ ბიძინა არ დამხმარებოდა, მაგ კაცზე დიდი ქველმოქმედი საქართველოს არა ჰყავს, ეტყობა, შენ მოგატყუეს და არ მოახსენესო. მე ნოდარის ყოველთვის მჯეროდა. ალბათ, ამჯერადაც ის იყო მართალი.
ჩვენ, მე და ნოდარს, განსაკუთრებული ძმობა გვქონდა. არ ვიცი სხვა ძმები როგორ არიან ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ თვალებით ვეფერებოდით. თვალებით ვკითხულობდით ერთმანეთის ამბავს. ნოდარს ბოლო ორ დღეს აშკარად გაუჭირდა, აღარ ვეკითხებოდი როგორ იყო, ვცდილობდი თვალებში ჩამეხედა და ისე გამეგო მისი ჯანმრთელობის ამბავი. ნოდარი თვალებს მარიდებდა. კარგად ვარო, მეუბნებოდა. ვერც დასაფლავების დროს გავბედე სახალხოდ მისი მოფერება.
გადავდგი ნოდარისკენ ორი ნაბიჯი და გავჩერდი. შემრცხვა სახალხოდ ჩემ ძმასთან დამშვიდობება. ჩემი ძმა ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ის ჩემთვის არ შეიძლება მკვდარი იყოს. ის თავისი გარდაცვალებით მართლაც გახდა „უკვდავების თანმდევი სული". როდესაც „გაიხსენებენ წიწამურში მოკლულ ილიას" არ შეიძლება არ გაიხსენონ „თანამდევი სულის" ავტორიც.
მადლობა ყველას, ადამიანთა იმ ურიცხვ ლაშქარს, რომლებსაც ეწყინათ ჩემი ძმის, ნოდარ გრიგალაშვილის, გარდაცვალება. მადლობა იმ უცნობ მრევლს, რომლებიც 5 აპრილს, დილისსაათებში, სიონში სალოცავად შემოსულები, ადამიანური ინტერესით, სასახლეში ჩახედვის შემდეგ, ამოთქვამდნენ, „ბატონი ნოდარი ყოფილაო" და ქვითინით ტოვებდნენ ტაძარს. მადლობა მათ, ვინც ნოდარის გარდაცვალების ტრაგედია რაიმე ფორმით გაიზიარა და გამოხატა მწუხარება.
ძნელი ყოფილა დღეები ძმის გარეშე. ეს წერილი მინდა დავამთავრო ამონარიდით, რომელიც ნოდარ გრიგალაშვილის 2008 წლის ბორჯომის რაიონის მოსახლეობისათვის წარდგენილ ანგარიშში ამოვიკითხე: „ჩემს ხალხს, ვინც რაიონის ბედი 8 წლის მანძილზე მანდო, მინდა ვუთხრა:
„თქვენს დეპუტატს არა თუ სხვა მატერილური სიკეთე, ფიჩხიც არ წაუღია ბორჯომიდან. გაღებით კი ყველაფერი გავიღე, რათა შემექმნა განახლებული ბორჯომი. მაგრამ მთავარი შევიძინე, ამდენი ადამიანის სიყვარული შევიძინე, საგზლად გამყვება აქაც და იქაც. ამისათვის მადლობა თქვენ."
ვალერი გრიგალაშვილი