საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებული საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს გასცდა.
ოდიშარიას ინფორმაციით, 2014 წლის წლის 25 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კომპანია RMG-იმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ემყარება საქართველოს კანონმდებლობას, ითვალისწინებს სახელწმიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებელობას.
მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, გარკვეული წრეების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ირღვევა მემორანდუმით დადგენილი პუნქტები და საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს.
ოდიშარიამ აღნიშნა, რომ პირადად ის და კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი იმყოფებოდნენ საყრდის-ყაჩაღიანის უბანზე.
"ვაცხადებ, რომ არ არის დარღვეული მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. აქვე შევხვდით აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და მუშა- მოსამსახურეებს. ჩვენ შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი. მემორანდუმის თანახმად, საყდრისზე დაკვირვებას აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი. ჩამოდიან საერთაშორისო, მიუკერძოებელი ექსპერტები, რომლებიც მონიტორინგს ჩაუტარებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას. საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს და არაჯანსაღი სახე მიიღო. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში, ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ორგანიზაცია ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას და აშკარად სუბიექტური განწყობით, მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას", -განაცხადა ოდიშარიამ.
განცხადება ოდიშარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.