გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლის სექტემბერში ქართული კულტურის დღეები გაიმართება და ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის მენეჯერმა დავით ცხადაიამ ბრიფინგი გამართეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ ინგოლშტადტში ქართული კულტურის დღეების ჩატარებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან ინგოლშტადტის რეფერენტი გაბრიელ ენგერტი, ინგოლშტადტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი იურგენ კოლერი და ორგანიზაცია „საქართველოს კამერული ორკესტრის მეგობრების წრის" ხელმძღვანელი მანფრედ შუმანი.
ქ. ინგოლშტადტის კამერული ორკესტრის წევრები საქართველოდან ემიგრირებული პროფესიონალი მუსიკოსები არიან, რომლებიც გერმანიაში უკვე 23 წელია, მოღვაწეობენ და საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გააქვთ. ორკესტრი საქართველოს გასულ წელს სტუმრობდა. 2013 წლის 26 ნოემბერს ინგოლშტადტის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კამერული მუსიკის კონცერტი ჩაატარა.
ინგოლშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრს ამჟამად ამერიკელი დირიჟორი ბენიამინ შვარცი დირიჟორობს.